Microsoft-ი მსოფლიო მასშტაბით თანამშრომლებს 1,500 აშშ დოლარის მოცულობის ერთჯერად ბონუსებს გადასცემს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ბონუსები იქნება ერთგვარი ჯილდო პანდემიის პერიოდში მათ მიერ გაწეული თავდაუზოგავი მუშაობისთვის. Microsoft-ის განცხადებით, თანამშრომელთა წახალისება კომპანიის მიერ გამოწვევებით სავსე ფისკალური წლის წარმატებით დასრულების სიმბოლოა.
Microsoft-ს დაახლოებით 150,000 თანამშრომელი ჰყავს მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ერთჯერად ბონუსს მიიღებს ყველა თანამშრომელი, რომელთაც ვიცე-პრეზიდენტზე დაბალი თანამდებობა უკავიათ. თუმცა ერთჯერადი ბონუსი არ ეხება Microsoft-ის შვილობილი კომპანიების, LinkedIn-ის, GitHub-ისა და ZeniMax-ის თანამშრომლებს.
შესაბამისად, Microsoft-ის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო დაახლოებით 130,000 თანამშრომლისთვისაა გამიზნული, რაც მთლიანობაში 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თანხას მოიცავს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ 2020 წლის განმავლობაში Microsoft-ის მოგებას, რომელმაც პანდემიის სიმძიმის მიუხედავად 53 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი თანხა მასთან შედარებით უმნიშვნელო მოცულობისაა.
დატოვე კომენტარი