მდიდარი მოქალაქეების მიგრაცია ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია იმის განსასაზღვრად, თუ რომელ ქვეყნებშია ყველაზე ხელსაყრელი გარემო საქმიანობისა თუ ცხოვრებისთვის და რომლებში – ყველაზე უარესი.
მიგრაციის ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ომი და სამხედრო კონფლიქტი უმნიშვნელოვანესია იმ ფაქტორთაგან, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრავს მოქალაქეთა გადაადგილების დინამიკას. ამ მიმართულებით 2022 წელი გამონაკლისი ნამდვილად არ ყოფილა, მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების გადინების ყველაზე ძლიერი ტენდენცია სწორედ რუსეთსა და უკრაინაში ფიქსირდება.
აბსოლუტურ რიცხვებში ყველაზე ცუდი შედეგი რუსეთის ფედერაციას აქვს: 2022 წელს ქვეყანა 15,000-მა მდიდარმა მოქალაქემ დატოვა, რომელთა ქონების შეფასებაც 1 მილიონ დოლარს აჭარბებდა. აღნიშნული რიცხვი რუსი მილიონერების საერთო რაოდენობის 15%-ია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მდიდარი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანას ტოვებს და საცხოვრებლად სხვაგან გადადის.
რუსეთის ფედერაციის დატოვების სურვილი მარტივი მიზეზებითაა გამოწვეული – ქვეყანა ომშია ჩართული, მის წინააღმდეგ კი ყოველთვიურად ახალი ეკონომიკური სანქციები წესდება, რაც ბიზნესსაქმიანობას ართულებს. ვითარება განსაკუთრებით მწვავდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობით არიან დაკავებულნი – მათთვის საერთაშორისო სანქციები განსაკუთრებით მტკივნეულია.
მეორე ძირითადი ფაქტორი სამხედრო მობილიზაციას უკავშირდება. მიმდინარე წელს დაფიქსირებული მიგრაციის უდიდესი ტალღა სწორედ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებასთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, მდიდარ მოქალაქეებს არ სურთ ფრონტის წინა ხაზზე წასვლა და სიცოცხლის გარისკვა, ამიტომაც ისინი საცხოვრებლის ნებაყოფლობით დატოვებას ამჯობინებენ.
არასახარბიელო შედეგების მქონე ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილზე ჩინეთია. 2022 წელს ქვეყანა 10,000-მა მილიონერმა დატოვა, რაც ქვეყნის მდიდარი მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია. მართალია, ჩინეთი აბსოლუტურ რიცხვებში მეორე ადგილზეა, თუმცა მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა მაინც მცირეა.
ჩინეთიდან წასვლის სურვილი მმართველი კომუნისტური პარტიის ძალაუფლების განმტკიცებით, ნულოვანი კოვიდპოლიტიკითა და ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი რეგულაციებითაა განპირობებული. ინვესტორებსა და მეწარმეებს ურჩევნიათ, საკუთარი ბიზნესი უცხოეთში გადაიტანონ – იქ, სადაც მთავრობის მხრიდან ინტერვენციის რისკები გაცილებით დაბალია და სასამართლო სისტემა – შედარებით გამართული.
ცუდი შედეგი აქვს ინდოეთსაც. წლის განმავლობაში ქვეყანა 8,000-მა მდიდარმა მოქალაქემ დატოვა, რაც მილიონერების საერთო რაოდენობის 2%-ია. ჩინეთის მსგავსად, ინდოეთიდან წასვლის სურვილი მთავრობის შემზღუდავი პოლიტიკითა და ქონების არათანასწორი გადანაწილებითაა გამოწვეული. ინდოეთში მეწარმეებისათვის საქმიანობას განსაკუთრებით ამწვავებს კორუფციის მაღალი დონე და ნეპოტიზმი. გარდა ამისა, უცხოელი ინვესტორები ინდოეთში თანხის დაბანდებისგან თავს იკავებენ, რაც არაგამჭვირვალე საჯარო სისტემითა და კომპლექსური ბიუროკრატიული პროცედურებითაა განპირობებული.
მეოთხე ადგილზე ჰონგ-კონგია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 3,000 მილიონერი დაკარგა, რაც მდიდარი მოსახლეობის 2%-ია. მოგეხსენებათ, ჰონგ-კონგი ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, შესაბამისად, იქაც იმავე პრინციპით ვრცელდება ჩინეთთან დაკავშირებული რისკები და ნეგატიური ფაქტორები, როგორითაც, მაგალითად, შანხაისა თუ პეკინში.
აბსოლუტურ რიცხვებში მეხუთე ადგილს უკრაინა იკავებს, რომელიც წელს 2,800-მა მილიონერმა დატოვა. აღსანიშნავია, რომ მდიდარი მოსახლეობის შედარებით მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, 2,800 მოქალაქე უკრაინელი მილიონერების საერთო რაოდენობის 42%-ია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წელს ყველაზე არასახარბიელო შედეგი სწორედ მას აქვს.
უკრაინიდან წასვლის სურვილი რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული ომითაა განპირობებული: ქვეყნის არაერთი ქალაქი სრულად განადგურებულია, მილიონობით მოქალაქეს კი თავშესაფრის ძიება უცხოეთში მოუწია და, ბუნებრივია, გამონაკლისი არც მდიდარი მოსახლეობა ყოფილა.
არასახარბიელო შედეგების მქონე სახელმწიფოების საპირწონედ, ზოგიერთი ქვეყანა არსებული ვითარებით სარგებელს იღებს და მდიდარი იმიგრანტების რაოდენობას ზრდის. სტატისტიკურ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ასეთ სახელმწიფოებს შორის ისინი სარგებლობენ, სადაც სახელმწიფო პროაქტიულად უწყობს ხელს ინვესტიციების მოზიდვას და ბიზნესსაქმიანობას.
დაბალი ან ნულოვანი გადასახადები, საშეღავათო პირობები, საგრანტო პროგრამები, სახელმწიფო სუბსიდიები და სტარტაპების აქსელერაციის მრავალფეროვანი პლატფორმები – ეს იმ შესაძლებლობების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც იმიგრანტებისთვის მიმზიდველი სახელმწიფოები უცხოელ მოქალაქეებს სთავაზობენ.
ამ შემთხვევაში, რეიტინგის სათავეში არაბთა გაერთიანებული საამიროებია. წლის განმავლობაში ქვეყანაში საცხოვრებლად 4,000 მილიონერი გადავიდა, რაც მდიდარი მოსახლეობის 4%-ია. საამიროები განსაკუთრებით მიმზიდველია ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებისთვის, რაც სახელმწიფო პროგრამებითა და საგადასახადო პოლიტიკითაა განპირობებული.
მეორე ადგილს ავსტრალია იკავებს, რომელმაც წელს 3,500 მდიდარი მოქალაქე მიიღო. ავსტრალია იმიგრანტებისათვის მიმზიდველი იმიტომაა, რომ საგადასახადო პოლიტიკა მოქნილია, სასამართლო – დამოუკიდებელი და გამჭვირვალე, ბიზნესის შექმნის შესაძლებლობები კი მრავალფეროვანი.
რეიტინგში მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე მოხვედრილ სახელმწიფოებს თითქმის ერთნაირი თვისებები გამოარჩევთ, ესენია: ეკონომიკური სტაბილურობა, უსაფრთხოება, ჩამოყალიბებული კაპიტალის ბაზარი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა და შედარებით დაბალი გადასახადები.
ამ თვისებებით გამორჩეული სინგაპური წელს 2,800-მა იმიგრანტმა აირჩია, რაც მდიდარი მოსახლეობის 1%-ია; 2,500-მა მილიონერმა არჩევანი ისრაელზე შეაჩერა, რითაც მდიდარი მოსახლეობის რაოდენობა 2%-ით გაიზარდა; ხოლო საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლის სურვილი წელს 1,500-მდე მილიონერს ჰქონდა, რაც ამერიკის მრავალრიცხოვანი მდიდარი მოსახლეობის გათვალისწინებით, მხოლოდ 0.2%-ია.
მიგრაციის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მდიდარი მოქალაქეები თავს არიდებენ ომს, არასტაბილურობას, ავტორიტარულ რეჟიმებსა და მკაცრ რეგულაციებს, საცხოვრებლად კი მაქსიმალურად სტაბილურ და საგადასახადო პოლიტიკით ბიზნესზე მორგებულ გარემოს ირჩევენ.
დატოვე კომენტარი