1999 წელს ბილ გეიტსი პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც $100 მილიარდს მიაღწია. მისი რეკორდის გამეორება უკვე 2017 წელს, ჯეფ ბეზოსმა შეძლო, რომელმაც სულ რაღაც სამ წელიწადში თავისი ქონება $200 მილიარდამდეც გააორმაგა. თუმცა $100 მილიარდის მფლობელთა კლუბმა ექსკლუზიურობა ნელ-ნელა დაკარგა, 2021 წლის ბოლოს კი მისი წევრების რაოდენობა ათამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ათეულს შორის, ყველაზე მეტს ილონ მასკი ფლობდა, რომლის ქონებაც დაახლოებით $272 მილიარდს შეადგენდა და $72 მილიარდით უსწრებდა LVMH-ის მფლობელს, მეორეადგილოსან ბერნარ არნოს. თუმცა ამჟამად სიის ლიდერი სწორედ ფრანგი მილიარდერია, ილონ მასკი კი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ერთ კალენდარულ წელიწადში $100 მილიარდზე მეტი დაკარგა. მასკმა 2022 წელი $147 მილიარდით დაასრულა. 2021 წლიდან მასკის ქონების რეკორდული, $125-მილიარდიანი შემცირება ძირითადად, აპრილში Twitter-ის შეძენის შემდეგ, ელექტრომობილების კომპანია Tesla-ს აქციების ფასის 65%-იანი ვარდნის შედეგია.
საინტერესოა, რომ Forbes-ის შეფასებით, 2022 წელს მსოფლიოს მილიარდერებმა ჯამში $1.9 ტრილიონი დაკარგეს, რის შედეგადაც, 9 დეკემბრის მონაცემებით, მათი კოლექტიური ქონება $13.8 ტრილიონიდან $11.9 ტრილიონამდე შემცირდა. თუმცა ყველაზე მეტად დაზარალებულები გასულ წელს ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერები აღმოჩნდნენ, რომელთაც კოლექტიურად $1 ტრილიონი დაკარგეს.
Amazon-ის აქციების ფასის 50%-იანი ვარდნით, ჯეფ ბეზოსის წმინდა ქონება $85 მილიარდით შემცირდა, Alphabet-ის აქციები კი 39%-ით დაეცა, რის გამოც კომპანიის თანადამფუძნებლებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ინდივიდუალურად დაახლოებით $45 მილიარდი იზარალეს. ხოლო Meta Platforms-ის აქციების 64%-იანი ვარდნის შედეგად, მარკ ცუკერბერგი წელს $77 მილიარდით უფრო ღარიბია.
2022 წლისგან განსხვავებით, წინა წლებში ისინი სიმდიდრის დაგროვების რეკორდული მაჩვენებლებით გამოირჩეოდნენ. მაგალითისთვის, ილონ მასკის ქონება, მხოლოდ 2020 წელს $129 მილიარდით გაიზარდა, 2021 წელს კი დამატებით $116 მილიარდით. გარდა ამისა, 2020 წელს ჯეფ ბეზოსის ქონება $75 მილიარდით გაიზარდა, ხოლო პეიჯისა და ბრინის, შესაბამისად, $46 მილიარდითა და $44 მილიარდით.
წარმოგიდგენთ მილიარდერებს, რომელთაც 2022 წელს რეკორდული რაოდენობის თანხა დაკარგეს:
ილონ მასკი -$125 მილიარდი
ჯეფ ბეზოსი -$85 მილიარდი
მარკ ცუკერბერგი -$77 მილიარდი
ლარი პეიჯი -$46 მილიარდი
სერგეი ბრინი -$45 მილიარდი
დატოვე კომენტარი