Microsoft-ი რუსეთში ლიცენზიების გაგრძელებას წყვეტს - რა პრობლემებს შექმნის ქვეყანაში კომპანიის გადაწყვეტილება?

Microsoft-ი რუსეთში ლიცენზიების გაგრძელებას წყვეტს - რა პრობლემებს შექმნის ქვეყანაში კომპანიის გადაწყვეტილება?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 სექტემბრიდან რუსული კორპორაციები Microsoft-ის სერვისების გამოწერის განახლებას ვეღარ შეძლებენ. ერთ-ერთი მომხმარებლისთვის Microsoft-ის ონლაინ სერვისების დახმარების განყოფილებიდან მიწერილი წერილის თანახმად, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი რუსეთში ლიცენზიების გაგრძელებას არ გეგმავს.

კომპანიის მიერ Forbes-ისთვის მიცემულ კომენტარში ნათქვამია, რომ Microsoft-ი ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან თანხვდენაში, რუსეთში ახალი პროდუქტების ჩაშვებას, სერვისების გაყიდვასა და სხვა აქტივობებს აჩერებს.

ცნობისთვის, რუსეთში კორპორაციული კლიენტების 70-დან 90%-მდე სწორედ Microsoft-ის სერვისებს მოიხმარს. სტატიაში კი წარმოგიდგენთ იმ სავარაუდო პრობლემებს, რომელთაც, ექსპერტების აზრით, Microsoft-ის აღნიშნული გადაწყვეტილება რუსულ კომპანიებს შეუქმნის.

რუსული კომპანიები Microsoft-ის ისეთი პროდუქტებით სარგებლობენ, როგორიცაა საოპერაციო სისტემები, საოფისე პროგრამები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები. MyOffice-ის ხელმძღვანელის განმარტებით, ორი წლის წინ რუსული კომპანიების დამოკიდებულების წილი 90-95%-ს შეადგენდა.

ერთ-ერთი რუსული კომპანიის, Astra Group-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელის განმარტებით, Windows-ის პროდუქტების განახლებაზე წვდომის გაუქმებას უდიდესი უარყოფითი გავლენა ექნება სამუშაო სადგურების ფუნქციონირების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე. რუსი მომხმარებლები უკვე აწყდებიან პრობლემებს საოპერაციო თუ სხვა სახის სისტემების განახლებებზე შეზღუდვებში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმაციის უსაფრთხოების პრობლემებს შექმნის. გარდა ამისა, განუახლებელი სისტემები კიბერთავდასხმებისათვის ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა.

ბუნებრივია, Microsoft-ის გადაწყვეტილება უსაფრთხოების პრობლემებს კორპორაციულ ქსელებსა და სერვერებშიც შექმნის. Microsoft-ის პროდუქტების ჩანაცვლება კი ცალკეულ პრობლემას წარმოადგენს. იმ შემთხვევაშიც, თუკი მის ჩამნაცვლებელ ოპერატიულ სისტემას გამოძებნიან, პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების პრობლემას წააწყდებიან. კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები მხოლოდ Windows-ის ოპერატიულ სისტემებზე მუშაობენ, შესაბამისად, მათი ახალ სისტემებზე მორგება გართულდება.

შეიძლება ითქვას, რომ რუსული კომპანიები სრულად ახალ IT-ლანდშაფტზე უნდა გადავიდნენ იმისათვის, რომ Microsoft-ის გადაწყვეტილების შედეგები შეამსუბუქონ. ფაქტობრივად, კომპანიებმა ბიზნესპროცესები მთლიანად ახალ სისტემაზე უნდა გადააწყონ, ახალი აპლიკაციებითა და ოპერატიული სისტემებით ისარგებლონ, IT-სპეციალისტებმა რუსული გადაწყვეტების პარალელური ინფრასტრუქტურები უნდა შექმნან და სისტემაში არსებული მომხმარებლები პარალელურად ახალ სისტემებზე გადაიყვანონ.

რუსული ტექნოლოგიური კომპანია Sissoft-ის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტების ხელმძღვანელის განმარტებით, მსგავსი პროექტის იმპლემენტაციას, კომპლექსურობიდან გამომდინარე, თვეები ან შესაძლოა წლებიც კი დასჭირდეს. შესაბამისად, Microsoft-ის გადაწყვეტილება რუსულ კომპანიებს ფინანსური და ადამიანური კაპიტალის პრობლემებსაც შეუქმნის. ასევე, მნიშვნელოვნად შეუფერხებს ბიზნესპროცესების მიმდინარეობას.

ბუნებრივია ეს პროცესები მყარ ნიადაგს შექმნის პირატული სისტემების დონორებისათვის. თუკი ქვეყანაში მსხვილი ორგანიზაციები ლიცენზირებული პროგრამებით სარგებლობდნენ, საშუალო და მცირე ბიზნესები მაინც პირატულ სისტემებს იყენებდნენ. შესაძლოა კერძო სექტორი მთლიანად პირატულ სისტემებზე გადაერთოს, რაც მათ კიბერსაფრთხეების მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის. თუკი კერძო სექტორისათვის პირატული სისტემების გამოყენება „გამოსავალია“, იგივე ვერ მოხერხდება საჯარო სექტორში. შესაბამისად, სამთავრობო უწყებების სხვა გამოსვლის მოძებნა მოუწევთ.