ბოლო დღეებში ქართველი მილიარდერის, ყაზახური ფინტექკომპანია Kaspi-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ქონება 1.8 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის მიზეზი კი ყაზახეთში განვითარებული მოვლენებია, რომელთა გამოც ბიზნესი შეფერხებით ფუნქციონირებს.
Kaspi-ის აქციათა ფასები განვითარებული მოვლენების ფონზე 33%-ით შემცირდა, რაც, შესაძლოა, კომპანიისათვის საკმაოდ დამაზიანებელი აღმოჩნდეს. შესაბამისად, ასევე შემცირდა მისი დამფუძნებლის, ლომთაძის ქონებაც და, Forbes-ის მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით ის 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Kaspi არ ყოფილა ერთადერთი ყაზახური კომპანია, რომლის აქციათა ფასებიც მნიშვნელოვნად შემცირდა. დაახლოებით 20%-ით შემცირდა ცნობილი ბანკის, Halyk Bank-ის აქციათა ფასებიც. შეგახსენებთ, რომ ორივე ფინანსური კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კომპანია წელს უკრაინის ბაზარზე აპირებდა შესვლას, თუმცა სიტუაციის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ეს პროცესი შეფერხდება. Kaspi ყაზახეთის უმსხვილესი გადახდების კომპანიაა. მაგალითად, 2020 წლის ივლისში ყაზახეთში წარმოებული გადახდების ტრანზაქციების რაოდენობის 66% სწორედ მასზე მოდიოდა.
2021 წელს საკმაოდ აქტუალური იყო მისი ქონების შედარება კიდევ ერთი ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ქონებასთანაც. მიხეილ ლომთაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაზე მდიდარი ქართველის სტატუსსაც ატარებდა. ამჟამად ბიძინა ივანიშვილის ქონება, Forbes-ის მონაცემებით, 4.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
დატოვე კომენტარი