ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი, კომპანიის შეტყობინებებისა და ვიდეო პლატფორმა Teams-ის სერვისს, მომხმარებელს Office-ის პროდუქტებისგან განცალკევებით შესთავაზებს. ევროპაში, ანტიმონოპოლიური ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, Microsoft-მა ეს ორი პროდუქტი ერთმანეთისგან უკვე გამიჯნა.
ევროკომისია Microsoft-ის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს 2020 წლიდან იძიებს. Salesforce-ის მტკიცებით, ამერიკულმა გიგანტმა, Office-ისა და Teams-ის გაერთიანებით, ანტიმონოპოლიური კანონი დაარღვია და ბაზარზე უპირატესობა უსამართლოდ მოიპოვა. Teams-ის პლატფორმა Office 365-ს უფასოდ, 2017 წელს დაემატა, ჩაანაცვლა Skype for Business-ი და პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა.
თუმცა, კონკურენტების განცხადებით, პროდუქტების გაერთიანება ბაზარზე Microsoft-ის მონოპოლიას აძლიერებდა. კომპანიამ მომხმარებლისთვის ორი პროდუქტის დამოუკიდებლად მიყიდვა ევროკავშირსა და შვეიცარიაში გასული წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. Microsoft-ის განცხადებით, Teams-ის M365-სა და O365-სგან გასაცალკევებლად ევროპის ეკონომიკურ ზონასა და შვეიცარიაში შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია.
აღნიშნულ ტერიტორიებზე ტექნოლოგიურმა კომპანიამ Microsoft 365-ისა და Office 365-ის კომერციული კომპლექტების ახალი ხაზი გამოუშვა, რომელშიც Teams-ის პლატფორმა გაერთიანებული არ არის. პირველი აპრილიდან მომხმარებელს შეეძლება გააგრძელოს მიმდინარე სალიცენზიო ხელშეკრულება, განაახლოს ან შეიძინოს ახალი შეთავაზებები.
ახალი კომერციული მომხმარებლებისთვის Teams-ის გარეშე Office-ის ღირებულება $7.75-დან $54.75-მდე მერყეობს შეთავაზებებისადა მიხედვით, ხოლო Teams Standalone-ის ღირებულება $5.25-ია. ფასები შესაძლოა ქვეყნებისა და ვალუტის მიხედვით განსხვავებული იყოს.
თუმცა არსებობს ალბათობა, რომ Microsoft-მა ანტიმონოპოლიური ჯარიმის თავიდან აცილება მაინც ვერ მოახერხოს. ამ შემთხვევაში, ტექნოლოგიურ კომპანიას ჯარიმის სახით შესაძლოა წლიური გლობალური ბრუნვის 10%-ის გადახდა დაეკისროს.