Meta Platforms-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა საკონფერენციო ზარის დროს ანალიტიკოსებს განუცხადა, რომ ვინაიდან კომპანიის გეგმებში AI-ზე ფოკუსირება შედის, ეს საინვესტიციო კონვერტს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამის შემდეგ კი Meta-ს პროდუქტებზე – მეტავერსზე, VR-სათვალეებსა და ოპერაციულ სისტემაზე ისაუბრა, რომელთა განვითარებაც ასევე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის საუბრის დიდი ნაწილი Meta-ს გასავალს დაეთმო, ამან ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა. შედეგად, ოთხშაბათს, გახანგრძლივებულ ვაჭრობაში, კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 19%-ით შემცირდა.
გუშინ Meta-ს აქციების ღირებულების შემცირების ფონზე კომპანიამ 200 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა. ამან Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანიის ღირებულება 1 ტრილიონ აშშ დოლარამდე შეამცირა. აქვე გეტყვით, რომ მოცემული დროისთვის, Meta საბაზრო კაპიტალიზაციით მე-7 ადგილს იკავებს.
ბოლო ჩავარდნის მიუხედავად, Meta-ს აქციების ფასი 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ კომპანიის აქციების ღირებულებამ აპრილის საწყის რიცხვებში რეკორდულ $527,34-ს მიაღწია. გასული წლის განმავლობაში კი Meta-ს აქციების ფასი თითქმის სამჯერ გაიზარდა.