Nature Publishing-ის სამეცნიერო ჟურნალ „Scientific Reports“-ში ახლახან გამოქვეყნებულმა ნაშრომმა ცხადყო, რომ წყნარი ოკეანის სიღრმეებში უპრეცედენტო რაოდენობის ვერცხლისწყალია აკუმულირებული.
კვლევა, რომელშიც ჩართული არიან დანიელი, კანადელი, გერმანელი და იაპონელი მეცნიერები, ნათელს ფენს დედამიწის ყველაზე რთულად მისადგომ ტერიტორიაზე, წყნარ ოკეანეში, წყალქვეშ 8-დან 10კმ-მდე სიღრმეზე არსებული ვერცხლისწყლის მოცულობას.
კვლევის წამყვანმა ავტორმა, პროფესორმა ჰამედ სანეიმ განაცხადა, რომ ამ ადგილებში აღმოჩენილი ვერცხლისწყლის ოდენობა აღემატება საზღვაო დანალექებში ოდესმე დაფიქსირებულ ნებისმიერ რაოდენობას და უფრო მეტიც, იმ ტერიტორიების მაჩვენებლებსაც კი, რომლებიც პირდაპირ ბინძურდება სამრეწველო ნარჩენებით.
„ცუდი ამბავი ის არის, რომ ვერცხლისწყლის ასეთი მაღალი დონე შეიძლება წარმოადგენდეს მისი მზარდი ანთროპოგენური ემისიის მაჩვენებელს,- თქვა პროფესორმა სანეიმ. – კარგი ამბავი კი ის არის, რომ ოკეანის სიღრმეები მუდმივმოქმედ ნაგავსაყრელს წარმოადგენს – დედამიწის ფენები ამ ნალექს ღრმად ჩაატარებს მანტიაში და იქ დამარხავს მრავალი მილიონი წლით“.
„მიუხედავად იმისა, რომ ბიოსფეროდან ვერცხლისწყლის ამოღება მიმდინარეობს, მაინც საგანგაშო რჩება ოკეანის სიღრმეებში დარჩენილი ვერცხლისწყლის რაოდენობა, რაც რეალურად ჩვენი ოკეანეების სიჯანსაღის ინდიკატორადაც შეიძლება ჩავთვალოთ“.
ანგარიშის თანაავტორი და ბუნებრივი რესურსების მკვლევარი, პიტერ ოტრიჯი ამბობს, რომ „ამ კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ვერცხლისწყლის ციკლის, ანუ ვერცხლისწყლის გლობალური გარემოდან ოკეანის ღრმა ნალექებში გადატანის ნამდვილი სიჩქარის შესახებ არსებული ცოდნის ხარვეზების გასწორებას“. მისი თქმით, მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ოკეანის სიღრმეებში არსებული ნალექი არის ვერცხლისწყლის დაგროვების „ცხელი წერტილები“ და რომ ამ პროცესის სიჩქარე გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
საბოლოო ჯამში, ეს კვლევა აუმჯობესებს ვერცხლისწყლის გლობალური გარემოს მოდელებს და დაბინძურების მართვის პროცესს.
დატოვე კომენტარი