11 იანვარს Meta-ს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრად DoorDash Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ტონი სუ (Tony Xu) აირჩიეს. წარსულში Facebook-ის, ამჟამად კი Meta-ს დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ტონის უდიდესი გამოცდილება აქვს საკვების ინდუსტრიაში საქმიანობის. მას საკუთარი კარიერის განმავლობაში ასიათასობით რესტორანსა და კვების ობიექტთან უთანამშრომლია.
ტონი სუს ტექინდუსტრიაშიც უდიდესი გამოცდილება აქვს. მისი კარიერა უდიდესი ტექკომპანიის მართვას გულისხმობდა და მას კომერციულ ბაზარზე უამრავ გამოწვევასთან უწევდა ბრძოლა. Meta-ს თანამშრომლები მისგან მეტავერსულ სამყაროში დიდი გამოცდილების მიღებას ელიან.
როგორც აღვნიშნეთ, ტონი სუ DoorDash-ის აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი 2013 წლის მაისიდან გახლდათ. DoorDash-ის საბჭოს თავმჯდომარედ კი 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა. მას განათლება კალიფორნიის უნივერსიტეტში, ინდუსტრიული ინჟინერიის დარგში აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ კომპანიის მიერ სახელის გადარქმევასთან ერთად, Meta-ს მიზნებიც შეიცვალა. თუკი 2004 წელს Facebook-ის დაარსების მიზანი ადამიანებისათვის საკომუნიკაციო საშუალების მიცემა იყო, ამჟამად საქმე სხვა რეალობასთან გვაქვს. Facebook-მა, Messenger-მა, Instagram-მა და WhatsApp-მა ადამიანების ცხოვრება ნამდვილად გაამარტივა. თუმცა, Meta-ს მიზანი ამჟამად 2-D სამყაროდან მეტავერსულ განზომილებაში გადანაცვლებაა.
დატოვე კომენტარი