გერმანული BioNTech–ის მიერ COVID-19-ის ინოვაციური ვაქცინის შემუშავებისა და წარმოების შედეგად, კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი ევროპის უმსხვილეს ეკონომიკას წელს 0.5%–ით გაზრდის.
გერმანიის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წელს დაახლოებით 4% იყო, გასულ წელს კი პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო ქვეყნის ეკონომიკა 4.6%–ით შემცირდა. სებასტიან დულიენის, მაკროეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის შეფასებით, BionTech–ის მიერ უახლესი, mRNA ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კორონავირუსის ვაქცინის შექმნის გამო, კომპანია გერმანიის მთლიან შიდა პროდუქტს დაახლოებით ერთი მერვედით გაზრდის.
„მე არ მახსენდება სხვა მაგალითი, როდესაც ერთმა კომპანიამ ასეთი დიდი გავლენა მოახდინა გერმანიის მშპ–ზე“ – განაცხადა დულიენმა როიტერსთან საუბრისას. დულიენის თქმით, ის, როგორც ეკონომისტი, კომპანიებს განკერძოებულად არ განიხილავს, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ცალკეულ კომპანიებსაც აქვთ დიდი მაკროეკონომიკური გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.
საინტერესოა, რომ დულიენის მოსაზრებას გერმანიის მთავრობაც იზიარებს. მათი განცხადებით, ნამდვილად შესაძლებელია, რომ BionTech–ის ეფექტი ეკონომიკურ ზრდაში ადვილად მიაღწევს 0.5 პროცენტულ პუნქტს მიმდინარე წელს.
დულიენის გათვლები ეფუძნება BioNTech– ის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, კომპანია მიმდინარე წელს ვაქცინაციიდან დაახლოებით 15.9 მილიარდი ევროს შემოსავალს მიიღებს, რაც დაახლოებით 3.5 მილიარდით მეტია ადრეულ შეფასებაზე. ეს კი გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.5%–ია, ამჟამად გერმანიის მშპ 3.3 ტრილიონ ევროს შეადგენს.
იმდენად, რამდენადაც BioNTech-ი საზღვარგარეთიდან ძალიან მცირე რაოდენობის პროდუქტს ყიდულობს, მათ მიერ მიღებული შემოსავალი თითქმის მთლიანად შიდა დამატებით ღირებულებას წარმოადგენს და შესაბამისად პირდაპირი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.
ამასთან, გერმანიის უმსხვილესი საავტომობილო ქარხნებისაგან განსხვავებით, რომლებიც თავის პროდუქციას ქვეყნის გარეთ აწარმოებენ, BioNTech-ი ვაქცინას მარბურგის ქარხანაში, დასავლეთ გერმანიაში ქმნის. გარდა ამისა, ის იღებს ლიცენზიის საფასურს მისი ამერიკული პარტნიორი Pfizer-ისგან.
ING ბანკის ეკონომისტმა, კარსტენ ბჟესკიმ გაიზიარა დულიენის მოსაზრება და დასძინა, რომ BioNTech–ის წარმატების ისტორია უბრალოდ არაჩვეულებრივია. „არ არის ბევრი კომპანია, რომელმაც ნულიდან ერთ წელიწადში ასეთ წარმატებას მიაღწია“.
დატოვე კომენტარი