გასაკვირი არაა, რომ ძირითად შემთხვევაში, ტიპურ მილიარდერებს შორის ვხვდებით პირებს, რომელთაც ათნიშნიანი ქონება წამყვანი გლობალური კომპანიების დაარსების წყალობით დააგროვეს, ან უფრო მარტივად, მემკვიდრეობით მიიღეს. მათ შორის არიან, მაგალითად, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი და Amazon-ის თავმჯდომარე ჯეფ ბეზოსი, ხოლო ქონების მემკვიდრეობით მიღების ნათელი მაგალითი ჟაკლინ მარსია, ტკბილეულის კომპანია Mars-ის დამფუძნებლის შვილიშვილი.
აღნიშნულ ორ კატეგორიაში შემავალი პირები ამერიკელი მილიარდერების მილიარდერების თითქმის 97%-ს შეადგენენ. მათგან, Forbes-ის მონაცემებით, 69%-ს მსხვილი კომპანიების დამფუძნებლები და თანადამფუძნებლები წარმოადგენენ, ხოლო 27%-ზე მეტმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო. თუმცა არიან მესამე კატეგორიაში მოხვედრილებიც, რომლებიც არც რომელიმე კომპანიის დამფუძნებლები არიან და არც მდიდარი მემკვიდრეები. გამოცემის ანგარიშით, სულ 26 ადამიანია ისეთი, რომლებმაც მოახერხეს და დაქირავებული აღმასრულებლის, ზოგჯერ კი უბრალოდ დასაქმებულის როლშიც კი ათნიშნიანი ქონება დააგროვეს.
ასეთ პირებს, Forbes-ი „დაქირავებულ მილიარდერებად“, ან „კორპორაციული კიბის მილიარდერებად“ მოიხსენიებს. „დაქირავებული მილიარდერები“ ძირითადად მხოლოდ 20 კომპანიაში მუშაობენ ან მუშაობდნენ – კომპანიებში, რომელთა თითქმის უმრავლესობა ტექნოლოგიების ან კერძო კაპიტალის ინდუსტრიაშია ჩართული.
Forbes-ის რეიტინგში ყველაზე ცნობილი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკია, ასევე JPMorgan Chase-ის აღმასრულებელი დირექტორები ჯეიმი დაიმონი და ჯონათან გრეი, რომელიც Blackstone-ში 1992 წელს, კოლეჯის დამთავრებისთანავე მოხვდა, ხოლო 2018 წელს ფირმის პრეზიდენტად და მთავარ საოპერაციო ოფიცრად დასახელდა. ყველაზე მდიდარი კი ბილ გეიტსის ჰარვარდის მეგობარი სტივ ბალმერია, რომელიც Microsoft-ს 1980 წელს შეუერთდა როგორც მეორმოცე თანამშრომელი, 2000-2014 წლებში კი კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა.
„დაქირავებული მილიარდერების“ 2024 წლის რეიტინგს ახალწვეულებიც ჰყავს. ელიტურ ჯგუფში სულ ცოტა ხნის წინ მოხვდა ჩიპების მწარმოებელ AMD-ის აღმასრულებელი დირექტორი ლისა სუ, რომლის ქონების ზრდასაც ხელი AMD-ის აქციების ფასის მატებამ შეუწყო. ლისა ერთ-ერთია რეიტინგში შემავალი ხუთი ქალიდან, რომელთა შორისაა Arista Networks-ის ჯეიშრი ულალი, Meta-ს ყოფილი მთავარი საოპერაციო ოფიცერი (COO) შერილ სენდბერგი და მეგ ვითმენი, eBay-ის ყოფილი CEO. ცნობისთვის, ვითმენის მმართველობისას, კომპანიის შემოსავლები 1998 წლის $5.7 მილიონიდან, 2008 წლისთვის $5 მილიარდამდე გაიზარდა, თავად კი მილიარდერის წოდება 2003 წელს მოიპოვა.
დაქირავებული მილიარდერების ათეული:
მილიარდერი | ქონება | კომპანია | პოზიცია |
სტივ ბალმერი | $120.5 მილიარდი | Microsoft | ყოფილი CEO |
ერიკ შმიტი | $20.7 მილიარდი | ყოფილი CEO და თავმჯდომარე | |
რამზი მუსალამი | $9 მილიარდი | Veritas Capital | CEO |
ჯონ ბრაუნი | $7.4 მილიარდი | Stryker.Corp | ყოფილი CEO |
ჩარლზ სიმონი | $7.3 მილიარდი | Microsoft | პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი არქიტექტორი (ყოფილი) |
ჯონათან გრეი | $7.3 მილიარდი | Blackstone | პრეზიდენტი, COO |
ჯეფ როზჩაილდი | $5.7 მილიარდი | ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი | |
ჯეფ სკოლი | $4.3 მილიარდი | ebay | ყოფილი პრეზიდენტი |
ჰამილტონ ჯეიმსი | $4.1 მილიარდი | Blackstone | ყოფილი აღმასრულებელი თავმჯდომარე |
ჯეიშრი ულალი | $3.6 მილიარდი | Arista Networks | CEO, თავმჯდომარე |