უახლესი კვლევის თანახმად, პანდემიის დასრულების შემდეგ, დასაქმებული მილენიალების მესამედი სამსახურიდან წამოსვლას გეგმავს. პანდემიამ ზღვარი პირად და სამსახურებრივ ცხოვრებას შორის უფრო ბუნდოვანი გახადა, რაც ზრდის ე.წ. „გადაწვის“ შანსებს. სწორედ ამიტომ, მილენიალების მესამედი პანდემიის დასრულებისთანავე ახალი სამსახურის ძიებას დაიწყებს.
თუმცა, მილენიალები მარტონი არ არიან: მიმდინარე კრიზისის დასრულების შემდეგ დასაქმებულთა 26% პროცენტი გეგმავს სამსახურის შეცვლას, აღნიშნული დასაქმებულების 80%-ს ამ ნაბიჯის გადადგმა შეფერხებული კარიერული ზრდის გამო სურს.
„პანდემიის გავლენას ძალიან ბევრი დამსაქმებელი და ლიდერი ვერ გაუმკლავდა, შედეგად, მათი თანამშრომლები გადაღლილები გადიან შრომის ბაზარზე… თუკი ადრე ზოგიერთი მათგანი კარიერულ ცვლილებას არც კი გეგმავდა, პანდემიის შემდეგ ბევრი თვლის, რომ დამსაქმებელი სათანადოდ არ მოექცა ან ეცადნენ, თუმცა წარუმატებლად“, – განაცხადა ჯეფ კორტესმა, ექსპერტმა და კონსულტანტმა თანამშრომლების შენარჩუნების მიმართულებით.
„უამრავი მილენიალი, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა და ამასთან, ძირითადად მარტო ცხოვრობს, საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. ისინი ვეღარ გადიან ლანჩზე, ვერ მიდიან პარასკევ საღამოს დასალევად კოლეგებთან ერთად, ეს მათ იზოლირებულად აგრძნობინებს თავს – სწორედ ეს კლავს მათში კორპორაციულ კულტურასთან მიკუთვნების განცდას“, – ასე განმარტავს ჯეფ კორტესი პანდემიის უფრო მწვავე გავლენას მილენიალებზე.
პასუხი კითხვაზე, რა უნდა გააკეთონ დამსაქმებლებმა საკუთარი თანამშრომლების შესანარჩუნებლად, არაერთგვაროვანია: გარდა მაღალი და შესაფერისი ანაზღაურებისა, კვლევაში მიუთითეს მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დაწინაურების შესაძლებლობა, დისტანციური მუშაობის უფრო მოქნილი და ზუსტი პოლიტიკა და ა.შ.
„ლიდერები უნდა ფოკუსირდნენ ორგანიზაციაში შიდა მობილობის განვითარებაზე, ამასთან, პრიორიტეტად უნდა გაიხადონ თანამშრომლების მუდმივი განვითარება და სწავლება და მტკიცე მხარდაჭერაც უნდა გამოუცხადონ თანაგუნდელებს“, – ამბობს კვლევის ავტორი, ორგანიზაცია Prudential-ის ვიცე-ხელმძღვანელი, რობ ფალზონი.
თანამშრომლების შენარჩუნებაში ასევე მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ მათთან ყოველდღიური ინტერაქცია. კორტესი გვირჩევს, ყოველდღიურად შევეხმიანოთ ჩვენს თანამშრომლებს, თუნდაც იმის გასარკვევად, როგორ გრძნობენ თავს. „ვფიქრობ, ბევრი ორგანიზაცია შეცდომას უშვებს, როცა ლიდერები არ ინტერესდებიან, თუ რას ფიქრობენ მათი თანამშრომლები“.
დატოვე კომენტარი