მიმდინარე კვირა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ეკონომიკების ნაწილობრივ გახსნის თვალსაზრისით. ამიტომაც მსოფლიო ეკონომიკისთვის ერთ-ერთი წამყვანი მოვლენა ამ კვირაში სწორედ ეს იქნება.
დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება საფრანგეთში. შვეიცარიაში ნაწილობრივ აღდგება რითეილ სფეროს მუშაობა, გაიხსნება მუზეუმები და ბიბლიოთეკები. ავსტრიაში კი 15 მაისიდან გახსნიან სალოცავებსა და რესტორნებს. ხოლო ნიდერლანდებში დაწყებითი სკოლების ნაწილი განაახლებს სასწავლო პროცესს.
რითეილის სექტორი განაახლებს მუშაობას ბელგიაშიც, თუმცა, მხოლოდ იმ რითეილ ობიექტებს ეხება შეზღუდვების მოხსნა, სადაც ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტი არ არის უშუალო. საბერძნეთში კი რითეილის თითქმის ყველა მიმართულება განაახლებს მუშაობას.
მნიშვნელოვანია, რომ თურქეთში მიმდინარე კვირიდან იხსნება ყველა ავტოსაწარმო. როგორც ქვეყნის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრმა განაცხადა, ქვეყანაში ასევე განაახლეს მუშაობა სამკერვალო კომპანიებმა. აშშ-შიც შტატების ნაწილში ეკონომიკის გახსნა დაიწყო. ზოგან აღდგა საწარმოო მუშაობა. ეს ყველაფერი კი ეკონომიკის ამუშავებას შეუწყობს ხელს, რასაც არამხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ გლობალურადაც ექნება გავლენა.
ჩინეთმა მაგალითად ეკონომიკის გახსნა დაიწყო ჯერ კიდევ გასულ თვეს. ამ კვირაში კი ქვეყანაში წარადგენენ პირველ მონაცემებს და შეფასებებს საწარმოო პროცესების აღდგენის, უმუშევრობის დონის შემცირების შესახებ, რაზეც გავლენა უნდა მოეხდინა სწორედ ეკონომიკის გახსნას. საინტერესო იქნება ალბათ პირველი მსგავსი მონაცემები, თუ რა შედეგებს მიაღწია ქვეყანამ ამ კუთხით ბიზნესების გახსნით.
მიმდინარე კვირის ბოლოს ცნობილი გახდება ასევე აშშ-ში რითეილ გაყიდვებისა და მომხმარებელთა მიერ დანახარჯების შესახებ მონაცემები. 15 მაისს წარადგენენ რიცხვებს, რომელიც აშშ-ში კრიზისის შედეგად რითეილ სექტორის ზიანს ასახავს. როგორც ვიცით, კარანტინმა და სახლში დარჩენის შესახებ მოწოდებამ მნიშვნელოვნად დააზარალა ყველა ქვეყანა და მათ შორის აშშ-ი განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩინეთისგან განსხვავებით მაგალითად აშშ-ის ეკონომიკა უფრო მეტადაა დამოკიდებული მომხმარებელთა მხარჯველობაზე.
კვირის ბოლოს მოსალოდნელი გაცხადებული მონაცემებით ასევე ნათელი გახდება, თუ რამდენად გაიზარდა ელექტრონული კომერცია ქვეყანაში და რამდენად ანაცვლებს ელექტრონული კომერცია ტრადიციულ რითეილ სექტორს.
რაც შეეხება ევროკავშირს, მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის ეკონომიკური მიმოხილვა, რომელიც ბლოკში ეკონომიკურ და მონეტარულ ვითარებას ასახავს. აღნიშნულ მიმოხილვას ევროპის ცენტრალური ბანკი წელიწადში რვაჯერ აქვეყნებს. ამ კვირის მიმოხილვა განსაკუთრებით საინტერესო იქნება, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის გავლენები, უფრო ნათლად იქნება წარმოდგენილი ევროპულ ბლოკში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მიმდინარე კვირას ასევე ეკონომისტებისა და ბიზნესების ყურადღება იქნება მიმართული, ისევ არის ნავთობის ფასი. გასულ კვირას ე.წ შავ ოქროზე ფასი დასტაბილურდა – ამჟამად ბარელი WTI ნავთობი დაახლოებით 25 დორალი ღირს. თუმცა, მიმდინარე კვირას ფასის ზრდის ტრენდი შესაძლოა შენარჩუნდეს, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე დაიწყო ბიზნესების გახსნა ქვეყნების დიდ ნაწილში და ეკონომიკური აქტივობის აღდგენა. აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას 17%-ით გაიზარდა „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასიც, რომელიც ამჟამად 30 დოლარი ღირს ბარელზე.
და ბოლოს, მიმდინარე კვირას დაახლოებით 50 მსხვილი საერთაშორისო კომპანია წარადგენს პირველი კვარტლის შემოსავლების შესახებ მონაცემებს. მათ შორის არის Maruti Suzuki-ი, Kotak Mahindra Bank-ი, Dr Reddy’s Labs-ი, Cipla, Biocon-ი, Bandhan Bank-ი, Havells India, ABB India, Siemens-ი და M&M Financial Services-ი. ვიცით, რომ უმსხვილესი კომპანიების შემოსავლები პირველ კვარტალში არის შემცირებული. განსაკუთრებით დიდი ზიანი რითეილ სექტორს მიადგა. ალბათ, არც არავინ ელოდება, რომ მაგალითად Siemens-ის ან Maruti Suzuki-ის შემოსავლები და მოგება გაზრდილი იქნება პირველ კვარტალში, თუმცა, ვნახოთ, როგორ მონაცემებს დადებენ ისინი.
დატოვე კომენტარი