Meta გამოსახულების შექმნის „ადამიანის შესაძლებლობების მსგავს“ AI-მოდელს უშვებს

Meta გამოსახულების შექმნის „ადამიანის შესაძლებლობების მსგავს“ AI-მოდელს უშვებს

Meta Platforms-ი მკვლევართათვის „ადამიანის შესაძლებლობების მსგავსი“ ხელოვნური ინტელექტის მოდელის კომპონენტებზე წვდომას უზრუნველყოფს. კომპანიის განცხადებით, ახალ AI-მოდელს დაუსრულებელი ფოტოების ანალიზი და სრულყოფა არსებულ მოდელებზე ზუსტად შეეძლება.

Meta-ს მიერ შემუშავებული ახალი მოდელი, სახელწოდებით I-JEPA, გამოსახულების დაკარგული ნაწილის აღსადგენად, არა სხვა AI-გენერაციული მოდელების მსგავსად, მხოლოდ ახლო მდებარე პიქსელების ანალიზს, არამედ ზოგადად არსებულ ცოდნას დაეყრდნობა. აღნიშნული მიდგომა ადამიანისთვის დამახასიათებელი მსჯელობის მსგავსია და მას Meta-ს წამყვანი მეცნიერი იან ლეკუნი ხელმძღვანელობს. ახალი ტექნიკის საშუალებით, I-JEPA მომხმარებელს თავიდან აარიდებს ისეთ გავრცელებულ შეცდომებს, როგორიც, მაგალითად, ხელებზე დამატებითი თითების არსებობაა.

საინტერესოა, რომ Meta თავის ლაბორატორიაში შემუშავებულ AI-კვლევებს ხშირად ასაჯაროებს. ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მათი მკვლევრების მიერ შემუშავებული მოდელების გაზიარება ინოვაციების წახალისებას, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოვლენასა და ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს.

უახლოეს პერიოდში Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანია გენერაციული AI-ფუნქციების გამოყენებას სამომხმარებლო პროდუქტებშიც დაიწყებს. მაგალითად, ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე, სარეკლამო მექანიზმში სურათისთვის ფონის, ხოლო Instagram-ის პროდუქტში მომხმარებლის ფოტოს შეცვლა იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში Meta-ს აღმასრულებლებმა უარი განაცხადეს ხელი მოეწერათ განცხადებისთვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტიდან მომდინარე საფრთხეს ომებისა და პანდემიების დონის რისკებთან ათანაბრებდა. დოკუმენტის მხარდამჭერებს შორის არიან ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის: OpenAI, DeepMind-ი, Microsoft-ი და Google-ი.