დეველოპერულ ბაზარზე “მეტრას” 12-წლიანი პოზიციონირების მონაგარი სამი დასრულებული და ერთი მიმდინარე პროექტია. 2015 წლიდან კომპანიამ კრიზის-მენეჯერის როლიც მოირგო და შეჩერებულ პროექტს ჩაუდგა სათავეში, რომლის რეაბილიტაციის ბიუჯეტი $11 000 000-ს შეადგენდა.
ქართულ დეველოპერულ ბაზარზე “მეტრა დეველოპმენტი” 2007 წლიდან ოპერირებს. თავიდანვე გადაწყდა, შექმნილიყო კომპანია, რომელიც ადამიანებს გამორჩეულ საცხოვრებელ გარემოს შესთავაზებდა და განუწყვეტლივ იზრუნებდა მათ მყუდროებასა და სიმშვიდეზე. “მეტრას” გუნდს 2014 წლიდან სათავეში ნატალია გლინსკაია უდგას, რომელიც მანამდე სამი წელი კომპანიაში ფინანსურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა, უფრო ადრე კი დეველოპერული კომპანია Bagebey City Group-ის ფინანსური მენეჯერი იყო. სწორედ ამ კომპანიასთან პარტნიორობით დაასრულა “მეტრა დეველოპმენტმა” 2007 წლიდან 2014 წლამდე ორი საცხოვრებელი პროექტი ჭავჭავაძის გამზირზე. დეველოპერულ ინდუსტრიაში პირველივე ნაბიჯების გადადგმიდან “მეტრას” გუნდს გააზრებული ჰქონდა, რომ მათ არა მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსების შენება, არამედ პოტენციური მობინადრეებისთვის ცხოვრების ახალი წესის შეთავაზება სურდათ. ყველაზე უკეთ ამ ფილოსოფიის ხორცშესხმა კომპანიამ მაინც “მეტრა პარკის” ფარგლებში მოახერხა, რომელიც, მენეჯმენტის აზრით, მათი ბიზნესპორტფოლიოს გამორჩეული პროექტი და გარკვეულწილად სავიზიტო ბარათია.
2014 წელს “მეტრას” ჯგუფს უკვე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სწორედ კომპლექსური ტიპის დასახლებები იყო ის, რაც სჭირდებოდა თანამედროვე თბილისს და მის მცხოვრებლებს. 2015 წლიდან კომპანია სათავეში ჩაუდგა ბაგებში მრავალსახლიანი საცხოვრებელი კომპლექსის, “მეტრა პარკის”, დასრულება-განვითარებას. 2007 წლიდან პროექტს “იბერია უძრავი ქონება” ახორციელებდა, თუმცა 2008 წლის შემდგომი კრიზისული პერიოდის გამო კომპლექსის მშენებლობა შეჩერდა. გაყიდული ბინების მფლობელები რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდებოდნენ კუთვნილი ბინების ჩაბარებას და მათ შორის იყო “მეტრა დეველოპმენტის” დამფუძნებელიც. ერთი მხრივ, პირადი მიზეზით, თუმცა ამავდროულად საინტერესო პროექტისა და გამოწვევებისადმი სწრაფვის გამო გადაწყდა, რომ “მეტრა დეველოპმენტი” გადაიბარებდა ზემოაღნიშნული კომპლექსის ფარგლებში არსებულ ვალდებულებებს. ასე დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი, რომლის ბიუჯეტიც $11 000 000-ს შეადგენდა, პროექტის საწყისი ინვესტიცია კი $5000 000 იყო.
“მეტრას” გუნდში ახლაც მიაჩნიათ, რომ თბილისის ცენტრთან მდებარე მრავალსახლიანი საცხოვრებელი კომპლექსი იყო და არის სახე იმ იდეისა, რომელიც ზუსტად გამოხატავს მათ წარმოდგენას სრულყოფილ სახლთან დაკავშირებით – გამორჩეული არქიტექტურის, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდი გარემო ქალაქის ცენტრთან ახლოს. “მეტრა დეველოპმენტის” გუნდმა 5.6 ჰა ტერიტორია ჯამში 17 დაუსრულებელი კორპუსით გადმოიბარა. კომპანიის მენეჯმენტის აზრით, მისია არც ისე იოლი იყო.” მეტრა პარკი” უნდა ყოფილიყო კომპანიის ზოგადი ფილოსოფიისა და ინოვაციური ხედვის ნაწილი, თუმცა ამავდროულად უნდა გაჩენილიყო ახალი პარადიგმა, რის საშუალებასაც ტერიტორიის მასშტაბი და კომპლექსის საინტერესო ლოკაცია იძლეოდა. ფინანსური დანახარჯები ბევრად აჭარბებდა ციფრებს, რომლებიც რეაბილიტაციის საწყის ეტაპზე განისაზღვრა, თუმცა კომპანიაში დღემდე გარკვეული სიამაყის საბაბია ის, რომ დაახლოებით 100 ოჯახზე მეტმა, რომლებიც წინამორბედი დეველოპერისგან ბინას ელოდებოდნენ, უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი სივრცე უმოკლეს დროში მიიღო.
რეაბილიტაციის შემდგომ ფაზაში “მეტრა პარკის” კომპლექსს კიდევ ორი საცხოვრებელი კორპუსი შეემატა, რომელთა მშენებლობაც კომპანიას $3 000 000 დაუჯდა. ამ ეტაპზე “მეტრა პარკის” დასახლება 19 დასრულებული საცხოვრებელი სახლისგან შედგება. კომპლექსი უკვე დასრულების ფაზაშია და დარჩენილი სამი სახლის მშენებლობის შემდეგ ის საბოლოო სახეს მიიღებს.
ზუსტად ერთი წლის წინ კომპანიამ თავისი ახალი სლოგანი დაამტკიცა – “აქ შენი ახალი ისტორიის დასაწყისია”, რაც, მათივე განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ შექმნან ისეთი პროდუქტი, რომელიც აქ გადმოსული ადამიანების ახლებურ ცხოვრებას დაუდებს დასაბამს, ახლებურ ცხოვრებაში კი ქალაქის ხმაურისა და სტრესული გარემოსგან შორს ცხოვრებაც იგულისხმება. მხოლოდ 2018 წელს “მეტრა პარკის” ინფრასტრუქტურული განვითარების ბიუჯეტმა 350,000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კომპლექსში ფუნქციონირებს “მეტრას” საექსპლუატაციო კომპანია, რომელიც ზრუნავს გარემოზე, დასუფთავებაზე, გამწვანებასა და მცხოვრებლების უსაფრთხოებაზე.
“მეტრა დეველოპმენტის” მესვეურების გაცხადებული პოლიტიკის მიხედვით, ყოველი ახალი პროექტის დაწყებას წინ საფუძვლიანი კვლევა უნდა უძღოდეს. ძირითადი აქცენტი, ცხადია, კეთდება გეოლოგიურ კვლევაზე, რომელიც კომპანიის მიერ ყოველი ახალი პროექტის შემთხვევაში უზრუნველყოფილია.
იდეა, რომ 21-ე საუკუნეში საცხოვრებელი კომპლექსები გამწვანებული და ჯანსაღი უნდა იყოს, სიახლეს დიდი ხანია, აღარ წარმოადგენს, რაც ამავდროულად გარკვეულ წესად იქცა “მეტრა დეველოპმენტისთვისაც”, რადგან, თუ “მეტრა პარკის” მაგალითს განვიხილავთ, ტერიტორიის 75% გამწვანებას ეთმობა და მხოლოდ 25 პროცენტზეა განთავსებული საცხოვრებელი კორპუსები. მხოლოდ 2018 წელს “მეტრა პარკში” კომპანიის მიერ გამწვანებაზე 55 000 ლარი, სკვერების მოწყობაზე 150 000 ლარი, ხოლო სტადიონის მოწყობაზე 145 000 ლარი დაიხარჯა.
წლებთან ერთად, ცხადია, იზრდება კომპანიის სტანდარტებიცა და ამბიციებიც, რისი გამოძახილიც ე.წ. ზედა ზოლია, რომელიც “მეტრა პარკს” მომავალი ორი წლის განმავლობაში შეემატება. პროექტი დამუშავების პროცესშია და მისთვის $5 600 000–ია განსაზღვრული. ზედა ზოლთან დაკავშირებით უკვე არსებობს დენდრო– პროექტიც, რომელიც მის პარალელურად უნდა განხორციელდეს, 2-3 ჰექტარზე კი მხოლოდ სარეკრეაციო ზონა იქნება, რომელზეც “მეტრა დეველოპმენტი” იშვიათი და ძვირად ღირებული ხე-ნარგავების დარგვას გეგმავს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ “მეტრა დეველოპმენტის” მიერ დაგეგმილი მომავალი მშენებლობა გამორჩეულია როგორც არქიტექტურით, ასევე ადგილმდებარეობით, რადგან ის ბაგებს გადმოჰყურებს. მესამე ზოლის პროექტზე კომპანია “თიმ არქიტექტურის” არქიტექტორებმა ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა და ოუვენ ელვერდინგმა იმუშავეს, მშენებლობისა და დაგეგმარების პროცესში კი ჩართულია ლანდშაფტის დიზაინერიც, რომელიც გამწვანებისა და მოსასვენებელი ადგილების მოწყობაზე ზრუნავს, რათა პროექტი მთლიანობაში ჰარმონიულად განვითარდეს.
“მეტრა დეველოპმენტი”, როგორც ბიზნესი, დღეს მზარდია და ამას ციფრებიც ადასტურებს. ერთი მხრივ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველწლიურად გაყიდული ბინების რაოდენობა 40-დან 60-მდეა გაზრდილი, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ყოველწლიურად მზარდია არსებული დეველოპერული საქმიანობიდან მიღებული მოგებაც. აღნიშნული ზრდა გარკვეულწილად გამოწვეულია იმ საფასო პოლიტიკითაც, რომელიც “მეტრა დეველოპმენტს” ბოლო ორი წლის განმავლობაში აქვს, კერძოდ, კომპანია ეტაპობრივად upper medium–სეგმენტიდან lower Premium–კლასში ინაცვლებს და, შესაბამისად, საკუთარი პროდუქტის ფასსაც ზრდის. შეიძლება ითქვას, რომ კომპანია დღეს საშუალო და პრემიალური ფასის ზღვარზეა, რაც კვადრატულ მეტრზე 1200$-ით განისაზღვრება, ხოლო რაც შეეხება ახალ, ზედა ზოლის მშენებლობას, აქ ფასი $1100-1600-მდე იმერყევებს, რაც, როგორც “მეტრა დეველოპმენტში” ამბობენ, მათ პროდუქტს პრემიალურ კლასს მიაკუთვნებს. 2017-დან 2019 წლამდე პერიოდში “მეტრა დეველოპმენტის”, კერძოდ კი “მეტრა პარკის”, როგორც მიმდინარე პროექტის, ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა, რაც ბაზარმა, როგორც ჩანს, საკმაოდ დადებითად მიიღო. კომპანიაში ამბობენ, რომ ფასების ზრდას მათი მომხმარებელი კომერციული თვალსაზრისით სტრატეგიულად უყურებს, ისინი არც ისე მცირე თანხას აბანდებენ, თუმცა იციან, რომ წლებთან ერთად მათ შენაძენს ფასი უფრო და უფრო ემატება.
ერთ–ერთი ფაქტორი, რითაც კომპანია “მეტრა დეველოპმენტი” საკმაოდ კონკურენტულ დეველოპერულ ბაზარზე, ასე ვთქვათ, მოგებიან პოზიციაზეა, არის ლოკაცია, რომელსაც ის ირჩევს პროექტის განსავითარებლად. ბაგების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ის იდეალურად ეხმიანება თანამედროვე ადამიანის სტანდარტულ მოთხოვნებს, სტრესული დღის შემდეგ დაისვენოს სახლში, რომელიც ქალაქის ცენტრიდან ძალიან მოშორებით არ არის, თუმცა ამის მიუხედავად ჯანსაღ და მყუდრო ადგილასაა აშენებული. ასეთი ჯანსაღი და, კომპანიის წარმომადგენლების აზრით, კონკურენტული გარემოს შექმნას “მეტრა დეველოპმენტი” ისევ აპირებს, ოღონდ ამჯერად არა მხოლოდ თბილისში, არამედ გუდაურშიც. ასეთია მომავალი ორი–სამი წლის გეგმა, თუმცა მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსის მიმართულებით არა. საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ “მეტრა დეველოპმენტმა” უკვე დაიწყო ბუტიკური ტიპის სასტუმროს მშენებლობა, რომელიც ძველ თბილისში იქნება განთავსებული და, როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, იდეალურად შეერწყმება ძველი თბილისის გარემოს.
დატოვე კომენტარი