ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი ლონდონში ხელოვნური ინტელექტის ცენტრის გახსნას გეგმავს. ახალი AI-ცენტრი ორიენტირებული იქნება პროდუქციის განვითარებასა და კვლევებზე. განყოფილებას Google-ის DeepMind-ის თანადამფუძნებელი, მუსტაფა სულეიმანი უხელმძღვანელებს.
OpenAI-ის მთავარი მხარდამჭერი, Microsoft-ი სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიაში ლიდერად არის მიჩნეული. თუმცა კონკურენცია, მათ შორის ტალანტების მოზიდვის მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში გაძლიერდა. Microsoft-მა თავისი ახალი განყოფილების დასაკომპლექტებლად შესაძლოა სხვა კომპანიების, მათ შორის DeepMind-ისა და OpenAI-ის ექსპერტები მოიწვიოს.
Microsoft-ის გადაწყვეტილება მისასალმებელია გაერთიანებული სამეფოსთვის, რომელიც ტექნოლოგიური სუპერსახელმწიფოს ტიტულის მოპოვებისთვის იბრძვის. ქვეყანამ ნოემბერში მსოფლიოში პირველი, ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების გლობალური სამიტი ჩაატარა.
DeepMind-ის თანადამფუძნებელი მუსტაფა სულეიმანი Microsoft-მა გასულ თვეში, შიდა AI-განყოფილების სამართავად დაიქირავა. Microsoft-ში გადასასვლელად, სულეიმანმა მის მიერ ცოტა ხნის წინ დაარსებული კომპანია Inflection AI დატოვა და ათობით თანამშრომელიც თან წაიყვანა. ამ ნაბიჯს გარკვეული კუთხით კრიტიკა მოჰყვა, რადგან პერსონალის სხვა კომპანიიდან გადმოსვლა ნიშნავდა, რომ „მაიკროსოფტმა“ თავიდან აიცილა მარეგულირებელი შემოწმება, რომელიც ჩვეულებრივ თან ახლავს ტრადიციულ შენაძენს.
უცნობია, თუ რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის ქვეყანაში Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის ცენტრი. ბოლო განცხადებით, ამერიკული კომპანია გაერთიანებულ სამეფოში მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურისა და AI-ის განვითარებისთვის $3.16 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.