მიმდინარე კვირას მსოფლიო ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი. ასევე მოსალოდნელია საინტერესო სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებაც. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს მოკლედ:
- ევროპის ცენტრალური ბანკი ყოველთვიურ ბიულეტინს გამოაქვეყნებს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს, რასაც მმართველი პირები საპროცენტო განაკვეთების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ.
- ამ კვირაშივეა დაგეგმილი ევროპის ცენტრალური ბანკის შეხვედრაც, თუმცა ის არ იქნება მონეტარული პოლიტიკის შესახებ.
- ევროკავშირის საბჭოს ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია ელექტრონული ჯანდაცვის უსაფრთხოების თემაზე. მასზე დასწრება ონლაინ იქნება შესაძლებელი.
- ესპანეთი გამოაქვეყნებს სავაჭრო ბალანსის შესახებ განახლებულ მონაცემებს, ასევე ცნობილი გახდება ესპანეთში მშპ-ის მეორე კვარტლის მონაცემები.
- საფრანგეთში ბიზნესის აქტიურობის კვლევის შედეგები გასაჯაროვდება. ცნობისთვის, აღნიშნული მონაცემები სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილი 4 000 ბიზნეს-ლიდერის გამოკითხვას ეფუძნება.
- იაპონიაში მიმდინარე კვირას მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის შესახებ შეხვედრა, რომელზეც იაპონიის ცენტრალური ბანკის პოლიტიკას განიხილავენ.
- აშშ-ში კი ხაზინის დეპარტამენტი გამოაქვეყნებს ნახევარი წლის ანგარიშს, რომელშიც მიმოხილული იქნება საერთაშორისო ეკონომიკური და სავალუტო პოლიტიკა აშშ-ის მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში.
- მიმდინარე კვირას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი კონგრესის ეკონომიკის კომიტეტის წინაშე წარდგება, სადაც მას მოუწევს ეკონომიკური პროგნოზისა და ბოლო პერიოდში მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა.
- რუსეთში კი განახლებული მშპ-ის მაჩვენებლის გამოქვეყნებას ელიან.
დატოვე კომენტარი