მილიარდერ ოსტინ რასელზე Forbes-ის მიყიდვის პროცესი შეჩერებულია

მილიარდერ ოსტინ რასელზე Forbes-ის მიყიდვის პროცესი შეჩერებულია

28 წლის ტექნოლოგიურ მაგნატ, მილიარდერ ოსტინ რასელზე გამოცემა Forbes-ისა და მასთან დაკავშირებული ვებგვერდის მიყიდვის პროცესი შეჩერებულია. ინფორმაციას Bloomberg-ი ამერიკული გამოცემის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ ფედერლეს შიდა მემორანდუმზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მემორანდუმიდან ირკვევა, რასელთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი თავად ბიზნესგამოცემის აქციათა უმრავლესობის მფლობელ, ჰონგ-კონგში დაფუძნებულ საინვესტიციო ფირმა Whale Media Investments-ის გადაწყვეტილებით შეწყდა. გაყიდვის პროცესი კი ორი კვირით, პირველ ნოემბერს შეჩერდა, მას შემდეგ, რაც 28 წლის მილიარდერს გარიგების დახურვისთვის მიცემული ვადა ამოეწურა.

„წლების განმავლობაში ჩვენი კომპანიის მიმართ საინვესტიციო ინტერესები არ შენელებულა, შესაბამისად, განვაგრძობთ სხვა, ისეთი შესაძლებლობების განხილვას, რომლებიც ჩვენი ზრდის სტრატეგიის დაჩქარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ფედერლემ მემორანდუმში.

საავტომობილო ტექნოლოგიების მაგნატმა და Luminar Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოსტინ რასელმა Forbes Global Media Holdings-ის 82%-იანი წილის შესყიდვა ჯერ კიდევ მაისში დააანონსა. გარიგება ბიზნესს $800 მილიონად აფასებდა.

მანამდე, Forbes-ის შესყიდვის მთავარ პრეტენდენტად ინვესტორთა კონსორციუმი განიხილებოდა, რომელსაც ინდური საინვესტიციო ფირმა Sun Group-ი ხელმძღვანელობდა. თუმცა ფირმა, რუსეთთან კავშირების გამო, მარეგულირებელთა შემოწმების ობიექტად იქცა. ამან კი რასელს, ინვესტორებისგან სახსრების მოსაზიდად დრო მისცა.

Forbes-ის აქციათა უმრავლესობა ჰონგ-კონგში დაფუძნებულ საინვესტიციო ფირმა Whale Media Investments-ს ეკუთვნის. ფირმა ბოლო პერიოდია გამოცემის გაყიდვაზე მუშაობს. თუმცა, სპეციალური დანიშნულების შესყიდვათა კომპანიასთან გარიგება (SPAC) გასულ წელს ჩაიშალა.

შეგახსენებთ, Forbes-ი 1917 წელს, შოტლანდიელი ემიგრანტისა და გაზეთ Hearst-ის კოლუმნისტის ბერტი ჩარლზ ფორბსის მიერ დაარსდა.

რაც შეეხება რასელს, ის Luminar-ის Nasdaq-ზე დალისტვის შემდგომ, 25 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი გახდა. ამჟამად, Forbes-ის მონაცემებით, რასელის ქონება $1.6 მილიარდს უტოლდება.