პოპკულტურაში, როგორც იქნა, წარსულს ბარდება ტექნოლოგიური დამფუძნებლის სტერეოტიპი, რომელიც მხოლოდ სილიკონის ველიდან აღმოცენებულ, თავზე კაპიუშონგადაფარებულ კომპიუტერულ ჰაკერს გულისხმობდა. ტექნოლოგიურ სფეროში CEO-ს არსებული იმიჯი მთლიანად იმსხვრევა მაშინ, როდესაც ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში მერედიტ პერი, ჯესიკა მეტიუ და მელონი უაიზი თავიანთ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს აშენებენ.
და მაინც, კომპანია Trill-ის დამფუძნებელი კეტლინ სტეტსონი ყველასაგან გამორჩეულია. მისი გამორჩეულობა თვალში მოგხვდებათ ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე შეიტყობთ მისი მაგისტრის ხარისხის შესახებ საოპერო ხელოვნებასა და არქიტექტურულ აკუსტიკაში (მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესადმინისტრირების დარგში). გაატარეთ მასთან სულ რაღაც ათი წუთი და თქვენ გაიგებთ მის ხედვას თანამედროვე საზოგადოებაში საშემსრულებლო ხელოვნების როლთან დაკავშირებით, და იმასაც, თუ როგორ აპირებს იგი თავისი ტექნოლოგიის მეშვეობით უზრუნველყოს ამ ხელოვნების დარგის მტკიცე და ძლიერი მომავალი.
კრისტინა უოლასი: რატომ გადაწყვიტეთ კომპანია Trill- ის დაფუძნება? რა პრობლემის გადაჭრას ცდილობდით Trill-ის მეშვეობით?
კეტლინ სტეტსონი: ხელოვნება ჩემი ცხოვრების უდიდესი გატაცებაა, ხოლო Trill-ის შექმნას საფუძვლად უდევს ხელოვნებასთან დაკავშირებული ჩემი პირადი ორი იმედგაცრუება:
1. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ვიდრე Trill-ს შევქმნიდით, ძალიან ძნელი იყო იმის გარკვევა, თუ რომელი კონცერტი, წარმოდგენა ან გამოფენა იმართებოდა უქმეებზე ჩვენ ახლომახლო. მთელი რიგი გასაოცარი მიზეზების გამო ხელოვნების ინდუსტრიას გამორჩა 2000-იან წლებში დაწყებული საძიებო აპლიკაციების ბუმი, რომლითაც თითქმის ყველა დანარჩენმა ინდუსტრიამ ისარგებლა. შესაბამისად, ხელოვნების დარგს არ ჰქონდა
ისეთი საძიებო მექანიზმები, როგორიცაა კინოთეატრების საიტი fandango.com, ან სასტუმროების საძიებო საიტი hotels.com. უკვე წლებია, რაც ჩვენ Rotten Tomatoes-ის მსგავსი საიტიდან წამებში შეგვიძლია გავარკვიოთ, რომელი ფილმები გადის ჩვენი ქალაქის ყველა კინოთეატრში, მაგრამ Trill-ის შექმნამდე უამრავი სხვადასხვა საიტი და აპლიკაცია მჭირდებოდა იმისათვის, რომ გამერკვია, თუ რა სახის კულტურული ღონისძიებები იმართებოდა ჩემ ახლომახლო.
2. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა წარსულში ლაივში მიმდინარე ღონისძიებების ერთად თავმოყრა, არის ის გასაოცარი რეალობა, რომ ნებისმიერ უქმეებზე ყველა დიდ ქალაქში ასობით დიდი და პატარა ღონისძიება ტარდება, და ეს ღონისძიებები მუდმივად იცვლება. თქვენთვის საინტერესო მოვლენების საპოვნელად, თქვენ ძებნა და უამრავი სხვადასხვა ვარიანტიდან არჩევა გიწევთ. კურატორობა ალგორითმებისა და გემოვნებათა დახარისხების მიხედვით არასაკმარისად პერსონალური და არადამაკმაყოფილებელი გამოდგა. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ადამიანები თავიანთ შეზღუდულ თავისუფალ დროს მიდიან იმ კულტურულ ღონისძიებებზე, რომელთა შესახებაც მათ რეკომენდაცია მეგობრებისაგან მიიღეს. Trill-ის დახმარებით მეგობრები უფრო ადვილად უზიარებენ ერთმანეთს ხელოვნებასთან დაკავშირებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს.
კრისტინა უოლასი: განათლებით ხელოვნებათმცოდნე, როგორ აღმოჩნდით ტექნოლოგიისა და მეწარმეობის სფეროში?
კეტლინ სტეტსონი: როდესაც აკუსტიკურ კონსულტანტად ვმუშაობდი და არქიტექტორებს ვეხმარებოდი მუსიკალური სცენის დიზაინის შექმნაში, მე უკვე მქონდა მაგისტრის ხარისხი საოპერო შესრულებასა და არქიტექტურულ აკუსტიკაში. იმ დროს, ცოტა არ იყოს, აბსურდულად მეჩვენებოდა MIT-ში ჩაბარება და მაგისტრის ხარისხის მიღება ბიზნესადმინისტრირების განხრით, მაგრამ ამავდროულად ძალიან მინდოდა ხელოვნების ინდუსტრიაში ცვლილების შეტანა. ჩემი ცოდნისა და უნარების მაქსიმალურად გამოყენება მინდოდა და ვხვდებოდი, რომ ამის განხორციელება ისეთი კომპანიის დაარსებას ნიშნავდა, რომელიც ტექნოლოგიის დახმარებით ხელოვნების ინდუსტრიას წინ წასწევდა. MIT-ში ძალიან დიდი მხარდაჭერა და წახალისება მივიღე Trill-ის შესაქმნელად. ამავდროულად უნივერსიტეტში სწავლისას სხვა სტუდენტებთან ერთად დავაარსე Hacking Arts-ი. ეს არის ჩვენი ქვეყნის მასშტაბით პირველი ფესტივალების ჰაკათონი, რომელიც იკვლევს ხელოვნების, ტექნოლოგიისა და მეწარმეობის ურთიერთკავშირს. წელს ჩვენს ჰაკათონს ოთხი წელი შეუსრულდა. ყოველ წელს მას უძღვება მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც შედიან სტუდენტები ბოსტონში მდებარე ყველა სასწავლებლიდან. მე ვარ ამ ჰაკათონის ძალიან ამაყი ‘დედა’”.
კრისტინა უოლასი: რა გასწავლათ Trill-ის პილოტირებამ და რატომ გადაწყვიტეთ გაფართოება სხვა ქალაქებშიც?
კეტლინ სტეტსონი: ჩვენ ვაშენებთ ხელოვნების მოყვარულთა მსოფლიო საზოგადოებას, რომელიც შეასრულებს შუამავლის როლს Instagram-ის მეშვეობით ფოტოების ან Twitter-ზე 140 სიმბოლოს გაზიარებით. ჩვენ მივხვდით, რომ ისევე, როგორც ყველა სფეროს საზოგადოება, ჩვენი ხელოვნების საზოგადოებაც საჭიროებს სათანადო მოვლასა და ზრუნვას. თითოეული ასეთი საზოგადოება არის დამოუკიდებელი ორგანიზმი. მეთოდი, რომელიც შთაგონებას ან მოტივაციას წარმოადგენს სხვა ციფრული საზოგადოებისათვის, შესაძლოა სულაც არ გამოდგეს ჩვენს საზოგადოებაში.
თავდაპირველად ჩვენ ვარჩიეთ ლოს-ანჯელესში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში მუშაობა, რადგან ამ ქალაქებში გამორჩეულად მზარდი და აქტიური ხელოვნების სცენებია. მაგრამ ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთ კიდევ უამრავ ქალაქში იმდენი საინტერესო რამ ხდება ხელოვნების მიმართულებით, რომ ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი არეალის გაფართოებას.
კრისტინა უოლასი: რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი? რა არის თქვენი მომდევნო დიდი ხედვა, რომლისკენაც მიისწრაფვით?
კეტლინ სტეტსონი: უამრავი ადამიანის მსგავსად ჩვენც გვჯერა, რომ ხელოვნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ხელოვნების დახმარებით გაურკვევლობის, შიშისა და განშორების პირისპირ აღმოჩენილი ადამიანები, მიუხედავად მათი წარმომავლობისა და სოციალური სტატუსისა, ახერხებენ თავიანთი გრძნობების გამოხატვას და უკეთ ესმით როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების. Trill-ის დახმარებით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ შთაგონების წყაროდ ვიქცევით ხელოვნების მოყვარული საზოგადოებისთვის, რომელსაც ხელოვნების მხარდაჭერა სურს როგორც სიტყვით, ასევე ქმედებით. ჩვენი სურვილია, რომ ამ ადამიანებმა Trill-ში აღმოაჩინონ ის დადებითი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგსა და დისკუსიას. 20
დატოვე კომენტარი