ჯეფ ბეზოსის, ილონ მასკისა და რიჩარდ ბრენსონის მიერ დომინირებულ მილიარდერთა კოსმოსურ რბოლას კიდევ ერთი ახალი მონაწილე ჰყავს. ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის, Porsche-ს, ჰოლდინგკომპანიამ ამის შესახებ განცხადება ოთხშაბათს გააკეთა. Porsche SE, რომელიც ამავდროულად Volkswagen-ის მფლობელიცაა, ინვესტიციას გერმანულ კოსმოსური ხომალდების მწარმოებელ კომპანია Isar Aerospace-ში განახორციელებს. „პორშეს“ ოჯახის მიზანი კი SpaceX-ის, Blue Origin-ისა და Virgin Group-ისათვის დაბალღირებულებიანი სატელიტური სერვისის მიწოდებაში კონკურენციის გაწევა იქნება.
Porsche SE-ს აღნიშნულ საქმიანობაში ორი კომპანია – HV Capital და შვეიცარიული ბანკი Lombard Odier – შეუერთდება. საერთო ჯამში კი ინვესტიციების რაოდენობა 550 მილიონი აშშ დოლარი იქნება. იმისდა მიუხედავად, რომ ამერიკულ კოსმოსურ გიგანტებთან შედარებით ზემოთ აღნიშნული ნახევარი მილიარდის ინვესტიცია მცირე თანხაა, გერმანული კომპანიისათვის ეს ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობისათვის, SpaceX-ის ღირებულება 76 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. ხოლო Blue Origin-ი ყოველწლიურად ჯეფ ბეზოსისგან შემოწირულების სახით 1 მილიარდ აშშ დოლარს იღებს.
გერმანულ კომპანია Isar Aerospace-ს, 2018 წელს დაარსების შემდეგ, ამ დროის განმავლობაში შემოსავლების სახით მთლიანობაში 180 მილიონი დოლარი აქვს მიღებული. კომპანია თავის პირველ სატესტო გაფრენას Spectrum-ით მომავალ წელს გეგმავს. მაისში კომპანიამ გერმანიის კოსმოსური სააგენტოსაგან ორი კონტრაქტი მიიღო, რომელთა მიხედვითაც Isar-მა ორბიტაზე ორი სატელიტი უნდა გაგზავნოს.
დატოვე კომენტარი