2014 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი “შრომითი მიგრაციის შესახებ”, რომელიც არეგულირებს შრომითი ემიგრანტებისა და იმიგრანტების დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კანონპროექტით გათვალისწინებულმა შრომითი იმიგრანტების დასაქმების შეზღუდვამ მეწარმეების, ბიზნესასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ქვემოთ მოკლედ განვიხილავთ კანონპროექტით შემოთავაზებულ რეგულაციებს, ასევე მისი მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების არგუმენტებს.
კანონპროექტის თანახმად, თუ ადგილობრივ დამსაქმებელს საქართველოში მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმება სურს, მან უნდა მიმართოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს და მიაწოდოს ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ. მოთხოვნის წარდგენიდან შვიდი სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული ორგანო სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში მოიძიებს გამოცხადებული ვაკანსიის შესაბამის კადრს და შესთავაზებს დამსაქმებელს. დამსაქმებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, თუ ადმინისტრაციული ორგანო არ შესთავაზებს კანდიდატს განსაზღვრულ ვადაში, ან შესთავაზებს, მაგრამ დამსაქმებელი დასაბუთებულ უარს განაცხადებს წამოყენებულ კანდიდატურაზე.
უკმაყოფილების მიზეზი გახდა როგორც უცხოელთა დასაქმების რეგულირების ზოგადი კონცეფცია, ასევე ამ ურთიერთობის დასარეგულირებლად არჩეული კონკრეტული სამართლებრივი ფორმა. კონცეპტუალურ დონეზე გაურკვეველია, თუ რა მიზნებს ემსახურება კანონპროექტი. განმარტებითი ბარათის თანახმად, ძირითადი მიზანია ადგილობრივი ბაზრის დაცვა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი ბაზარი გაჯერებულია დაბალკვალიფიციური, იაფფასიანი შრომითი რესურსით და უმუშევრობის დონე ოფიციალური მონაცემებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეადგენს, ძნელი წარმოსადგენია, რომ არსებობს ადგილობრივი შრომითი ბაზრის დაბალკვალიფიციური შრომითი მიგრანტებისგან დაცვის საჭიროება. დღესდღეობით საქართველოში უცხოელი მუშახელის დასაქმებასთან დაკავშირებით ოფიციალური კვლევა არ ჩატარებულა, მაგალითად, უცნობია, თუ რამდენი შრომითი იმიგრანტია საქართველოში დასაქმებული, რა სექტორში და რა სახელფასო კატეგორიაში. სტატისტიკის არარსებობის პირობებში ადგილობრივი შრომითი ბაზრის დაცვის არგუმენტი არადამაჯერებელია. ამასთან, კანონ-პროექტის მიღება გამოიწვევს უარყოფით შედეგს მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის მხრივ. ვინაიდან ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა ტექნიკურ სპეციალობაში ძნელად მოიძიება კვალიფიციური კადრი, ბიზნესს აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება უწევს შრომითი იმიგრანტებით. ამ მხრივ დამატებითი ბარიერების შექმნა მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმებას გაართულებს.
არც ევროკავშირთან დაახლოების არგუმენტია დამაჯერებელი. მართალია, სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა არეგულირებს შრომითი მიგრაციის საკითხებს, მაგრამ აღნიშნული ძირითადად ეხება არალეგალური მუშახელის შრომითი მოწყობის საკითხის დარეგულირებას და არ გულისხმობს დამატებითი შეზღუდვების შექმნას ზოგადად უცხოელთა დასაქმებასთან მიმართებით.
ევროკავშირში არ არსებობს უნიფიცირებული მიდგომა შრომითი მიგრაციის საკითხისადმი. წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა შრომით მიგრაციას საკუთარ სუვერენიტეტს მიკუთვნებულ საკითხად განიხილავს და, შესაბამისად, ინდივიდუალურად აწესრიგებს ასეთ ურთიერთობებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა იყენებს, ე.წ. “შრომითი ბაზრის ტესტს” (Labour Market Test), რომელიც ავალდებულებს დამსაქმებლებს ჯერ ადგილობრივ ბაზარზე მოიძიონ სასურველი კანდიდატი, მაგრამ პარალელურად მოქმედებს მრავალი გამონაკლისი მაღალკვალიფიციური მუშახელისთვის. მეორე მიდგომა, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ, არის კვოტების სისტემა, თუმცა ხელისუფლების მიერ კვოტების დადგენაც ბაზრის საჭიროების წინასწარი შესწავლის საფუძველზე ხდება. დღესდღეობით ერთადერთი გამონაკლისი, სადაც არც ერთი ზემოხსენებული წესი არ მოქმედებს, არის შვედეთი.
აღსანიშნავია, რომ, საქართველოსგან განსხვავებით, ევროპულ სახელმწიფოებს საკუთარი შრომითი ბაზარი კარგად აქვთ შესწავლილი და როგორც “შრომითი ბაზრის ტესტი”, ისე კვოტების სისტემა ემსახურება გარკვეული კატეგორიის მუშახელის შემოდინების აღკვეთას. ეს ძირითად შემთხვევაში არის დაბალკვალიფიციური კადრები. რაც შეეხება მაღალკვალიფიციურ დასაქმების კანდიდატებს, ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი ხელს უწყობს მათ მიგრაციას და უშვებს გამონაკლისებს; ასე მაგალითად: საფრანგეთში, სადაც დასაქმების უფლების მოპოვება ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთულად მიიჩნევა ევროპაში, “შრომითი ბაზრის ტესტის” მოთხოვნა არ ვრცელდება პირებზე, რომელთა ყოველთვიური ხელფასი 3 600 ევროს აღემატება.
როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, სახელმწიფოს ასეთ ჩარევას არც ევროკავშირთან ჰარმონიზაცია მოითხოვს და არც არაკვალიფიციური მუშახელის შემოდინების საფრთხე არსებობს. მსგავსი რეგულაცია ქმნის დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერებს ბიზნესისთვის, რომელიც იძულებული ხდება, ზედმეტი ქმედებები განახორციელოს. ჩვენი აზრით, საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციების მიღებისას მეტი სიფრთხილის გამოჩენა. ნებისმიერი რეგულირება დაკავშირებულია დამატებით დანახარჯებთან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დამატებით დანახარჯებთან ეკონომიკის მონაწილეთა მხრიდან. ამ დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგულაციის აღსასრულებლად საჭირო ინტელექტუალური და ტექნიკური ბაზის შესაქმნელად არის გათვალისწინებული. სწორედ რეგულაციის სიძვირემ უბიძგა განვითარებულ მსოფლიოს “გონივრული” რეგულაციის მიმართულებით სვლისკენ. “გონივრული” რეგულაცია შედარებით ახალი ტრენდია. ის გულისხმობს პრობლემის მკაფიო ჩამოყალიბებას, ამ პრობლემის მნიშვნელობისა და მასშტაბის შეფასებას და მის გადასაჭრელად ყველაზე ნაკლებდანახარჯიანი გზის მოძიებას. გზის, რომელიც მოითხოვს ნაკლები ბიუროკრატიის შექმნას, ნაკლები დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას სახელმწიფო სექტორში და ნაკლები დამატებითი ფორმალური პროცედურების შექმნას ბიზნესოპერირებისთვის. თუ არ მოხდება ამ პროცესის გააზრება და შევეცდებით პაციენტს მკურნალობა დავუნიშნოთ დიაგნოზის დასმამდე, როგორც წესი, ასეთი მკურნალობა ვერ იქნება ეფექტიანი. ჯამში, რთული და დროში გაწელილი პროცედურების გავლის თვალსაზრისით, კანონპროექტი უარყოფით გავლენას მოახდენს იმ დამსაქმებლებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით უცხოელ მუშახელს ასაქმებენ.
დატოვე კომენტარი