თურქეთში დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობა ბოლო ოთხ თვეში შემცირებულია, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული მანქანების გაყიდვები კი გაზრდილია. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
მიზეზი იმისა, რომ დიზელის საწვავზე მომუშავე მანქანების რაოდენობა თურქეთში ბოლო პერიოდში შემცირდა, ალბათ ნაწილობრივ მწარმოებლების მიერ ასეთი ავტომობილების ბაზრისთვის შეთავაზების შემცირებაა.
როგორც საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ელიან, დროთა განმავლობაში თურქეთში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჰიბრიდული ავტომობილებისა და ელექტრომობილების გაყიდვები გაიზრდება, რაც ეტაპობრივად ჩააანაცვლებს დიზელზე და ბენზინზე მომუშავე მანქანებს.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში გაყიდვებით ჯერ კიდევ ლიდერობს საწვავზე მომუშავე მანქანები, კერძოდ, ამ პერიოდში თურქეთში გაიყიდა 131 463 მსგავსი მანქანა, დიზელზე მომუშავე მანქანები გაყიდვებით მეორე ადგილზეა – ოთხ თვეში 48 417 მსგავსი მანქანა გაიყიდა.
ამასთან, ჰიბრიდული მანქანების გაყიდვებმა 15 101-ს მიაღწია, თხევად გაზზე მომუშავე მანქანების გაყიდვებმა 9 414 შეადგინა, ხოლო ელექტრომობილების რაოდენობამ – 444. ეს მონაცემები იმას ნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით ჰიბრიდული მანქანების გაყიდვები თურქეთში 293.9%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტრომობილების გაყიდვები – 286.1%-ით. შეიძლება დავასკვნათ, რომ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული მანქანების გაყიდვები იზრდება, თუმცა, მათი წილი საერთო გაყიდვებში კვლავ დაბალია.
დატოვე კომენტარი