მიკროსაფინანსო სამყარო

მიკროსაფინანსო სამყარო

მიკროფინანსები გაჩნდა იქ, სადაც ძალზე სუსტი იყო ტრადიციული საბანკო მოდელი, 2005 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მიკროფინანსები სიღარიბის დაძლევის “კრიტიკულ იარაღად” გამოაცხადა და დღეს მიკროფინანსებით უკვე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის ავტორებიც ინტერესდებიან. მიკროფინანსებს შესწევთ იმ “ნაპრალების” ამოვსების უნარი, რომლებიც ეკონომიკაში ფინანსებზე წვდომის კუთხით არსებობს. როგორ ვითარდება მიკროსაფინანსო სექტორი საქართველოში და მსოფლიოში და რა ინოვაციებს ჰპირდება იგი მომხმარებლებსა და ინვესტორებს?

მიკროფინანსები საზღვარგარეთ

მიკროფინანსები ფინანსური შუამავლობის სახეობაა, რომელიც კომერციული ბანკების ალტერნატივას წარმოადგენს. მისი დამახასიათებელი ნიშნებია: სესხის მცირე ზომა, დაკრედიტება უზრუნველყოფის გარეშე და დაბალი შემოსავლების მქონე მეწარმეები, რომლებსაც საკრედიტო ისტორიისა და სესხის უზრუნველსაყოფად საჭირო აქტივების უქონლობის გამო არა აქვთ წვდომა საბანკო მომსახურებაზე. მიკროფინანსების ადრეული მოდელები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თითქმის 40 წლის წინ გაჩნდა და მათ ბანგლადეშელი ეკონომიკის პროფესორის, ნობელის პრემიის ლაურეატის, მუჰამედ იანუსის სახელს უკავშირებენ. მან პირველმა სცადა სოლიდარული პასუხისმგებლობით ჯგუფური სესხის გაცემა, რაშიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. აღნიშნულ მოდელში საკრედიტო რისკი შემცირებული იყო მსესხებელთა ჯგუფის წევრების მიერ სოლიდარულად გაზიარებული პასუხისმგებლობით. თუ ერთი მსესხებელი ვალს ვერ აბრუნებდა, მის ნაცვლად სესხს ისტუმრებდნენ ჯგუფის დანარჩენი წევრები. სოლიდარულმა პასუხისმგებლობამ ჩაანაცვლა სესხის აქტივებით უზრუნველყოფა, რომლის უქონლობა ან არასაკმარისობა წარმოადგენდა ბარიერს საბანკო სესხის მიღებისას.

გასაკვირი არ არის, რომ საბანკო მომსახურების ალტერნატივა – მიკროფინანსები – გაჩნდა იქ, სადაც ძალზე სუსტი იყო ტრადიციული საბანკო მოდელი. დღეს მიკროფინანსებით უკვე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის ავტორებიც ინტერესდებიან, რადგან მიკროფინანსებს შესწევთ იმ “ნაპრალების” ამოვსების უნარი, რომლებიც ეკონომიკაში ფინანსებზე წვდომის კუთხით არსებობს. ღრმა ფინანსური შუამავლობის მქონე ეკონომიკებშიც, როგორიცაა, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები, განსაკუთრებით ფინანსური კრიზისის შემდეგ, მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ფენა ვერ მიმართავს ტრადიციულ პროვაიდერებს – კომერციულ ბანკებს, ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გონივრულ ალტერნატივას წარმოადგენს.

თუმცა ყველაზე განვითარებული მიკროსაფინანსო ინდუსტრია არსებობს ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც ადრიანად მოხდა დარგის კომერციალიზაცია.

თავდაპირველად ფინანსური მომსახურების ამ ინოვაციური ფორმით საერთაშორისო განვითარების სააგენტოები და მათი დონორები დაინტერესდნენ, რომლებმაც მასში სიღარიბის დაძლევის იაფი გზა დაინახეს. 2005 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მიკროფინანსები სიღარიბის დაძლევის “კრიტიკულ იარაღად” გამოაცხადა. ყველა ხიბლს ემატებოდა ისიც, რომ მიკროსაფინანსო მომსახურების მომხმარებლებს ძირითადად ქალბატონები წარმოადგენდნენ.

ეიფორია მალევე დასრულდა, როცა აღმოჩნდა, რომ მიკროფინანსები სიღარიბის დაძლევის “პანაცეას” არ წარმოადგენდა და შემოსავლების გარკვეულ ზღვარს ქვემოთ მათ უარყოფითი გავლენის მოხდენა შეეძლო მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობაზე. აღმოჩნდა, რომ “კაპიტალზე წვდომა”, რაც თითქოსდა მდიდარს განასხვავებდა ღარიბისგან, არ იყო საკმარისი სიღარიბის დასაძლევად. ფინანსებზე წვდომამ გასაგები მიზეზების გამო ვერ გამოიწვია მსესხებლების სრულყოფილი ინტეგრაცია ეკონომიკურ პროცესებში. უფრო მეტიც, ეკონომიკური განვითარებისთვის განკუთვნილი ფულადი ნაკადები წარიმართა სამომხმარებლო საჭიროებების დასაფინანსებლად. გადაჭარბებულ მოლოდინებს იმედგაცრუება მოჰყვა და მიკროფინანსების ოპონენტები მიკროფინანსების “სასიკვდილო მახეზე” ალაპარაკდნენ.

აღნიშნულ კრიტიკას ხელი შეუწყო ინდუსტრიის სწრაფმა კომერციალიზაციამ და კაპიტალის მოზღვავებამ. საინვესტიციო წრეებში გაჩნდა ახალი საინტერესო ინსტრუმენტი, რომელიც ხასიათდებოდა მაღალი დაბრუნებადობით, არ იყო კორელირებული ეკონომიკურ ციკლებთან და რომელსაც შეეძლო დადებითი ეფექტის მოხდენა სიღარიბეზე, რაც გარდა ფინანსური უკუგებისა, მნიშვნელოვან რეპუტაციულ დივიდენდს ჰპირდებოდა ინვესტორებს. ამ ინფორმაციამ დიდი კაპიტალი მიიზიდა ჯერ კიდევ მყიფე მიკროსაფინანსო ინდუსტრიაში, რომელსაც არ გააჩნდა საკმარისი სიმძლავრეები და – რაც მთავარია – პოლიტიკური რისკების მოგერიების გამოცდილება. 2010 წლამდე, მაგალითად, ინდოეთის შტატ ანდრა პრადეშის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ინვესტორების რიგები იდგა. მიკროსაფინანსო სექტორში ინვესტიციები კომპანიის საბუღალტრო ღირებულებასთან შედარებით 10-დან 15-მდე მულტიპლიკატორით ხორციელდებოდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გამსხვილდნენ, შეავიწროეს გაზარმაცებული ბანკები, რითაც დიდ კორპორაციულ ინტერესებს დაუპირისპირდნენ.

ანდრა პრადეშში მიკროფინანსების კრიზისი რამდენიმე საგაზეთო სტატიით 2010 წლის შემოდგომაზე დაიწყო, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა აიტაცეს და პოპულარულ ტალღაზე საკრედიტო არდადეგების გამოცხადებით პრაქტიკულად მოსპეს ფინანსური ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჟურნალისტების ინტერესი გამოიწვია თვითმკვლელობების მომატებულმა შემთხვევებმა, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უკავშირდებოდა. უარყოფითი ტალღა განავრცო მსოფლიო მედიამ და გარკვეული დროის განმავლობაში ტაბლოიდებიდან არ ქრებოდა კრიტიკა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საპროცენტო განაკვეთების, კლიენტების გაღარიბებისა და დიდი მიკროსაფინანსო მახის შესახებ. დღესაც მიმდინარეობს პოლემიკა იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია “თვითმკვლელობების სეზონი” ინდოეთის ხსენებულ შტატში – მიკროსაფინანსო ინდუსტრიის აგრესიულმა ქცევამ, გენეტიკურად მოდიფიცირებულმა საკვებმა პროდუქტებმა, თუ უბრალოდ დაბალმოსავლიანმა წელმა, რაც ისტორიულად წარმოადგენდა მომატებული თვითმკვლელობების მიზეზს ინდოეთის ფერმერებით დასახლებულ შტატებში.

პოლიტიკურ შეტევას დეფოლტების სერია მოჰყვა, რამაც ინვესტორები დააფრთხო და დაბანდება საგრძნობლად შეამცირა. ამან, თავის მხრივ, ადგილობრივი ბიზნესის მხრიდან ფინანსებზე წვდომა გააუარესა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური დაღმასვლა განაპირობა. მსგავსი კრიზისი სხვადასხვა ფორმით განმეორდა ნიკარაგუაში, პაკისტანში, ნიგერიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

რასაკვირველია, მიკროსაფინანსო ინდუსტრიის კრიზისის თავიდან აცილება აღნიშნულ ქვეყნებში შესაძლებელი იყო, რომ არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ისეთი უხეში შეცდომები, როგორიცაა ზრდის მაღალი ტემპით გამოწვეული მომხმარებლების ჭარბვალიანობა, სასესხო ხელშეკრულების გამჭვირვალობის პრობლემები და სესხის ამოღების აგრესიული პრაქტიკა.

ამ მწარე გაკვეთილის გამო მიკროსაფინანსო ინდუსტრია შეიცვალა – უფრო თვითკრიტიკული, ფრთხილი და პასუხისმგებლიანი გახდა. ის ნელ-ნელა იბრუნებს დაკარგულ სახელს. ამ გადმოსახედიდან ნათელია, რომ სწორი რეგულირების ან თვითრეგულირების პირობებში მიკროფინანსებს უაღრესად დადებითი წვლილის შეტანა შეუძლიათ მოწყვლადი სოციალური ფენის ფინანსური ინტეგრაციისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის სტიმულირების საქმეში. ფინანსური შუამავლობის ვერც ერთი ფორმა, მათ შორის მიკროფინანსები, ცალკე აღებული, ვერ განაპირობებს ეკონომიკურ განვითარებას, მაგრამ მას შეუძლია ეკონომიკური ცხოვრების არასტაბილურობისაგან მომხმარებლის დაცვა და ეკონომიკურ საქმიანობაში მისი ეფექტური ინტეგრირება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქართველოში

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონი 2007 წელს შეიქმნა, რის შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგისტრაცია და “მსუბუქი” რეგულირება საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა. მანამდე კი 2003 წელს სამოქალაქო კოდექსში გაჩნდა “სპეციალიზებული მიკროსაფინანსო ფონდის” ცნება. ის წარმოადგენდა გარდამავალ ფორმას დონორების მიერ დაფინანსებულ სუბსიდირებულ მიკროსაფინანსო პროგრამებსა და კომერციულ მიკროსაფინანსო ინდუსტრიას შორის. მაშასადამე, საქართველოში ყველაზე ძველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დონორების მიერ მხარდაჭერილი პროექტებიდან იღებს სათავეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიკროსაფინანსო საქმიანობა გულისხმობს მცირე მეწარმეებისა და ფერმერების დაკრედიტებას, რომელიც ხორციელდება მათი შემოსავლის ანალიზისა და არა სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების შეფასების საფუძველზე. ამ განსაზღვრების თანახმად, მიკროსაფინანსო ინდუსტრია მოიცავს რამდენიმე მიკროსაფინანსო ინსტიტუტს და კომერციულ ბანკს (ჯამში, სავარაუდოდ, 20 დაწესებულებას), რომლებიც წარმატებით ფუნქციონირებენ ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (“მისო”) სტატუსის მქონე საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირებული 70-მდე ინსტიტუტიდან უმრავლესობა თავისი შინაარსით სამომხმარებლო ფინანსების კომპანიას წარმოადგენს. მათი საქმიანობა აბსოლუტურად ლეგიტიმურია, მაგრამ გასესხება ეფუძნება არა მომხმარებლის ფინანსების ანალიზს, არამედ მის მიერ სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი ნივთის ან ქონების (ძვირფასეულობა, ავტომობილი ან უძრავი ქონება) შეფასებას, ხოლო სახსრები მიემართება არა ბიზნესის დასაფინანსებლად, არამედ ნემისმიერი სამომხმარებლო საჭიროებისათვის. გასესხების აღნიშნულ მოდელში იგნორირებულია მომხმარებლის ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი, რაც შესაძლოა, ჭარბი საკრედიტო ტვირთის წარმოშობის მიზეზი გახდეს. ამიტომ მცდარია წარმოდგენა, რომ ყველა “მისო” თავისი არსით არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. სასურველია, არსებული სტატუსი შეიცვალოს და მსგავს კომპანიებს დაერქვას საკუთარი სახელი, მაგალითად – “რეგისტრირებული ფინანსური კომპანია” და მათგან მხოლოდ მცირე ნაწილს მიენიჭოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი. იგივე სტატუსი შეიძლება მიენიჭოს კომერციულ ბანკებსა და საკრედიტო კავშირებს, რომლებიც იცავენ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებს, ორიენტირებულნი არიან ბიზნესის დაფინანსებაზე, დაკრედიტების პროცესში კი ეყრდნობიან გადახდისუნარიანობის ანალიზს და არა ქონების შეფასებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სავსებით შესაძლებელია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბიზნეს-დაკრედიტებასთან ერთად გასცემდნენ სამომხმარებლო სესხებს ან აწარმოებდნენ სალომბარდო ოპერაციებს, მაგრამ სამომხმარებლო ფინანსების ელემენტი ამ ფინანსური ინსტიტუტების საკრედიტო პორტფელის მცირე ნაწილს უნდა შეადგენდეს.

რეგისტრირებულ ფინანსურ კომპანიებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ფინანსურ ლანდშაფტზე და მათი რეგულირება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ არსებული ფორმით. პრობლემურია, რომ დღესდღეობით რეგულირების მიღმაა დარჩენილი მრავალი ფინანსური კომპანია, ლომბარდი, ინტერნეტგამსესხებელი თუ კერძო პირი. რეგულირების მიღმა მომუშავე ფინანსური შუამავლების შემთხვევაში თითქმის არ არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტია. ეს კი ქმნის ბაზარზე მტაცებლური დაკრედიტების პრაქტიკის გავრცელების საფრთხეს, რომლის მსხვერპლი გაუთვითცნობიერებელი მომხმარებელი ხდება. დღესდღეობით საქართველოში მომხმარებლების, მასმედიისა და გადაწყვეტილების მიმღებთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ განასხვავებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ყველა დანარჩენი არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტისგან, ამიტომ ხშირად კრიტიკა ხვდება წილად მათ, ვინც ამას ნამდვილად არ იმსახურებს.

საინტერესოა, რომ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის ყველაზე მნიშვნელოვანი დამფინანსებელი მიკროსაფინანსო სექტორი იყო. სებ-ის მონაცემებით, სოფლის მეურნეობისთვის გაცემული სესხებით ბოლო სამი წლის განმავლობაში მისო-ები ლიდერობდნენ. აღნიშნული ტენდენცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ კომერციული ბანკების მეშვეობით დაიწყო იაფი აგროკრედიტის პროგრამის სუბსიდირება.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

მისო-ების რაოდენობა

15

26

39

49

62

63

67

მთლიანი აქტივები (ათასი ლარი)

68,389

137,052

185,209

309,516

443,917

678,959

811,936

წმინდა სესხები (ათასი ლარი)

56,443

111,203

130,109

229,530

348,668

518,557

620,394

მათ შორის სოფ. მ-ბა და მეტყევეობა

9,437

23,570

29,140

62,184

92,417

143,203

145,977

სოფ. მ-ბის წილი მთელ პორტფელში

16.7%

21.2%

22.4%

27.1%

26.5%

27.6%

23.5%

 

კომერციული ბანკები

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

ბანკების რაოდენობა

18

20

19

19

19

20

21

მთლიანი აქტივები (ათასი ლარი)

7,208,158

8,865,627

8,292,546

10,564,217

12,679,085

14,354,701

17,153,774

წმინდა სესხები (ათასი ლარი)

4,421,259

5,792,847

4,984,641

5,946,310

7,449,543

8,372,207

10,423,655

მათ შორის ს/მ-ბა და მეტყევეობა

56,672

53,990

49,461

47,219

59,868

59,206

153,711

სოფ. მ-ბის წილი პორტფელში

1.3%

0.9%

1.0%

0.8%

0.8%

0.7%

1.5%

 

რატომ აქვთ მაღალი საპროცენტო განაკვეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს?

არსებობს ფართოდ დამკვიდრებული “ექსპერტული” მოსაზრება, რომ მიკროსაფინანსო სექტორის მაღალი საპროცენტო განაკვეთები გამომდინარეობს მოჭარბებული საკრედიტო რისკისა და მასთან დაკავშირებული ხარჯისგან. თუ დავაკვირდებით წამყვანი მიკროსაფინანსო დაწესებულებების საკრედიტო პორტფელის ხარისხს (სტანდარტულად იზომება 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების მქონე სესხების წილი საერთო სასესხო პორტფელში) ისტორიულ პერსპექტივაში დავინახავთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ბანკებზე უკეთესი საკრედიტო პორტფელები გააჩნიათ. მაშასადამე, საეჭვო ვალების დარეზერვების ხარჯი მნიშვნელოვანი არაა. მაშინ რატომ არის მიკროსაფინანსო საპროცენტო განაკვეთები საბანკოზე მაღალი? მთავარი მიზეზი – ოპერაციული დანახარჯებია. მისო-ებს უწევთ დიდი რაოდენობის მცირე ზომის სესხების (საშუალოდ დაახლოებით 1,900 ლარი) ადმინისტრირება ვრცელ გეოგრაფიულ არეალში, რაც თავისთავად შრომატევადი საქმეა. შეგახსენებთ, რომ გასესხების პროცესი მოიცავს კლიენტისა და მისი ბიზნესის სიღრმისეულ შესწავლას, რაც მოითხოვს სესხის ექსპერტის მაღალ კომპეტენციას, სპეციფიკურ უნარებსა და ტექნოლოგიების გამოყენებას. მაგალითისთვის, თუ 50 მილიონი ლარის პორტფელის მართვას მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ემსახურება დაახლოებით 300 თანამშრომელი, აღნიშნული ზომის საკრედიტო პორტფელი შეიძლება იმართებოდეს რამდენიმე კორპორაციული ბანკირის მიერ. ამიტომაც შეუდარებელია ოპერაციული ხარჯი და მისგან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთი ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში.

საპროცენტო განაკვეთებში განსხვავების მნიშვნელოვანი მიზეზი ასევე ფინანსური რესურსების ღირებულება წარმოადგენს. კომერციულ ბანკებს ხელი მიუწვდებათ ეკონომიკაში ყველაზე იაფ საკრედიტო რესურსზე, მაშინ როცა მიკროსაფინანსოები ნაწილობრივ თავად კომერციული ბანკებიდან ფინანსდებიან.

გაუთავებელი მსჯელობა მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე არ ეფუძნება ფაქტების ანალიზს და, როგორც წესი, ემოციური ან იდეოლოგიური მსჯელობის ფორმას ატარებს. მაგალითად, იშვიათად იღებენ მხედველობაში მცირე სესხების ბაზარზე გავრცელებულ საპროცენტო განაკვეთებს, რომელთა მიმწოდებლებად, მისო-ების გარდა, ბანკები და არაფორმალური გამსესხებლები გვევლინებიან. ამ შემთხვევაში კონკურენცია მკაცრად აყალიბებს ფასებს და მისო-ები საშუალოზე დაბალი ფასით გამოირჩევიან. შეცდომით მისო-ს სესხს ადარებენ იპოთეკით უზრუნველყოფილ საბანკო სესხსაც, ან ისიც კი მომხდარა ქართულ მედიასივრცეში, რომ მისო-ების საშუალო განაკვეთები შეადარეს ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული ფინანსური ინსტრუმენტების (MFI – Monetary Financial Instrument ემთხვევა Micro Finance Institution-ს) საპროცენტო განაკვეთებს, რაც საშუალოდ მილიონი ევროს მოცულობის სესხებისთვის ბანკებში არსებულ საშუალო განაკვეთს ასახავს. რა თქმა უნდა, არ არის მართებული შევადაროთ ათასი ევროს მოცულობის სოფლად გაცემული სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი საქართველოში, მაგალითად, მილიონი ევროს სესხის განაკვეთს ფინეთში. მაგრამ იშვიათად ხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 25-35%-იანი განაკვეთების შედარება 700%-იან ინტერნეტსესხების საპროცენტო განაკვეთებთან. დღესდღეობით მრავალი მომხმარებელი ვერც კი წარმოიდგენს, რომ აღნიშნულ მცირე სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამდენად მაღალი შეიძლება იყოს.

თუ გვსურს, მართლაც სიღრმისეულად გავიგოთ საპროცენტო განაკვეთების ადეკვატურობა, უნდა გავაანალიზოთ, თუ რა გავლენას ახდენს ესა თუ ის სასესხო პროდუქტი მომხმარებლის ფინანსურ პოზიციაზე. აქ აღსანიშნავია ორი პარამეტრი: ლიკვიდურობა – რა გავლენას ახდენს სესხის გასტუმრება (სესხის ვადიანობიდან და გადახდის გრაფიკიდან გამომდინარე) მომხმარებლის ფინანსურ ნაკადებზე, ანუ რა ძალისხმევის ხარჯზე უმკლავდება მომხმარებელი სესხის მომსახურებას, და მეორე – საპროცენტო განაკვეთის ხარჯი: რა წილი უჭირავს საპროცენტო ხარჯს მომხმარებლის ბიზნესის საერთო ხარჯებში, ანუ რამდენად ამცირებს პროცენტი ბიზნესის წმინდა მოგებას ან მომხმარებლის შემოსავალს. თუ ბიზნესი მაღალმარჟიანია, ერთი შეხედვით მაღალი საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა უმნიშვნელო ხარჯს წარმოადგენდეს, მაშინ როცა სესხის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ბიზნესის ციკლის განხორციელება. ამიტომ დროა, საპროცენტო განაკვეთებზე მსჯელობა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს.

ჭარბვალიანობა

ბევრად უფრო მნიშვნელოვანია აქცენტების გადატანა საპროცენტო განაკვეთებიდან ჭარბვალიანობის პრობლემის ანალიზზე. სხვა ქვეყნების პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ბაზარი ხშირად უძლურია აღკვეთოს ჭარბვალიანობა და მისგან გამომდინარე საკრედიტო კრიზისი.

საქართველოს ახლო პერსპექტივაში არ ემუქრება აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის იპოთეკური კრიზისით გამოწვეული ფინანსური პრობლემების მსგავსი სირთულეები, რადგან ჩვენი იპოთეკური დაკრედიტების სექტორი ჯერ კიდევ განვითარების უმნიშვნელო დონით ხასიათდება, ხოლო ეკონომიკის ფინანსური სიღრმე (ჯამური კრედიტი მშპ-სთან შედარებით) საკმაოდ დაბალია. უფრო საშიშია ბოსნია-ჰერცეგოვინას საკრედიტო კრიზისის ტიპის სცენარი. მისი დამახასიათებელი ნიშანია პარალელური სესხების მოჭარბება, როცა მსესხებლები დაღმავალი ეკონომიკური ციკლის შედეგად მიღებული ზარალის გამო არსებული სესხის მომსახურებას ვერ ახერხებენ და ამიტომ უფრო დიდი სესხისთვის სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს მიმართავენ. კრიზისი იწყება მაშინ, როცა საკრედიტო დაწესებულებები წყვეტენ ამ “პირამიდის” დაფინანსებას. სამწუხაროდ, თავისუფალი ბაზარი ვერ უზრუნველყოფს ზრდის ტემპის შენელებას ფინანსურ ინსტიტუტებში, რადგან მონაწილეები ბაზრის წილისა და მოგების მაქსიმიზაციაში არიან ჩართული. საქართველოში ორად არის გაყოფილი აზრი იმის თაობაზე, თუ რამდენად ახლოა ფინანსური კრიზისი. ამის მიზეზი სანდო ეკონომიკური კვლევის არარსებობაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევადაროთ ჩვენი და სხვა ქვეყნების ფინანსური ბაზრის პარამეტრები. ასეთი კვლევა ითვალისწინებს ჭარბვალიანობის მრავალმხრივ შეფასებას და კრიტიკული ინდიკატორების მონიტორინგს.

მსგავსი კვლევის ჩატარებას გეგმავს საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით. კვლევის ჩატარებამდე ადრეა ვიმსჯელოთ, არსებობს თუ არა საქართველოში ჭარბვალიანობის გამო საკრედიტო კრიზისის საფრთხე. ერთმნიშვნელოვნად ასევე რთული სათქმელია, თუ ვისგან მოდის დაკრედიტების აგრესიული ტალღა – მისო-ების, ბანკებისა თუ რეგულირების მიღმა მოქმედი ინსტიტუტებისაგან. აქაც საქმე გვაქვს დამკვიდრებულ სტერეოტიპთან, თითქოს ჭარბვალიანობის მთავარი მიზეზი სწრაფად მზარდი მიკროსაფინანსო სექტორისგან მომდინარეობს. ცოტა არ იყოს პარადოქსია ბაზრის “გაფუჭება” დავაბრალოთ ბანკებთან შედარებით აქტივების ზომით 15-ჯერ მცირე სექტორს, თანაც კონკრეტული ეკონომიკური ანალიზისა და ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობის გარეშე.

სხვა ქვეყნების გამოცდილება კი საპირისპიროზე მეტყველებს: კომერციული ბანკები, რომლებსაც უმცირდებათ მოგება კორპორაციული ბიზნესიდან, აღმოაჩენენ რა შედარებით მაღალ მარჟებს მიკროსაფინანსო ბაზარზე, თავიანთი უზარმაზარი რესურსებით ავანტიურისტულად შედიან აღნიშნულ სეგმენტზე (პროცესს უწოდებენ downsizing-ს). სწორედ ბანკების აგრესიული ზრდა მიკროსაფინანსო ბაზარზე იქცევა ჭარბვალიანობის მიზეზად. ამიტომ მხოლოდ დამოუკიდებელი და გამართულ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული კვლევა მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, თუ რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში ჭარბვალიანობის კუთხით.

ეროვნული ბანკისა და მიკროსაფინანსოების ურთიერთობა

ეროვნული ბანკი აწარმოებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგისტრაციას, რა დროსაც გარკვეულ სტანდარტებს უწესებს კანდიდატ კომპანიებს, მათ დამფუძნებლებსა და დირექტორებს. მისო-ები სებ-ს რეგულარულად აბარებენ ანგარიშს, ხოლო ცენტრალური ბანკის საზედამხედველო ჩარჩო მიმართულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისკენ. ეროვნული ბანკი არ ახდენს მისო-ების სიღრმისეულ რეგულირებას, რასაც ადგილი აქვს კომერციული ბანკების შემთხვევაში. აღნიშნული ნაკარნახევია საჯარო ინტერესით, რათა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დეპოზიტები ფინანსურად ჯანსაღ ინსტიტუტებში იყოს განთავსებული. ამიტომაც, ბანკებისგან განსხვავებით, მისო-ებს ეკრძალებათ მოსახლეობისგან დეპოზიტების მოზიდვა. მიკროსაფინანსო სექტორის პრაქტიკოსების მოსაზრებით, სებ-ი მიკროსაფინანსო ინდუსტრიას უფრო სერიოზულად აღიქვამს, რისი დასტურიც არის გახშირებული და მოწესრიგებული კომუნიკაცია დარგის ასოციაციასთან და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით დაანონსებული რეფორმები. ასევე აღსანიშნავია სებ-ის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მიკროსაფინანსო ასოციაციის წლევანდელი ერთობლივი ინიციატივა, რომელიც ემსახურება სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტების სტაჟირებას.

მისო-ები მნიშვნელოვან ფინანსურ ინფრასტუქტურას წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები მიკრო- და მცირე მეწარმეებისა და ფერმერებისათვის. ეტაპობრივად ხდება იმის აღიარება, რომ აქტივების ზომით, მსესხებელთა რაოდენობით, რისკების მართვისა და გასესხების სტანდარტებით წამყვანი მისო-ები არა თუ ჩამორჩებიან, არამედ უსწრებენ კიდეც მცირე ზომის კომერციულ ბანკებს. 

მიკროსაფინანსოებისროლისაქართველოსეკონომიკაში

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ემსახურებიან მომხმარებელთა დიდ რაოდენობას საქართველოს რეგიონებში, სადაც ნაკლებადაა განვითარებული კომერციული საბანკო ინფრასტრუქტურა. დღესდღეობით დაახლოებით 350 ათასი მსესხებელი იღებს შესაბამისი ხარისხის მომსახურებას, ხოლო მისო-ების ქსელი მოიცავს 300-მდე ფილიალს, რომლებშიც ჯამურად დასაქმებულია 3,200-მდე ადამიანი. წვდომა ფინანსებზე, საკრედიტო დისციპლინა და ფინანსური განათლება არის იმ წვლილის მცირე ნაწილი, რომელიც მიკროსაფინანსო სექტორს საქართველოს ეკონომიკის განვითარებში შეაქვს. სესხების გარდა მისო-ები მომხმარებლებს მიკროდაზღვევას, ფულადი გზავნილების, საგადასახადო და ვალუტის გადაცვლის მომსახურებას სთავაზობს. მიკროსესხების დიდი ნაწილი მიემართება ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის დაკრედიტებისკენ, ამავე დროს საგრძნობია მიკროსესხების გამოყენების სიხშირე ისეთი სამომხმარებლო მიზნებისათვის, როგორიცაა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და განათლებაში ინვესტირება. აქაც მნიშვნელოვანია, დავინახოთ განსხვავება არასასურველ და აუცილებელ სამომხმარებლო დაკრედიტებას შორის. თითქმის შეუძლებელია მიკროსესხების დანიშნულების კონტროლი, რადგან ბიზნესისთვის გაცემული სესხი შესაძლოა ირიბად აფინანსებდეს რაიმე სამომხმარებლო საჭიროებას. მაგალითად, თუ ფერმერი მიიღებს უარს სესხზე შვილის ქორწილისთვის, ის დაუფიქრებლად გაყიდის ძროხას, გადაიხდის ქორწილს და მეორე დღეს წარმატებით მიიღებს სესხს ძროხის შესაძენად. ამიტომ ყველაზე ეფექტური მეთოდი მომხმარებელთა განათლება და ფინანსური დისციპლინის გამომუშავებაა, როცა მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას ისეთი ხარჯების კრედიტით დაფინანსებაზე, რომელთა დაფინანსება შესაძლებელია გარკვეული დროის შემდეგ, დანაზოგის მეშვეობით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიკროსაფინანსო ასოციაციამ, საბანკო, სადაზღვევო ასოციაციებთან და საქართველოს საფონდო ბირჟასთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების მხარდაჭერით დაიწყო ფინანსური განათლების ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საფინანსო სექტორის როლის ამაღლებას საზოგადოების ფინანსური განათლებისა და ფინანსების მართვის უნარების გაძლიერებაში.

მიკროსაფინანსოების დაფინანსება

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ მოსახლეობისგან დეპოზიტების მოზიდვა. მისო-ები ასევე მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ეროვნული ბანკის რეფინანსირების აუქციონში, ამიტომ დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს უცხოური სპეციალიზებული ფონდებიდან მიღებული სასესხო კაპიტალი და საბანკო კრედიტი. საქართველოში აქტიურია 20-მდე საინვესტიციო ფონდი ან კომპანია ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა შვეიცარია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია და ამერიკის შეერთებული შტატები. მიკროსაფინანსო ინდუსტრიის მნიშვნელოვან მხარდამჭერებს შორის არიან ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD), გერმანული KFW და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). ბოლო წლებში გაიზარდა აღმოსავლეთ ევროპიდან და ისრაელიდან კერძო ინვესტორების მიერ სექტორის დაფინანსება.

საინტერესო ტენდენცია შეინიშნება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ვახსენეთ, რომ მისო-ებს ეკრძალებათ დეპოზიტების მოზიდვა, მაგრამ მათ შეუძლიათ თამასუქების გამოშვება, რაც დღევანდელ საფინანსო ბაზარზე დეპოზიტებზე არსებული დაბალი განაკვეთების ფონზე მიმზიდველ ინსტრუმენტს წარმოადგენს. მისო-ებს არა აქვთ ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსების უფლება. თუ მისო-ს დამფინანსებელთა რაოდენობა გადააჭარბებს დაწესებულ ზღვარს, სებ-ს უჩნდება ჩარევის უფლებამოსილება, რის შედეგად ის ამკაცრებს მისო-ს რეგულირების ჩარჩოს. ბაზარზე ასევე არსებობს ფინანსური კომპანიები, რომლებსაც არანაირი რეგისტრაცია ან ანგარიშგება არ გააჩნიათ ეროვნულ ბანკთან. მათ მიერ დაანონსებული თამასუქის განაკვეთები კი აშკარად აღემატება გონივრულ მოლოდინს. ასეთი კომპანიების შემთხვევაში მომხმარებელი საკმაოდ დაუცველია, რადგან მარეგულირებელს არ გააჩნია მათი ზედამხედველობის სამართლებრივი საფუძველი. ამიტომ მომხმარებლებმა თავად უნდა შეისწავლონ მსგავსი კომპანიების ფინანსური მდგრადობა და რისკების სათანადო ანალიზის შემდეგ დააბანდონ საკუთარი სახსრები.

მისო-ების ნაწილს მიაჩნია, რომ დეპოზიტების მოზიდვის უფლება მნიშვნელოვანია, რადგან ის დაფინანსების დამატებითი წყაროა და ასევე მნიშვნელოვანია სადეპოზიტო ანგარიშების შეთავაზებით დაბალშემოსავლიან მომხმარებლებში დაზოგვის კულტურის სტიმულირება. მაგრამ ამავე დროს აშკარაა რეგულირების დამატებითი ტვირთი, რომელსაც მისო მიიღებს სებ-ისგან დეპოზიტების მოზიდვის უფლების სანაცვლოდ. ამიტომ ჯერჯერობით დეპოზიტების მიღების უფლება არ ასახულა მიკროსაფინანსო ასოციაციის მიერ მოთხოვნილი საკანონმდებლო ცვლილებების სიაში. ამასობაში კი ორი წამყვანი მისო გარდაიქმნა კომერციულ ბანკად.

ეროვნული ასოციაციის როლი

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე 17 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ჯერჯერობით ერთ კომერციულ ბანკს. ასოციაცია სრულად ფინანსდება საწევრო შენატანებით. მის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). ასოციაციას მართავს მისი წევრებისგან არჩეული გამგეობა. არჩევნები წელიწადში ერთხელ იმართება ყველა წესის დაცვით: საარჩევნო კომისია, კანდიდატები, პროგრამები, საარჩევნო ყუთი და კენჭისყრის “კაბინაც” კი. ასოციაციამ შარშან მიიღო ეთიკის კოდექსი, რომელზეც მისი წევრები თითქმის ერთი წელი მუშაობდნენ. ეთიკის კოდექსში დეკლარირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სოციალური ზემოქმედების ის პრინციპები, რომელთაც ასოციაციის თითოეული წევრი ეთანხმება და იცავს. ეთიკის კოდექსი “ფარატინა ქაღალდად” რომ არ დარჩენილიყო, ასოციაციამ შექმნა ეთიკის კომიტეტი, რომელიც იხილავს მომხმარებლებისა და წევრების საჩივრებს, გასცემს რეკომენდაციებს და აწესებს სანქციებს.

ქართული ასოციაციის საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს გლობალურ ინდუსტრიაში. განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ასოციაციის როლი ჭარბვალიანობის გაზომვისა და თვითრეგულირების კუთხით.

მიკროსაფინანსო სექტორი განაგრძობს განვითარებას და მრავალ ინოვაციას ჰპირდება როგორც მომხმარებელს, ასევე ქართველ თუ უცხოელ ინვესტორებს. მნიშვნელოვანია, რომ დარგის ლიდერები აცნობიერებენ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მნიშვნელობას და უფრთხილდებიან როგორც სექტორის, ასევე საკუთარ პროფესიულ რეპუტაციას. სწორედ მიკროსაფინანსო სექტორი და მისი მომხმარებლები უნდა გახდნენ ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მთავარი მოსარგებლეები. ინდუსტრიაში ყველა იზიარებს მომავლის ხედვას, რომ დღევანდელი თვითდასაქმებული მეწარმეები და მიკროფერმერები ვიხილოთ მზარდი მცირე და საშუალო ბიზნესის ლიდერებად, რომლებსაც თვისებრივად ახალი ეკონომიკური და დემოკრატიული რეალობის შექმნა შეუძლიათ საქართველოში.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის სექტემბრის ნომერში)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *