მედიასააგენტო The Information-ის ინფორმაციით, ამერიკული ტექგიგანტი Microsoft-ი და მის მიერ მხარდაჭერილი სტარტაპი OpenAI უმსხვილესი მონაცემთა ცენტრის პროექტზე მუშაობენ, რომლის ღირებულებაც $100 მილიარდი იქნება. როგორც ირკვევა, მონაცემთა ცენტრი ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერით, Stargate-ით იქნება აღჭურვილი. პროექტის განხორციელება 2028 წლისთვისაა დაგეგმილი.
ბოლო პერიოდში AI-ტექნოლოგიის სწრაფმა განვითარებამ, კომპლექსური დავალებების შესასრულებლად, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა. სწორედ ამ მოთხოვნაზე საპასუხოდ, OpenAI და Microsoft-ი სუპერკომპიუტერების შექმნაზე ერთობლივად მუშაობენ. The Information-ის ინფორმაციით, პროექტს სრულად Microsoft-ი დააფინანსებს.
პროექტი რამდენიმე ფაზას ითვალისწინებს. ზემოთ აღნიშნული Stargate-ი დასკვნით, მეხუთე ფაზას წარმოადგენს. მანამდე Microsoft-ი OpenAI-სთვის მეოთხე ფაზის სუპერკომპიუტერის შექმნას გეგმავს, რომელიც 2026 წლამდე უნდა გაეშვას. ამჟამად კომპანიები სუპერკომპიუტერების შექმნის მესამე ფაზაში იმყოფებიან. მომდევნო ორი ფაზის წარმატებაში კი გადამწყვეტ როლს მოწინავე ტექნოლოგიების მქონე მიკროჩიპები ითამაშებს.
ასეთი ჩიპების ღირებულება კი საკმაოდ მაღალია. მაგალითისთვის, Nvidia-ს უახლესი ჩიპის მოდელი, Blackwell-B200, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიისთვისაა განკუთვნილი, $30,000-დან $40,000-მდე ღირს.