Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, 68 წლის სტივ ბალმერი, $121 მილიარდით, Forbes-ის განახლებულ რეიტინგში ათ უმდიდრეს ადამიანს შორის ხვდება და მერვე ადგილს იკავებს. რეიტინგში ბალმერი ახლა უკვე მხოლოდ ერთი პოზიციით ჩამორჩება თავის ყოფილ უფროსსა და Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსს, რომლის ქონებაც ამჟამად $128 მილიარდს უტოლდება. თუმცა საყურადღებოა, რომ Forbes-მა 2024 წლის რეიტინგი 8 მარტის მონაცემეზე დაყრდნობით შეადგინა და რეალურ დროში სურათი მცირედ განსხვავებულია.
24 წლის ასაკში ბალმერმა სტენფორდის ბიზნესსკოლა დატოვა და ჰარვარდიდან მის ყოფილ ჯგუფელ ბილ გეიტსსა და Microsoft-ს, კომპანიის 30-ე თანამშრომლად შეუერთდა. მაშინ ბალმერის საბაზისო ხელფასი მხოლოდ $50 ათასი იყო. თუმცა პატარა ტექ-სტარტაპი მალევე ამერიკის ერთ-ერთ სწრაფად მზარდ კომპანიად გადაიქცა და პერსონალური კომპიუტერების მიმართულებით Apple-საც გადაასწრო – განსაკუთრებით, Windows-ის გამოშვების შემდეგ.
გეიტსისგან ლიდერობა ბალმერმა 2000 წელს გადაიბარა და Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის რანგში მას ისეთ გამოწვევებთან გამკლავებაც მოუწია, როგორიც Apple-სა და Google-თან კონკურენცია და ანტიმონოპოლიური დავები იყო. ბალმერის ხელმძღვანელობით Microsoft-ის ყოველწლიური შემოსავალი გასამმაგდა და $78 მილიარდს მიაღწია, ხოლო მისი მმართველობის ბოლო ფისკალურ წელს მოგებამ $22 მილიარდი შეადგინა. ამჟამად Microsoft-ი Fortune 500-ში მე-13 პოზიციას იკავებს და საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაცაა – $3.1 ტრილიონით.
Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ამჟამად კომპანიაში აქციათა 4.5%-ის მფლობელია. 2021 წელს ბალმერი მსოფლიოში მეცხრე ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც $100-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა, ამასთან ერთად კი ის ერთადერთი სენტიმილიარდერიცაა, რომელმაც სიმდიდრე სხვისთვის მუშაობის შედეგად დააგროვა. ბალმერმა Microsoft-ი 2014 წელს დატოვა, რის შემდეგაც NBA-ის Los Angeles Clippers-ი $2 მილიარდად შეიძინა – Forbes-ის შეფასებით, საკალათბურთო გუნდის ღირებულება დღეს $4.5 მილიარდს აღემატება.
2013 წელს, Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის რანგში მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, ბალმერმა რამდენიმე მთავარი რჩევა გააზიარა, რომლებიც, მისი აზრით, წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია.
შეაფასეთ ფართო სურათი
„თუ აღმასრულებელი დირექტორი ვერ ხედავს სათამაშო მოედანს, მაშინ ამას ვერავინ შეძლებს. გუნდს შეიძლება ამის დანახვა სჭირდებოდეს მაგრამ, CEO-მ კონკურენტული გარემოს აღქმა სრულად უნდა შეძლოს“, – თქვა ბალმერმა 2013 წელს, Fortune-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. Microsoft-ის პროდუქტების მრავალფეროვნება მოიცავს პერსონალურ გამოთვლებს, cloud-სერვისებს და, როგორც ჩანს, ყველა მიმართულებით კონკურენციაც საკმაოდ მაღალია.
აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას, ბალმერი არაერთხელ აღმოჩნდა კრიტიკის ობიექტი, რადგან ბაზრის ტენდენციებს სწრაფად არ ერგებოდა. მისი კონკურენტები კი, მაგალითად, მობილურ სერვისებში Samsung-ი, Nokia, cloud-ის მიმართულებით კი Google-ი და Apple-ი ზრდას განაგრძობდნენ. 2014 წელს, ბალმერის წასვლის შემდეგ, Microsoft-ის აქციები სტაგნაციას განიცდიდა, მიუხედავად ამისა, მისი მეთვალყურეობის ქვეშ, კომპანიის შემოსავალი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.
ყოველთვის ეძიეთ ტალანტები
ბალმერის ხელმძღვანელობისას, Microsoft-ს ისეთი ტალანტები შეუერთდნენ, როგორებიც Windows-ის ხელმძღვანელი სტივენ სინოფსკი, Xbox-ის ტექნოლოგიური ოფიცერი ჯეი ალარდი და Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი არქიტექტორი რეი ოზი არიან. დინამიკურობის შესანარჩუნებლად, კომპანიებმა დროის 70-80% ორიენტირებულნი უნდა იყვნენ უკვე დასაქმებული პირების განვითარებასა და დაწინაურებაზე, გარე დაქირავებების განხილვისას კი გახსნილი გონებით უნდა იმსჯელონ და შეფასებები გაითვალისწინონ.
იმ ორ ძირითად თვისებას შორის კი, რომელთაც თავად ახალ თანამშრომლებში ეძებს, ბალმერმა დაასახელა ენთუზიაზმი, რომლის დანახვაც მათ თვალებშიც შესაძლებელია. ამასთან ერთად კი აღნიშნა, რომ ისეთ თანამშრომლებს ეძებს, რომელთაც საერთოს პოვნა შეუძლიათ. გასაუბრებისას მისი ერთ-ერთი საყვარელი კითხვაა: „მომიყევი იმის შესახებ, რითაც ამაყობ“.
ყოველთვის ხელახლა განიხილეთ – მხოლოდ ასე იპოვით საუკეთესო ბიზნესმოდელს
Microsoft-ში ბალმერის მთავარი მიდგომაც გადაწყვეტილებების ხელახლა გადახედვას ეყრდნობოდა. 2013 წელს ბალმერი დაუპირისპირდა გაბატონებულ მოსაზრებას, რომ ყველაზე მეტი მოგების მიღება „სოფთვეარიდან“ იყო შესაძლებელი და უფრო მოგებიან მიმართულებად „ჰარდვეარი“ დაასახელა. მილიარდერმა თავისი განცხადებით ხაზი გაუსვა Microsoft-ის მსგავსი კომპანიებისთვის ბიზნესის დივერსიფიცირების აუცილებლობას, განსაკუთრებით – პროგრამული უზრუნველყოფის მიღმა. „სათამაშო მოედანი ყოველთვის იცვლება“, – ამ მიდგომას ბალმერი დღესაც მიჰყვება და Clippers-ის შეძენიდან ათი წლის შემდეგ მუდმივად ფიქრობს, თუ როგორ განაახლოს მისი ფრენჩაიზი.
დაგეგმე მოკლე და გრძელ ვადაში
ბალმერის შეფასებით, სტრატეგიული გადაწყვეტილებები გრძელი ციკლის ნაწილია, რომელსაც დროთა განმავლობაში დიდ შემოსავალი მოაქვს, ხოლო მოკლევადიან პერიოდში ამ გადაწყვეტილების ეფექტიანად შესრულებაა მნიშვნელოვანი.
ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტი, რომელზეც სტივ ბალმერი მუშაობდა, არის USAFacts-ი – მონაცემთა ბაზა, რომელიც აგროვებს და აანალიზებს ფედერალური, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შემოსავლების მიღებასა და ხარჯვას. მონაცემთა ბაზა მომხმარებლებს აწვდის ანგარიშებს სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა საგადასახადო განაკვეთები, დოზის გადაჭარბების განაკვეთები და დანაშაული მთელი ქვეყნის მასშტაბით. საიტი „უპარტიო, არაკომერციული სამოქალაქო ინიციატივაა“, არა აქვს „პოლიტიკური დღის წესრიგი და კომერციული მოტივი“.
იცოდე შენი სუსტი მხარეები
2013 წლის ინტერვიუში ბალმერმა ისიც აღიარა, რომ ბიზნესის საკითხები უფრო კარგად ესმის, ვიდრე ტექნოლოგიის. Ballmer Peak-ის თეორიის მიხედვით, კომპიუტერული პროგრამისტები თავისი პოტენციალის მაქსიმუმს მაშინ აღწევენ, როდესაც მათ სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია კონკრეტულ დიაპაზონში, 0.129%-დან 0.138%-მდე ეცემა. მიუხედავად იმისა, რომ ბალმერის მოსაზრება უფრო ხუმრობაა, ვიდრე სერიოზული კონცეფცია, მან ისეთი მოვლენები შთააგონა, როგორიც, მაგალითად, Ballmer Peak-A-Thon-ია, სადაც მონაწილეები ღია ბარში, პროგრამირების ამ დონის უნარების მიღწევისთვის იკრიბებიან.