Microsoft-ის ინფორმაციით, რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას კვლავ გეგმავს. თუმცა კომპანიის თქმით, წლევანდელი კამპანია იმაზე უფრო „ნელი ტემპით“ დაიწყო, ვიდრე წინა შემთხვევებში. Microsoft-ის საფრთხის ანალიზის ცენტრის მოხსნებით, 2024 წლის არჩევნებისთვის რუსეთი ახალ მეთოდებსაც ცდის, მათ შორის გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას.
Microsoft-ის ანგარიშით, წლევანდელ კამპანიაშიც იგივე ინდივიდები და ორგანიზაციები მონაწილეობენ, განსაკუთრებული აქტიურობით კი ისინი ბოლო 45 დღის განმავლობაში გამოირჩევიან. თუმცა მათი აქტივობა, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის შეფასებით, იმაზე „ნელი ტემპით“ მიმდინარეობს, ვიდრე 2016 და 2020 წლების საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
ძირითად საკითხებს შორის რომელთაც კამპანია მოიცავს, არის უკრაინა და ნატო. Microsoft-ის მონაცემებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, სულ მცირე 70 რუსი მსახიობი იყენებდა ტრადიციულ მედიასა და სოციალურ ქსელს უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად. Microsoft-მა რამდენიმე კონკრეტული პირიც დაასახელა, რომლებიც წინა საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობენ, მათ შორისაა Storm 1099, რომლის სახელსაც 2022 წლის ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანია „Doppelganger”-ი უკავშირდება.
ყველაზე აქტიურად ჩართული პირები წელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არიან კავშირში, რაც, Microsoft-ის შეფასებით, ხაზს უსვამს კამპანიების „მზარდ ცენტრალიზებულ ხასიათს“. განსხვავებით 2016 და 2020 წლის კამპანიებისა, რომლებიც უფრო მეტად ასოცირებული იყო რუსეთის ე.წ. ინტერნეტის კვლევის სააგენტოსა და სადაზვერვო სამსახურებთან.
ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში, Microsoft-ის განცხადებით, ბოლო მცდელობებმაც აჩვენა, რომ ხალხის დეზინფორმირებისათვის AI-ის მიერ გენერირებული ვიდეოების გამოყენება დიდად შედეგიანი არ არის. სამაგიეროდ, კომპანიის შეფასებით, ბევრად კარგად მუშაობს ყალბი ამბები, ყალბი ლოგოებით, მათ შორის უკვე არსებული ინფორმაციების შეცვლილი ვერსიები. გარდა ამისა, საზოგადოების მოსატყუებლად ბევრად შედეგიანია ნაკლებად ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციების გამოქვეყნება, ვიდრე ამისთვის ცნობილი პირების გამოყენება.