მილიარდწლიანი შავი ალმასი, რომელიც დედამიწაზე არსებულ უდიდეს მოჭრილ ალმასად მიიჩნევა, აუქციონზე გაიყიდება, – ამის შესახებ BBC-ი წერს. შავი ალმასი, რომლის სავარაუდო ღირებულება $6 მილიონს შეადგენს, მომავალი კვირის ბოლოს, ლონდონში, Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ალმასის წარმომავლობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, მას „ენიგმა“ დაარქვეს – არსებობს ვარაუდი, რომ დედამიწაზე ის კოსმოსიდან მოხვდა. ეს ალმასი კარბონადოს სახეობისაა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე გამძლე ბუნებრივ ალმასად აქცევს. შავი ალმასები, როგორც წესი, 2.6-დან 3.2 მილიარდ წლამდე ასაკისანი არიან – გამოდის, რომ ისინი დინოზავრებზე უფრო ადრე გაჩნდა. ცნობისთვის, დედამიწა 4.65 მილიარდი წლისაა.
აღსანიშნავია, რომ კარბონადოს სახეობის ალმასები ძალიან იშვიათია და ამ დრომდე ისინი მხოლოდ ბრაზილიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იქნა აღმოჩენილი. საინტერესოა, რომ ამ ალმასებში შემავალი მინერალის, ოსბორნიტის გამო, რომელიც მხოლოდ მეტეორებში გვხვდება, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შავი ალმასები დედამიწაზე კოსმოსიდან მოხვდა. ამასთანავე, არსებობს მეორე ვარაუდიც, რომლის თანახმად, ეს ალმასები დედამიწისა და დიდი ზომის ასტეროიდების შეჯახების ადგილას წარმოიქმნა. თუმცა ამ ალმასების წარმომავლობის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
ცნობისთვის, შავი ალმასი 555.55 კარატს იწონის, რაც ალმასისთვის საკმაოდ მძიმე წონაა – უკეთ რომ წარმოიდგინოთ, გეტყვით, რომ ის დაახლოებით იმდენსავეს იწონის, რამდენსაც საშუალოსტატისტიკური ბანანი.
დატოვე კომენტარი