ილონ მასკის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმის იდეას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ინვესტორი ბილ ეკმანი ავრცელებს.
ჰეჯ-ფონდ Pershing Square-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მშვიდობის მისაღწევად უკრაინის მთავრობამ ყირიმის რეგიონი რუსეთს უნდა დაუთმოს, რადგან ისტორიულად ის სწორედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას წარმოადგენდა, შესაბამისად, რეგიონის დათმობა დანაკარგად ან დამარცხებად არ უნდა იქნეს განხილული.
„1954 წლამდე ყირიმი რუსეთის ნაწილი იყო და ის უმეტესწილად ეთნიკურად რუსებითაა დასახლებული, რაც, როგორც ჩანს, წარმოადენს იმის მთავარ მიზეზს, რატომაც გააკეთა მსოფლიომ ასე ცოტა უკრაინის დასახმარებლად რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს.
თუკი 24 თებერვლამდე არსებულ სტატუს კვოს დავუბრუნდებით, ამით რუსეთი თავისი აგრესიის გამო დაჯილდოებული არ დარჩება, უკრაინა კი დაუყოვნებლივ შეძლებს დასავლეთის მხარდაჭერით აღდგენის პროცესის დაწებას. ამ შემთხვევაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, რესურსები კი უკრაინის აღდგენისკენ წარიმართება და არა ამ ომისკენ, რომელიც მხოლოდ მეტ სიკვდილამდე და განადგურებამდე მიგვიყვანს.
უკრაინამ დაამტკიცა, რომ მას საკუთარი თავის დაცვა NATO-ს წევრობის გარეშეც შეუძლია. სათანადოდ შეიარაღებული უკრაინა მომავალშიც შეძლებს აგრესიის შეკავებას.
თუ არსებობს მშვიდობისკენ მიმავალი გზა, ჩვენ აუცილებლად უნდა მივყვეთ მას. კონფლიქტის გაგრძელების ყოველი დღე სულ უფრო მეტად ზრდის რისკებს მსოფლიოსათვის. ხანგრძლივი და საშიში ომის გაგრძელების ფონზე, რომელშიც სხვა ქვეყნებიც (ბელარუსი, ირანი) შეიძლება იქნენ ჩართულნი, მშვიდობის მიღწევის სხვა გზას ვერ ვხედავ. ალტერნატივებს, თქვენს შეფასებებსა და კრიტიკას სიამოვნებით მივიღებ“, – წერს ბილ ეკმანი.
დატოვე კომენტარი