საქართველოში მსოფლიოს კიდევ ერთი წამყვანი ბრენდი, Mercure შემოდის. Mecure თბილისში რიგით მეექვსე საერთაშორისო ბრენდია და იგი 4-ვარსკვლავიან კატეგორიაშია, თუმცა მისი გენერალური მენეჯერი ამ ფაქტს არად დაგიდევთ. ერდოღან შაჰინი მხოლოდ 5-არსკვლავიან სერვისზეა თანახმა.
შეამჩნევდით – როდესაც ტურისტებისთვის, ან უბრალოდ უცხო თვალისთვის, თბილისის მიმზიდველად წარმოჩენას ცდილობენ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს კლდოვანი შემაღლების პანორამული ხედი ყველაზე ძლევამოსილი იარაღია მხატვრებისა თუ რეჟისორების არსენალში: მეტეხის ქიმიდან თითქოს გადმოსახტომად შემართული, ყოფნა-არყოფნის, ანუ აწმყოსა და წარსულის ზღვარზე მდგომი ნაგებობები – აღმოსავლეთით; დასავლეთით კი ვახტანგ გორგასალი, რომელიც საუკუნეების სიღრმიდან გვაძლევს მხედრულ სალამს, როგორც ჯადოსნური მგელი უქნევს ხელს გზაზე მდგომ “ფანტასტიკურ მისტერ ფოქსს” უეს ანდერსონის მულტიპლიკაციურ ფილმში და რამდენიმე წუთით სრულიად ნუსხავს მას.
განურჩევლად იმისა, თბილისელი ხარ თუ არა, შეუძლებელია, გვერდზე ჩავლისას ამ ხედმა წამით არ მოგწყვიტოს ჩვეულ რუტინას, თუნდაც უკან ფსიქოპათი მონადირეები მოგდევდნენ ან, უბრალოდ, აგვიანებდე. მეც ასე დამემართა და გავცდი დანიშნულების ადგილს – სასტუმრო Mercure-ს, სადაც მისი გენერალური მენეჯერისგან, ერდოღან შაჰინისგან ინტერვიუ უნდა ამეღო. თუმცა უკან, აბანოთუბანში მობრუნებულმა ყურადღების გაფანტვის სხვა მიზეზიც თვალნათლივ დავინახე: სასტუმრო მხოლოდ ივნისიდან გაიხსნება, უახლესია და, შესაბამისად, მისკენ მიმავალი ცვლილებას ველოდი კარგად ნაცნობ ლანდშაფტში, მაგრამ ძველი თბილისის გული ისევ ისეთი ძველი დამხვდა – მზერამ ახალი ვერაფერი გამოიჭირა – მით უმეტეს ნაგებობა. ამან იმდენადვე დამაბნია, რამდენადაც გამახარა.
“მშენებლობის პროცესი ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა იყო, – მითხრა მოგვიანებით ერდოღან შაჰინმა, – საკუთარი თავისთვის უფლება არ მიგვიცია, ისტორიული უბნის მოხაზულობით გვეთამაშა. ჩვენ არ შეგვიცვლია შენობა, უბრალოდ განვაახლეთ ის. ძალიან ძნელია, როდესაც სასტუმროსთვის მთელ დაგეგმარებაში არ მონაწილეობ, როცა თავად არ ანაწილებ სივრცეს. თუმცა შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩით. ისტორიულ იერთან ადაპტირებული, მშვენიერი შენობაა. მშენებელი კომპანია პროფესიონალურად მიუდგა საქმეს და ჩვენც, მენეჯმენტის მხარემაც, ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში”.
გორგასლის 9-ში მდებარე სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town, რომელიც დღე-დღეზე პირველ სტუმრებს მიიღებს, ფრანგულ Accor Group-ში შემავალი ბრენდია. 108-ნომრიანი შენობის ფასადსა და ინტერიერზე Maqro Construction-მა იმუშავა. Accor-ი მსოფლიოში სასტუმროების წამყვანი ოპერატორი და ევროპის ბაზრის აბსოლუტური ლიდერია. მისი პორტფოლიო 3,65 ათასამდე სასტუმროს მოიცავს. Forbes-ის მონაცემებით, Accor-ის კაპიტალიზაცია 2014 წელს € 8,7 მილიარდს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ბიუჯეტურიდან – განსაკუთრებით ძვირად ღირებულამდე სასტუმროების ვრცელ დიაპაზონს ფარავს, შემოსავლების უდიდესი წილი საშუალო კლასის სასტუმროებზე მოდის – კატეგორიაზე, რომელსაც Mercure-იც მიეკუთვნება.
თავად Mercure 711 სასტუმროთი 54 ქვეყანაშია წარმოდგენილი. “ხალხთან და ადგილებთან ჰარმონიაში” – ამბობს ბრენდის სლოგანი და ამ ლაკონიური ფრაზით ზუსტად აღწერს შთაბეჭდილებას, რომელიც სასტუმრომ და მისმა მმართველმა ჩემზე დატოვეს.
გენერალური მენეჯერი მთელი ინტერვიუს განმავლობაში, თითქმის ყველა წინადადებაში ახსენებდა ადამიანებს და მათთან ურთიერთობის მნიშვნელობას წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის. მის ინგლისურს მკაფიო აღმოსავლური აქცენტი დაჰკრავს, საქმეზე გულითადი ენთუზიაზმით საუბრობს, თუმცა ჟესტიკულაციაში ძუნწია. ეგზოტიკური შიბოლეთისა და აუღელვებლობის ამგვარი ნაზავი ყოველ მის ფრაზას მეტ დამაჯერებლობას სძენს. მშობლიურ ენაზე მოსაუბრეთათვის დამახასიათებელი მზა ენობრივი კლიშეებით არ ამბობს სათქმელს და ამიტომ მსმენელისთვის აშკარაა, მისი თითოეული სიტყვა იმ მომენტშივეა გააზრებული. დღის შუქით დატბორილი მისაღების სავარძელში კომფორტულად მოკალათებული ერდოღან შაჰინის ტონში ცვლილება მხოლოდ მაშინ შეიმჩნევა, როდესაც საუბარი ოტელიერის პროფესიის მახასიათებლებს ეხება. ამ დროს მისი მოცინარი თვალები უფრო წვრილი, ღიმილი კი უფრო ფართო ხდება. თვალებში მიყურებს, მხოლოდ იშვიათად გადააქვს მზერა ხედზე, ჩემ უკან მდებარე ვიტრაჟის მიღმა. ამ პაუზებში ჩანს, რომ თავადაც სიამოვნებას იღებს მის განკარგულებაში მყოფ სასტუმროში მოსვენებით.
“აჰ, როდესაც ამ საქმეს აკეთებ, მას მთლიანად უნდა გრძნობდე. უნდა გსიამოვნებდეს, რადგან ჩვენი ბიზნესი ხალხთანაა დაკავშირებული. თუ ადამიანებთან პროდუქტიული ურთიერთობა გინდა, მაშინ მათ გული უნდა გაუღო და მთელი ყურადღება დაუთმო. თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ ოტელიერი ვერ იქნები. ძალა ურთიერთობაშია”, – ამბობს Mercure-ის გენერალური მენეჯერი.
მისი ბიოგრაფიის გაცნობისას ნათელი ხდება, თუ რატომ მიიჩნევს იგი უმაღლესი ხარისხის სერვისსა და კლიენტებთან უშუალო ურთიერთობას ამ ინდუსტრიაში წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად. მას, მსოფლიოში გაფანტული ბევრი წარმატებული კოლეგისგან განსხვავებით, მომსახურების სფეროს ინსაიდერული ხედვა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ერდოღან შაჰინის გამოცდილება ბევრი გენერალური მენეჯერისთვის მიუღწეველია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს დაჰყოფენ ისინი აღმასრულებელ პოზიციაზე, ან მსოფლიოს რომელ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ისწავლიან ამ საქმეს. მიზეზი მარტივია. 20 წლის წინ, Mercure Tbilisi-ის გენერალური მენეჯერის კარიერა ყველაზე დაბალი, პორტიეს თანამდებობით დაიწყო. მან ძირიდან კენწერომდე გზა სრულად გაიარა და ამიტომ კლიენტებთან ურთიერთობის სპეციფიკის უნიკალური პრაქტიკა აქვს გავლილი. “სერტიფიკატები საკმარისი არ არის, – ამბობს იგი, – ჩვენს ბიზნესში უმთავრესი გამოცდილებაა”. ხოლო კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა კარიერულ კიბეზე ასე დაწინაურება და მომსახურების სფეროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოცდილების დაგროვება, მპასუხობს: “ყოველთვის უნდა გქონდეს მოკლე- და გრძელვადიანი გეგმები. უნდა იბრძოლო ამ გეგმების მისაღწევად. ყველაზე მნიშვნელოვანია, გიყვარდეს საკუთარი საქმე, ვითარდებოდე და საქმეს სიამოვნებით ეკიდებოდე. ვფიქრობ, ეს მოდელი მხოლოდ ჩვენს ბიზნესზე არ ვრცელდება. ყველა ბიზნესს აქვს საზიარო თავისებურებები. ჩემი სამსახური – ჩემი ცხოვრებაა”.
1995 წლიდან მან რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა სასტუმროში განსხვავებულ თანამდებობებზე იმუშავა – თურქეთში, გერმანიაში, ყაზახეთში. ბოლო გაჩერება რუსეთი იყო, სადაც 2008-2014 Wyndham Hotels Group-ის ეკატერინბურგში მდებარე ხუთვარსკვლავიანი Ramada-ს გენერალური მენეჯერი გახლდათ. Mercure Tbilisi, რომელსაც იგი დღეს ხელმძღვანელობს, 4-ვარსკვლავიან კატეგორიაშია, მაგრამ ვარსკვლავების რაოდენობას მხოლოდ ნომინალური დატვირთვა აქვს, როდესაც საქმე სერვისს ეხება და მას მომსახურების ხარისხისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მქონე მენეჯერი, ერდოღან შაჰინი განაგებს. “კლიენტისთვის ძალიან ხელსაყრელია, როდესაც 4-ვარსკვლავიან სასტუმროში 5-ვარსკვლავიან მომსახურებას იღებს. ნაკლებზე არ ვართ თანახმა, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევა ვიქნებით ბაზრისთვის. რიგით მეექვსე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ვართ თბილისში, მაგრამ თბილისი დიდი ქალაქია და სამომავლოდ აქ მეტი საერთაშორისო ბრენდი შემოვა”, – ამბობს გენერალური მენეჯერი.
თუკი რიცხვებს შევხედავთ, მივხვდებით, რომ ერდოღან შაჰინს მხოლოდ ოპტიმიზმი არ ალაპარაკებს. საქართველოში ბიზნესის ერთ- ერთი ყველაზე წარმატებული სექტორი –კომერციული უძრავი ქონების დეველოპმენტი – გორდიას ნასკვითაა მიბმული ტურიზმის სფეროზე. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში საერთაშორისო სტუმრების ზრდის ტემპი, გლობალური ზრდის ტემპთან შედარებით, გაცილებით მაღალი იყო. ტრენდმა პიკს 2012 წელს მიაღწია, როდესაც უცხოელი ვიზიტორების წლიურმა ზრდამ 57% შეადგინა. სადღეისოდ საქართველოში ინტერნაციონალური ვიზიტორების ზრდის ტემპი გლობალურ ნიშნულთანაა გათანაბრებული, მაგრამ მიუხედავად ბოლო დროს ტურისტების რაოდენობის შემცირებისა, საქართველოს წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობაზე მეტი უცხოელი მაინც სტუმრობს და, შესაბამისად, მოთხოვნა დასარჩენ ადგილებზე იზრდება, განსაკუთრებით – საშუალო კლასის სასტუმროებზე.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასული წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 1,2 ათასამდე სასტუმრო ერთეული იყო, 40 ათასამდე საწოლის ტევადობით. აქედან ყველაზე მეტი აჭარაში შეინიშნებოდა – 251, ხოლო დედაქალაქი მეორე ადგილს იკავებდა – მხოლოდ 150-მდე სასტუმრო ერთეულითა და 7000-მდე საწოლის ტევადობით. KPMG-ის კვლევით, არასეზონურ პერიოდშიც კი ოთახების საერთო რაოდენობის მინიმუმ 56,7% დაკავებულია, ხოლო სეზონზე (ივლისი-აგვისტო-სექტემბერი) ეს მაჩვენებელი 87%-ს აღწევს.
საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობა (37%) დასვენებისა და რეკრეაციული მიზნით ჩამოდის და მათი უდიდესი ნაწილი (43%) დასარჩენად სასტუმროს ანიჭებს უპირატესობას. შემდეგ კი უკვე კერძო სახლები (34%) და ჰოსტელები (10%) მოდის.
KPMG-ის 2015 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონკრეტულად თბილისში სასტუმროებზე მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი ლოკაციაა, სტუმართათვის აგრეთვე მნიშვნელოვანია სასტუმროს საერთაშორისოდ აღიარებული სახელი და ფასი. ძველი ქალაქის ცენტრში განლაგებული 5-ვარსკვლავიანი სერვისის, თუმცა 4 ვარსკვლავისა და, შესაბამისად, უფრო დაბალი ფასის მქონე, მსოფლიოს წამყვანი ბრენდი Mercure ზუსტადაა მორგებული არსებულ მოთხოვნილებას.
Mercure საშუალო კლასის სასტუმროთა ბრენდია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს ლოკალურ ღირსშესანიშნაობებთან აზავებს. “ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ლოკალურ მომენტებს, – ამბობს გენერალური მენეჯერი, – Mercure-ის პროექტისთვის ადგილობრივი სულიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წამყვანი საერთაშორისო სტანდარტი. ეს შესამჩნევია ჩვენს ინტერიერში, საჭმლისა და სასმელების მენიუში. სტუმრებმა ბოლომდე უნდა შეიგრძნონ ადგილი, სადაც ისვენებენ და ამავდროულად ისიც, რომ მათზე საერთაშორისო ბრენდი ზრუნავს”.
Mercure Tbilisi Old Town-ის ფერები, აქცენტები, არომატებიც კი სტუმრებს ქვეყნის თავისებურებების აღქმაში ეხმარება. დეკორატიული მოტივები, თბილი ტექსტურები და ლოკალური ელემენტები ინტერიერის დიზაინში გემოვნებით არის შეზავებული, რათა წარმოჩნდეს ის, რაც ყველაზე მიმზიდველია ძველ თბილისში. ოთახები ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ აქვთ ერთი, გამოკვეთილი გამაერთიანებელი ხაზი – თანამედროვე მიდგომა კომფორტისა და ესთეტიზმის მიმართ. “ოთახების 5 კატეგორია გვაქვს – 30 კვ.მ. ფართობის სტანდარტული ერთადგილიანი და ორადგილიანი ოთახები, ლუქსები, ასევე შედარებით მდიდრული, ე.წ. Privileged Deluxe და 80-კვ.მეტრიანი საპრეზიდენტო აპარტამენტი”, – მიხსნის ერდოღან შაჰინი. Mercure-ში აგრეთვე არის საუკეთესოდ აღჭურვილი, 40 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სპა-ცენტრი, ფიტნესის ოთახი და საუნა, რომლით სარგებლობაც სტუმართათვის უფასოა. გარდა ამისა, სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი და ლობი- ბარი და, რაც მთავარია, ბოლო სართულზე განლაგებული SKY7 Terrace Lounge & Bar-ი, სადაც სტუმრები არა მხოლოდ უგემრიელეს ადგილობრივ კერძებს, არამედ ქალაქის ყველაზე შესანიშნავ ხედებსაც იგემებენ.
ერდოღან შაჰინი დარწმუნებულია, რომ Mercure-ის შემოსვლა თბილისის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. მისი გამოცდილებით, სტუმრები უცხო ქალაქებში ყოველთვის ინტერნაციონალურ, მათთვის კარგად ნაცნობ ბრენდებში დარჩენას ამჯობინებენ, ეს კი ადგილობრივ ბრენდებს აიძულებს, სტანდარტი მაქსიმალურად მიუახლოონ საერთაშორისოს: “როდესაც ქალაქში ბევრი საერთაშორისო ბრენდია, ადგილობრივი სასტუმროებიც მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ სერვისს, რათა კონკურენციის გაწევა შეძლონ. ამიტომ საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ყოველთვის გამოწვევაა ყველასთვის. ჩვენ რიგით მეექვსე საერთაშორისო ბრენდი ვართ თბილისში და ვიმედოვნებ, ჩვენს შემდეგ მეტი საერთაშორისო ბრენდი შემოვა, რაც ჩვენი გაუმჯობესების წინაპირობაცაა. კონკურენცია ყოველთვის ხელსაყრელია, განსაკუთრებით – სტუმრებისთვის”.
ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა გასწიოს მეტი ძალისხმევა ისედაც უშრეტი ენთუზიაზმის მქონე გენერალურმა მენეჯერმა და 75-მა ადამიანმა, რომლებიც მას ექვემდებარებიან. ისინი კვირაში 6 დღეს, დღეში 12 საათს მუშაობენ და შედეგიც აშკარაა: Mercure-მა ერთ წელიწადში მოახერხა სტუმრებისთვის კარის გახსნა, მაშინ როდესაც ამ სტანდარტის ახალი სასტუმროს აშენებასა და ქმედით რეჟიმში მოყვანას საშუალოდ 2-3 წელი სჭირდება. “ახლა მეტწილად დრო სამზადისზე, ტრენინგებსა და კანონ-მდებლობაზე გვეხარჯება, – ამბობს ერდოღან შაჰინი, – გახსნის შემდეგ კი მომსახურების განვითარებაზე, სტუმრებთან კონტაქტსა და გაყიდვებზე გადავიტანთ აქცენტს”. შრომა ორმაგად მძიმეა, როცა იცის, სახლში ოთხი თვის ბიჭუნა ელოდება, მაგრამ საკუთარი საქმის სიყვარული და შრომის ხელშესახები შედეგი ტვირთს უმსუბუქებს. “ოტელიერებმა იციან: თუ საკუთარი საქმისგან სიამოვნებას არ იღებ, წარმატებას ვერ მიაღწევ. ამიტომ ყველა წარმატებული ოტელიერი საკუთარი საქმის ფანია”, – ამატებს იგი.
შრომას იმ ქვეყნისადმი ინტერესიც უადვილებს, რომელიც, სულ რამდენიმე კვირაში, უცხოელ სტუმრებს უნდა შეაყვაროს, რათა ისინი მუდმივ კლიენტურად იქცნენ: “აქ ჩამოსვლამდე გარკვეული განწყობები მქონდა, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. საქართველო, მოსახლეობის თვალსაზრისით, პატარა ქვეყანაა, მაგრამ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც მას გავეცანი. იგი თანამედროვე, ევროპული ტიპის, სწრაფად განვითარებადი სახელმწიფოა. აქ ჩვენი ბიზნესისთვის უდიდესი პოტენციალია. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში მიწევს მუშაობა და ძალას არ დავიშურებ აქ სასტუმროების ბიზნესის მეტად განსავითარებლად”, – ამბობს ერდოღან შაჰინი. ინტერვიუ მხოლოდ 20 წუთს გაგრძელდა, მაგრამ გენერალური მენეჯერისთვის ესეც ძალიან ბევრია. დროა, საქმეს დაუბრუნდეს – 15 ივნისამდე, თბილისში მსოფლიოს გამორჩეული ბრენდის, Mercure-ის სასტუმროს კარის გახსნამდე, სულ რამდენიმე დღეღა რჩება. ერდოღან შაჰინმა უნდა შეძლოს, რომ თავად გახდეს ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მეხუთე ვარსკვლავი.
დატოვე კომენტარი