Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნახევარგამტარების მწარმოებელი Micron-ი აშშ-ის კომერციული დეპარტამენტისაგან ჩიპების ადგილობრივი ქარხნის პროექტებში დასახმარებლად გრანტის სახით $6 მილიარდს მიიღებს. მედიასააგენტოს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალური მომავალ კვირას გახდება.
აშშ-ის მთავრობა აღნიშნულ გრანტს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივის, CHIPS-ის აქტის საფუძველზე გასცემს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ნახევარგამტარების პროექტების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აქტის დაფინანსების მოცულობა რეკორდული $100 მილიარდია, რაც სხვადასხვა ჩიპების მწარმოებელზე გრანტების, სუბსიდიებისა თუ სხვა სახით განაწილდება. საბოლოო მიზანი ადგილობრივ ბაზარზე ნახევარგამტარების საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესება და წარმოების მოცულობის ზრდაა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 50,000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.
CHIPS-ის აქტის ფარგლებში ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა რამდენიმე გრანტი. ცოტა ხნის წინ ჯო ბაიდენმა Intel-ისათვის გამოყოფილი $20 მილიარდის მოცულობის გრანტისა და სესხის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, $1.5 მილიარდის მოცულობის გრანტი მიიღო GlobalFoundries-მაც.
აშშ-ის მთავრობის მიზანი ნახევარგამტარების ინდუსტრიაში ჩინეთსა და ტაივანზე დამოკიდებულების შემცირებაა. აშშ-ის წილი ნახევარგამტარების გლობალურ წარმოებაში 1990 წელს 37%-დან 2020 წელს 12%-მდე შემცირდა.