გამონაბოლქვის შემცირების მსოფლიო რბოლაში თვითმფრინავების მწვანე საწვავი ერთ-ერთ გარდამტეხ პროდუქტს წარმოადგენს. ჩიკაგოში დაფუძნებული სტარტაპი LanzaJet-ი სწორედ ასეთ მწვანე საწვავს აწარმოებს, რომელიც ტრადიციულს ჩაანაცვლებს და ამავდროულად უკვე არსებულ საჰაერო ინდუსტრიის ინფრასტრუქტურასთანაც თავსებადობაში იქნება.
2020 წელს დაარსებულ სტარტაპს ჯერჯერობით შემოსავალი არა აქვს, თუმცა სანაცვლოდ, მისი დაფინანსების სურვილი არაერთმა კომპანიამ გამოთქვა. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ სტარტაპმა Microsoft-ისაგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მიიღო. მანამდე კი Shell-მა და სხვა ენერგოკომპანიებმაც განახორციელეს დიდი რაოდენობით ინვესტიციები. გარდა ამისა, შეერთებული შტატების ენერგოდეპარტამენტმა LanzaJet-ის შვილობილ კომპანიაში 14 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რათა ჯორჯიის შტატში პირველი საწარმო აშენდეს.
2023 წლისათვის ზემოთ აღნიშნული პირველი საწარმო უკვე ათეულობით მილიონი გალონი მწვანე საწვავის წარმოებას შეძლებს თვითმფრინავებისათვის.
საინტერესოა, რომ შეერთებული შტატების სატრანსპორტო ინდუსტრიასთან დაკავშირებული გამონაბოლქვის 11% სწორედ არამილიტარისტულ ავიაციაზე მოდის, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. მისი უდიდესი ნაწილის გამომწვევი კი სწორედ თვითმფრინავის საწვავია.
LanzaJet-ის მთავარი გადაწყვეტა იმაში მდგომარეობს, რომ მათ მიერ წარმოებული საწვავისათვის ახალი თვითმფრინავების აგება ან ახალი ძრავების დამზადება საჭირო არ იქნება. ეს კი თავის მხრივ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
დატოვე კომენტარი