გერმანელი მკვლევრების განცხადებით, მათ კოვიდვაქცინით გამოწვეული თანამდევი მოვლენის, თრომბის „თავსატეხი“ გადაჭრეს. მათი თქმით, თრომბის წარმოქმნა ადენოვირუს-ვექტორითაა გამოწვეული, თუმცა მისი გამოსწორება შესაძლებელია. აღნიშნული AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ადენოვირუსები შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ვირუსული ვექტორები ვაქცინებში. მათ მოცემული ვაქცინის ინგრედიენტები უჯრედებში გადააქვთ. AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინების შემთხვევაში, ადენოვირუსი გენეტიკურად დამუშავდა, რათა ადამიანის უჯრედები დაიცვას კორონავირუსისგან. მის ზედაპირზე ჩაშენდა SARS-CoV-2-ის (კოვიდის გამომწვევი ვირუსი) გენური მონაკვეთი, S-spike პროტეინის მაკოდირებელი გენი. აღსანიშნავია, რომ Spike-ცილები იწვევს იმუნურ რეაქციას და ადამიანის ორგანიზმს კორონავირუსის ამოცნობის საშუალებას აძლევს, თუ მას ვირუსი შეხვდება. ასევე, Johnson & Johnson-ის ვაქცინა შეიცავს ადამიანის ადენოვირუსს, სახელწოდებით Ad26.
გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორმა, როლფ მარშალეკმა განაცხადა, რომ თრომბის გამომწვევი მიზეზი spike-პროტეინის უჯრედის ბირთვში მოხვედრაა, ნაცვლად იმისა, რომ ის ციტოზოლის სითხეში მოხვდეს. პროფესორის განცხადებით, უჯრედის ბირთვში მოხვედრილი spike-პროტეინი 10000-იდან ერთ შემთხვევაში სისხლის შედედებას იწვევს, რაც ფატალურად სრულდება.
გაერთიანებულ სამეფოში 33 მილიონი ადამიანიდან, რომლებიც AstraZeneca-თი აიცრნენ, 56 ადამიანი გარდაიცვალა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ათეულობით ქვეყანას AstraZeneca-ს გამოყენება სწორედ ამ მიზეზით ჰქონდა შეჩერებული.
ცნობისთვის, mRNA-ზე დაფუძნებული ვაქცინების შემთხვევაში, როგორიცაა BioNTech / Pfizer და Moderna, spike პროტეინი ბირთვში არ ხვდება. აქედან გამომდინარე, როლფ მარშალეკი აცხადებს, რომ არსებობს გამოსავალი, რაც გენის თანამიმდევრობის შეცვლას გულისხმობს ვაქცინებში.
Johnson & Johnson-ი მარშალეკის ლაბორატორიას ვაქცინის ადაპტაციისათვის უკვე დაუკავშირდა. მიუხედავად ამისა, მარშალეკის თეორიის დასამტკიცებლად, დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო, რომელზეც მეცნიერები მუშაობენ.
დატოვე კომენტარი