ბიზნესმენ ლევან ვასაძის ბიზნესსაქმიანობა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გასულ კვირას განაცხადა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი” წარადგინა, ძირითადად რუსეთის ფედერაციას უკავშირდება. ვასაძის საინვესტიციო კომპანია რამდენიმე მსხვილ ბიზნესში სწორედ საქართველოს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში იყო ჩართული.
სტარტი და საინვესტიციო ფონდები კაიმანის კუნძულებზე
1998-2006 წლებში იგი რუსეთის ერთ-ერთ მსხვილ ჰოლდინგში АФК “Система”-ში მუშაობდა და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა. АФК “Система”-ს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლის შემდეგ, 2006 წელს, ვასაძე კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული სადაზღვევო ფირმა ROSNO-ს ხელმძღვანელი გახდა. 2007 წელს გერმანულმა ჰოლდინგმა Allianz–მა რუსული АФК “Система”-სგან ROSNO-ს წილი $750 მილიონად იყიდა. ამ გარიგების შემდეგ ლევან ვასაძემ კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.
მომდევნო წლებში ლევან ვასაძემ პარტნიორებთან ერთად კაიმანის კუნძულებზე საინვესტიციო ფონდები Prometheus Capital Partners-ი და CIS Acquisition-ი დააარსა. 2010 წელს ვასაძის Prometheus Capital Partners-მა $50-მილიონიანი სესხის მისაღებად EBRD-ს მიმართა. ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში ვასაძის ფირმა $350 მილიონის მოცულობის საინვესტიციო პორტფელის შექმნას ცდილობდა. თუმცა, EBRD-ის ვებგვერდის თანახმად, ეს გარიგება არ შედგა.
ზოომაღაზიების ქსელი
2010 წელს ლევან ვასაძის საინვესტიციო კომპანია Prometheus Capital Partners-მა ზოომაღაზიების ქსელის “Бетховен”-ის და “ზოობუმის” საკონტროლო პაკეტი შეიძინა. 2017 წელს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვასაძე კომპანიაში წილის გაყიდვას გეგმავდა. რუსული მედიის ინფორმაციითვე, ამ პერიოდში კომპანიის ღირებულება 5 მილიარდ რუბლად, ანუ დაახლოებით $70 მილიონად, ხოლო მასში ლევან ვასაძის საკონტროლო პაკეტის წილი კი 3-3.5 მილიარდ რუბლად, ანუ $40-$45 მილიონად იყო შეფასებული. თუმცა, როგორც ვასაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ის ზოომაღაზიების ქსელში წილს ამ დრომდე ინარჩუნებს.
“მე მაქვს მხოლოდ წილი მაღაზიების ქსელში, რომელიც არის ზოომაღაზიებში და ჩემი ამ გადაწყვეტილების შემდეგ [პოლიტიკაში მოსვლის] ვაპირებ, გავყიდო ეს წილი, რათა აღარ მქონდეს აღარანაირი კავშირი ამ ჩემს ბიზნესთან”,- განუცხადა ლევან ვასაძემ „რუსთავი 2“-ს.
რუსული IT კომპანიის AT Consulting-ის შესყიდვა
2016 წლიდან 2017 წლის ივნისამდე ლევან ვასაძე ფლობდა და ხელმძღვანელობდა რუსულ IT საკონსულტაციო ფირმა AT Consulting-ს, რომელიც, კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ამ პერიოდში 2500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებდა. 2016 წელს კომპანიის შემოსავალი 11.87 მილიარდი რუბლი იყო. რაც ამ პერიოდის გაცვლითი კურსის მიხედვით, $160 მილიონამდე იყო. Vedomosti-ის ინფორმაციით, ამ კომპანიის მაჟორიტარული წილი და მართვის უფლებაც მის წინა მფლობელს, სერგეი შილოვს დაუბრუნდა.
2017 წლის მაისში RBK-სთან ინტერვიუში ვასაძემ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას გლობალურ IT კონსალტინგის სფეროში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციის დაკავება შეუძლია და ამ მხრივ ინვესტიციაც კომპანიის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით განახორციელა. ინტერვიუდან მალევე ვასაძემ კომპანია დატოვა.
2015 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ლევან ვასაძე АФК “Система”-ს მმართველობის საბჭოს დაუბრუნდა და საინვესტიციო პორტფელის მიმართულებით ვიცე-პრეზიდენტი გახდა. თუმცა შემდეგ ეს პოსტი ისევ დატოვა.
ლევან ვასაძის ქართული ბიზნესი
საქართველოში ლევან ვასაძის აქტივებს შორის ცქრიალა ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია “ბაგრატიონი 1882”-ია.
კომპანიის მიერ reportal.ge-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს სააქციო საზოგადოება “ბაგრატიონი 1882”-ის შემოსავალი 8,915,606 ლარი იყო. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ეს კომპანია 2019 წელს 1,620,124 ლარის ზარალზე იყო. საბალანსო უწყისის მიხედვით, კომპანიას 22,044,135 ლარის აქტივები ეკუთვნის.
“ბაგრატიონი 1882”-ის გენერალური დირექტორი ლევან ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილია. კომპანიის 96,82%-იან წილს ვასაძესთან დაკავშირებული ლუქსემბურგული კომპანია “ქორ ინვესტი” ფლობს.
კიდევ ერთი ბიზნესი, რომელშიც ლევან ვასაძე საქართველოში არის ჩართული, სასკოლო განათლების სფეროა. მისი მეუღლე ნინო დურგლიშვილი ფლობს კიკეთში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სასწავლების 100%-იან წილს.
კომპანიის მიერ reportal-ზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს სკოლის შემოსავალი 978,514 ლარი, მისი წმინდა მოგება კი 266,239 ლარი იყო. სკოლის აქტივების მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის 1,952,743 ლარს შეადგენდა.
2013-დან 2016 წლამდე ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის – თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის “ჯი სი ეფ პარტნიორების” 16%-იან წილს ფლობდა. ამასთან, ვასაძემ 2013 წელს “თანაინვესტირების ფონდის” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ის ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრი იქნებოდა.
ამასთან, ცნობილია, რომ ლევან ვასაძის და, თამარ ვასაძე ფლობს 83%-იან წილს ეროვნული სამოსის მწარმოებელ ბრენდ “სამოსელი პირველში”.
დატოვე კომენტარი