Microsoft-ის თანადამფუძნებელი პოლ ალენი თავისი $14 მილიარდიანი ქონებიდან $300 მილიონს გამოუყოფს მისი სახელობის „ალენის ტვინის მეცნიერების ინსტიტუტს” (Allen Institute for Brain Science) იმ ახალი პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც შეისწავლის და დააკვირდება ტვინს, რათა, როგორც ალენი ამბობს, „ერთ დღესაც შევძლოთ იმის გაგება, რა გვაქცევს ადამიანებად”. ამ ინსტიტუტში ალენს უკვე $500 მილიონიანი ინვესტიცია აქვს გახორციელებული.
ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა სულ ცოტა ხნის წინ სიეტლში გაკეთებული განცხადებიდან, აგრეთვე ინსტიტუტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელის, კრისტოფ კოხისა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის თანამშრომლის, რ. კლეი რიდის მიერ მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კომენტარებიდან. ისინი ამუშავებენ ტვინის კვლევის მეთოდს, რომელიც მოიცავს ოფთოგენეტიკას – (optogenetics) – ტვინის ძლიერ სტიმულაციას სინათლის დახმარებით, კონექთომიკას (connectomics)- ტვინში არსებული კავშირების კვლევას – და ტვინის ობსერვატორიებს (brain observatories) – ტვინში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას რეალური დროის რეჟიმში.
იმის გამო, რომ თაგვი უფრო პატარა და მარტივი ორგანიზმია, ჯერჯერობით კვლევების დიდი ნაწილი სწორედ თაგვების ტვინზე ტარდება. ალენის ერთ-ერთი ახალი ცდა მიზნად ისახავს თაგვსა და ტვინს შორის არსებული კავშირების ვიზუალურ გამოხატვას. თაგვს აქვს დაახლოებით 2 მილიონი ნეირონი, რომლებიც მხედველობაში მონაწილეობს, ადამიანის ორგანიზმში კი ასეთი უჯრედების რაოდენობა 5 მილიარდს აღწევს.
„თუ ჩემსავით სკოლის ასაკიდანვე პროგრამისტობით დაიწყებთ, მიხვდებით, რომ კომპიუტერთან შედარებით ტვინი სრულიად სხვაგვარად მუშაობს”- ამბობს ალენი. იგი თავის წამოწყებას „მიმზიდველს” უწოდებს და იქვე დასძენს, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ნეიროდეგენერაციულმა (neurodegenerative) დაავადებებმა – დედამისს ალცჰეიმერის დაავადება აქვს. ალენმა აღნიშნა, რომ თუკი მოსწავლისათვის – ანუ ადამიანის ტვინისათვის – კომპიუტერული პროგრამირების სწავლება რამდენიმე წელიწადშია შესაძლებელი, კომპიუტერი ადამიანის ტვინის მსგავსად მუშაობას ვერასდროს ისწავლის. „ხელოვნურ ინტელექტს ვერ შექმნი, თუ არ გეცოდინება, როგორ მუშაობს ნამდვილი ინტელექტი” – ამბობს ალენი.
ალენის თქმით, ის არ არის დაინტერესებული ინტელექტუალური საკუთრების მოგროვებით. მისი მიზანია შექმნას ღია მეცნიერება, ინდუსტრიული მასშტაბით. ინსტიტუტის ცნობით, მისი ტვინის ატლასის მონაცემებით ყოველთვიურად 50 000 მეცნიერი სარგებლობს.
„ჩვენ ვიცით, რომ ასეთ ძვირადღირებულ პროექტს კრიტიკა მოჰყვება – წერენ კოხი და რიდი – ამ პროექტისათვის საჭირო რესურსებით სხვა ასეულობით პროექტის დაფინანსება შეიძლება, მაშ, რატომ უნდა მივმართოთ ისინი სწორედ ამ მიმართულებით? ჩვენი პასუხია, რომ ფინანსური დაწესებულებები უკვე ხარჯავენ მილიარდობით დოლარს ბიომედიცინის კვლევის მრავალ მცირემასშტაბიან პროექტზე, ალენის ინსტიტუტს კი სურს ახალი მიდგომის პიონერი იყოს.
MIT Media Lab-ის ასოცირებული პროფესორი, ოფთოგენეტიკის სფეროს ერთ-ერთი პიონერი ედ ბოიდენი ამ იდეას გამოეხმაურა – „ალენის ინსტიტუტი ინსტრუმენტების შესანიშნავ ნაკრებს ქმნის, რათა ტვინის სქემის ამოცანა ვერტიკალურად ინტეგრირებული გზით გადაჭრას, დაწყებული დეტალების სპეციფიკაციიდან, დამთავრებული მათი ერთობლივი მუშაობით – დაწერა მან Facebook-ის ჩეთში – ამ დეტალების გაერთიანება ჩვეულებრივი ლაბორატორიის ჯგუფისათვის შეუძლებელია.”
ალენის განცხადებები მკაფიო და შთამბეჭდავია და მათ უცვლელად გთავაზობთ.
ქვემოთ შემოთავაზებული განცხადებები ძირითადად (თუმცა არასრულყოფილად) გადმოსცემს სიეტლის კონფერენციაზე ალენის გამოსვლის არსს.
მე ინსტიტუტის წინაშე ავიღე მორიგი ფინანსური ვალდებულება – $300 მილიონის გადაცემის პირობა იმ ახალი პროგრამების დასაფინანსებლად, რომლებზეც დღეს გიამბობთ.
ყოველთვის გაოცებული ვიყავი ადამიანის ტვინის მუშაობით. მე მაშინებს მისი უსაზღვრო კომპლექსურობა. მუშაობის თვალსაზრისით, ჩვენი ტვინი გაცილებით განვითარებულია, ვიდრე ნებისმიერი კომპიუტერი. დაუფიქრდით: ჩვენ შეგვიძლია სკოლის მოსწავლეებს სულ რაღაც ორ წელიწადში ვასწავლოთ კომპიუტერული პროგრამირება; თუმცა მთელი ცხოვრების მიძღვნის შემთხვევაშიც კი, დღეს ტვინის სრულყოფილად შესწავლისაგან ძალაინ შორს ვართ.
ამრიგად, ჩვენ მხოლოდ დავიწყეთ პრობლემათა კომპლექსის ზედაპირის შესწავლა, რამაც ტვინის მუშაობის ღრმა და დეტალურ ცოდნასთან უნდა მიგვიყვანოს.
უკვე ათწლეულზე მეტია შთაგონებული ვარ იდეით, დავაჩქაროთ ტვინის შესწავლა ისეთი წამყვანი მეცნიერების დახმარებით, როგორიცაა, მაგალითად დნმ-ის ორმაგი სპირალური სტრუქტურის ერთ-ერთი აღმომჩენი ჯიმ უოთსონი. მათ მირჩიეს შემექმნა ტვინის ზუსტი და ამომწურავი ატლასი, თითოეული გენის დეტალური აღწერით. ეს იქნება გასაღები ადამიანთა ქცევასთან, ტვინის მუშაობის დარღვევებსა და დაავადებებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად.
ეს გახლდათ „დიდი მეცნიერების” გამოწვევა ვრცელმასშტაბიანი კვლევისათვის. ცხადი იყო, რომ გვჭირდებოდა ამ სფეროს წამყვანი მეცნიერებიდა ტექნოლოგიები მონაცემთა უზღვავი რაოდენობის მისაღებად და დასამუშავებლად. ჩვენი მიზანი იყო დაგვეჩქარებინა პროგრესი მთელ სივრცეში; ამის მიღწევის საუკეთესო გზა კი მთელი მსოფლიოს მეცნიერთათვის ჩვენი მონაცემების უფასოდ მიწოდებაა. ეს გადაიქცეოდა ღია მეცნიერების ეტალონად, ჩვენი აღმოჩენები კი საზოგადოებისათვის გაიხსნებოდა.
ჩვენ შევქმენით ეს ატლასი და ჩვენს მონაცემებს იყენებს მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისათვის, როგორებიცაა აუტიზმის, ტვინის სიმსივნის, ალცჰეიმერის, ეპილეფსიის, დაუნის სინდრომისა და სხვა დაავადებათა კვლევები. დღესდღეობით მეცნიერები ტვინის ნებისმიერი ასპექტის შესწავლისას ტვინის ატლასით სარგებლობენ.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ინსტიტუტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელს, კრისტოფ კოხს, რომელიც CalTech-იდან შემოგვიერთდა. კრისტოფის მსოფლიო კლასის ტალანტი ტვინის ბიოფიზიკის სფეროში და მისი ხედვა ფასდაუდებელი იყო დღეს განხილული ინიციატივების წამოწყებისათვის.
ინსტიტუტის მუშაობა დისციპლინათშორის თანამშრომლობას მოითხოვს. ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტებულია სხვადახვა სფეროს ექსპერტებით – გენომიკითა და ნეიროანატომიით დაწყებული, ინჟინერიით, ინფორმატიკითა და კომპიუტერული მეცნიერებით დამთავრებული. ამასთან ერთად, ვთანამშრომლობთ ბევრ უნივერსიტეტთან და სხვა ლაბორატორიებთან. ამ პარტნიორებს, მათი ძლიერი მხარეების შემოთავაზებით, საკუთარი წვლილი შეაქვთ საერთო საქმეში და ჩვენს წინსვლას უფრო აჩქარებენ.
ჩვენი სამუშაო ახლა უფრო მძიმდება; ვცდილობთ გადავჭრათ თანამედროვე მეცნიერების უდიდესი პრობლემები. ჩემი დღევანდელი ამოცანა მხოლოდ ინსტიტუტის ფუნქციონირების ხელშეწყობა არ არის. ეს მნიშვნელოვნად გააფართოებს ჩვენი მისიის მასშტაბებსა და ჩარჩოებს.
იმედი გვაქვს შევძლებთ მივაღწიოთ გარღვევას ნეირომეცნიერების სფეროში და ნათელი მოვფენთ ტვინის მექანიზმის ამოუხსნელ საიდუმლოს. ამ რთული ორგანოს შეცნობას ვიწყებთ ცალკეული უჯრედის შესწავლით, რათა გავარკვიოთ როგორ ხდება მათი განვითარება, როგორ ამუშავებენ ინფორმაციას და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს. ამის პარალელურად ვსწავლობთ, როგორ მოქმედებენ უჯრედთა ჯგუფები სქემების შესაქმნელად და როგორ ხდება ამ სქემებში ინფორმაციის მიღება, გარდაქმნა და დამუშავება. ჩვენ ამ ყველაფერს ღია, საზოგადოებრივი გზით ვახორციელებთ, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით.
ჩვენ ვიწყებთ პასუხების ძიებას ნეირომეცნიერების სფეროში დაგროვილ უსერიოზულეს კითხვებზე. ეს პასუხები დაგვეხმარება ტვინის ძირითადი ფუნქციების მამოძრავებელი პრინციპების გარკვევაში; ასევე ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოგვადგება მრავალი დაავადებისა და მოშლილობის მკურნალობისას.
ვოცნებობთ, ოდესმე ავხსნათ ჩვენი ადამიანური ბუნების არსი – შევისწავლოთ და გავიგოთ როგორ გვეხმარება ტვინი დამახსოვრებაში, დავიწყებაში, ერთამნეთთან ურთიერთობაში და ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, როგორებიც ვართ.
დატოვე კომენტარი