MB&F-ის ხელმძღვანელი მაქსიმილიან ბიუსერი ამტკიცებს, რომ სფეროში, რომელიც ოსტატებს დიდი კორპორაციებისკენ უბიძგებს, მცირე მასშტაბში გაბედულად მოქმედებაც შესაძლოა, ძალიან მოგებიანი იყოს.
1998-ში სამკაულების ცნობილმა მწარმოებელმა Harry Winston-მა საათების კრიზისში მყოფი განყოფილების ხელმძღვანელად Jaeger-LeCoultre-ის პროდუქტების 31 წლის მენეჯერი გადმოიბირა. შვიდ წელიწადში მაქსიმილიან ბიუსერმა შემოსავალი $8 მილიონიდან $80 მილიონამდე გაზარდა. საათების წამყვან შვეიცარიელ დამოუკიდებელ მწარმოებლებთან პარტნიორობით მან დროის საზომი ულტრართული ხელსაწყოების სერია Opus-ი შეიქმნა და ინდუსტრიაში განსაკუთრებული პატივისცემაც მოიპოვა. წარმატებული მენეჯერის წასახალისებლად, Winston-მა ბიუსერს ახალი, ხელგაშლილი კონტრაქტი შესთავაზა, რასაც მაქსიმილიანმა… კომპანიის დატოვებით უპასუხა.
დაბრკოლება კონტრაქტში შეტანილი კონკურენტობის გამომრიცხავი პუნქტი აღმოჩნდა, რომელიც საკუთარი ბრენდის დაარსების ბიუსერისეულ ოცნებას ეწინააღმდეგებოდა. მაქსიმილიანს ჯერ საკმარისი დანაზოგი არ ჰქონდა – 900,000 შვეიცარიული ფრანკი (დაახლოებით $700,000) საბანკო ანგარიშზე მშვიდი სტარტისთვის საკმარისი არ იყო. მაგრამ ახალმა კონტრაქტმა მოქმედებების დაჩქარებისკენ უბიძგა და ბიუსერმა კომპანია დატოვა. 2005 წლის 25 ივნისს მან MB&F-ი – Maximilian Buesser & Friends-ი – დააარსა, გარისკა და საკუთარი დანაზოგი პირველი საათის შესაქმნელად დახარჯა.
ბიუსერს თავიდანვე არაორაზროვანი გეგმები ჰქონდა – შემოქმედებითიც და ფინანსურიც. მან ორივეს დასახულ დროში, კომპანიის დაარსებიდან ათ წელიწადში მიაღწია. შემოქმედებითად, ჩანაფიქრი იყო “ტრადიციული მესაათეობის დეკონსტრუქცია და გადაწყობა კინეტიკურ ხელოვნებად, რომელსაც დროის ჩვენებაც შეუძლია”. ფინანსურად, მისი მიზანი იყო 15-კაციანი გუნდით წელიწადში 300 საათის (სტიმპანკის სტილში შესრულებული ხელსაწყოების, რომლებშიც ხშირად ბიუსერის ბავშვობის საი-ფაი ფანტაზიების ანარეკლი იკითხება) წარმოება და $16.9 მილიონის შემოსავალი.
თანამშრომლების რაოდენობა, რომელიც ბიუსერმა ცოტა ხნის წინ 20-ით შემოფარგლა, მისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო, რომელმაც წარმოებისა და შემოსავლის მიზნებიც განსაზღვრა. 2014-ში MB&F-მა 279 საათი გაყიდა და $16 მილიონის შემოსავალი მიიღო. კომპანიას, რომელმაც დანახარჯი მესამე წელიწადში ამოიღო და რეგულარულად ახდენს მოგების რეინვესტირებას, ამჟამად მთლიანი მოგების 35%-იანი მარჟა აქვს.
“ასეთ მცირე გუნდში საშუალო რგოლის მენეჯმენტი საჭირო არაა, – დაკვირვებას გვიზიარებს ბიუსერი. – მჯერა, რომ საშუალო რგოლის მენეჯმენტი შემოქმედების ერთ-ერთი უდიდესი მტერია, რადგანაც მისი როლი განტოლებიდან რისკის ამოღებაა”.
საშუალო რგოლის მენეჯერების ნაცვლად, ბიუსერს “მეგობრები” ჰყავს. სწორედ ეს მეგობრები იღებენ პასუხისმგებლობას მისი ჩანაფიქრების მიხედვით საათების შექმნასა და მისი ჰოროლოგიური ოცნებების განხორციელებაზე. ასეთი მეგობრები, რომლებიც ბიუსერმა Harry Winston- ში შეიძინა – მესაათე ლორან ბესი და დიზაინერი ერიკ ჟირუ – დათანხმდნენ, მისი პირველი “ჰოროლოგიური მანქანის”, HM1-ის შექმნაში წინასწარი გადახდის გარეშე დახმარებოდნენ (მან და ჟირუმ მხოლოდ დიზაინზე 300 საათი დახარჯეს). რეალიზატორებთან მეგობრობამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა: ხუთი რეალიზატორი პირველი 25 საათის შესყიდვას მხოლოდ ხელით მოხატულ პლასტიკურ მოდელებზე დაყრდნობით დათანხმდა. მათ გასაყიდი ფასის, $150,000-ის 35% წინასწარ გადაიხადეს. ეს იმის მიუხედავად გააკეთეს, რომ რადიკალურ საათს, რომელიც ბუსა და ბინოკლის ნაჯვარს ჰგავდა, “არაგაყიდვადი” უწოდეს. წინასწარ ჩადებულმა ფულმა ბიუსერს რთული გზის გავლა შეაძლებინა და მესამე წლისთვის MB&F-ს $2 მილიონის შემოსავალი ჰქონდა.
მეათე წლისთავისთვის კომპანიამ HM6 Space Pirate-ი შექმნა – ბიომორფული საათი ოთხი გუმბათიანი ციფერბლატითა და მფრინავი ტურბიონით შუაში (დედამიწის მიზიდულობის ეფექტის დამბალანსებელი მექანიზმი). ბიუსერი ამბობს, რომ ეს $230,000-იანი ხელსაწყო ყველაზე თამამია მის კარიერაში, თუმცა მოკრძალებული იმ კონცეფციებთან შედარებით, რაც 2022-ისთვის აქვს გადადებული. “ჩვენს კლიენტებს აქვთ მოლოდინი, რომ გავაოცებთ, – ამბობს ბიუსერი. – ჩვენი უდიდესი რისკი ამჟამად შოკის ვერგამოწვევაა”.
დატოვე კომენტარი