ისრაელში მდებარე ვეიცმანის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონის მთლიანი მოდელი სპერმატოზოიდის, კვერცხუჯრედისა და საშვილოსნოს გარეშე გაზარდეს. მკვლევართა განმარტებით, მათ ამისთვის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შექმნილი მოდელი ადამიანის 14 დღის ემბრიონის რეალური ნიმუშია.
აღსანიშნავია, რომ ემბრიონის მოდელი გამოყოფდა ჰორმონებს, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში ორსულობის ტესტი დადებით შედეგს აჩვენებს.
ვეიცმანის ინსტიტუტის მეცნიერებმა კვლევის შესახებ ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს. მასში მკვლევართა გუნდი მიღწევას ლაბორატორიაში შექმნილი ემბრიონის პირველ „სრულ“ მოდელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელში ყველა ის საკვანძო სტრუქტურაა გამეორებული, რომელიც ადრეულ ემბრიონში წარმოიქმნება.
მკვლევართა განცხადებით, სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის ნაცვლად, საწყისი მასალა ღეროვანი უჯრედები იყო, რომლებიც ხელახლა დაპროგრამდა ორგანიზმში ნებისმიერი ტიპის ქსოვილად გადაქცევის პოტენციალის მისაღებად. ამის შემდეგ მეცნიერებმა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს, რომელთა დახმარებითაც ღეროვანი უჯრედების ოთხი ტიპის უჯრედად გარდაქმნა შეძლეს – ამ უჯრედებს ადამიანის ემბრიონი განვითარების ადრეულ სტადიებზე შეიცავს.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს ემბრიონის მოდელის განვითარების ნება დართეს იმ სტადიამდე, რომელსაც ბუნებრივი ემბრიონი განაყოფიერებიდან მე-14 დღეს აღწევს. ბევრ ქვეყანაში ემბრიონის კვლევებისთვის ლეგალურ ზღვარს სწორედ ეს პერიოდი წარმოადგენს.
ემბრიონის მოდელები მეცნიერებს საშუალებას მისცემს ახსნან, თუ როგორ წარმოიქმნება სხვადასხვა ტიპის უჯრედი, დააკვირდნენ სხეულში ორგანოების ფორმირების პროცესს და მემკვიდრეობითი ან გენეტიკური დაავადებების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ.