ლონდონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე MRO Europe 2022, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და გამოფენის მონაწილეებს საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.
კვლევის მიხედვით, საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალია.
„აქტიურად ვაგრძელებთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას უცხოელი ინვესტორებისთვის და თვიდან თვემდე სულ უფრო ხელშესახები შედეგები გვაქვს. ამჯერად, გამოფენაზე წარვადგინეთ საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარების საინვესტიციო პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც ქვეყანას დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რაც Frost & Sullivan-ის კვლევამაც დაადასტურა“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
“MRO Europe” ევროპაში ყველაზე მსხვილი ღონისძიებაა, რომელიც ავიაციის მომსახურების, ნაწილების წარმოების, ავიახაზების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს უყრის თავს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ყოველწლიურად ესწრებიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის მენეჯერული და გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების მქონე პირები. მიმდინარე წლის ღონისძიებას 7000-მდე მაღალი რანგის დელეგატი დაესწრო.
დატოვე კომენტარი