წამყვანი ეკონომიკის ქვეყნები, რომლებიც დიდი შვიდეულის ფორმატში ერთიანდებიან, შეთანხმდნენ, დააწესონ მინიმალური გლობალური კორპორაციული გადასახადი (Global Minimum Tax) სულ მცირე 15%-ის მოცულობით. აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს წლებში მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მულტინაციონალური კორპორაციების გადაწყვეტილებაზე, მათი ბიზნესები გაიტანონ ოფშორულ ზონებში ან ისეთ ქვეყნებში, სადაც გადასახადები უფრო მცირეა.
5 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და კანადის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გლობალური მასშტაბის კომპანიებისთვის კორპორაციული გადასახადის მინიმალური ზღვარი სულ მცირე 15% იქნება.
რა არის მინიმალური გლობალური გადასახადი და როგორ იმუშავებს ეს მოდელი?
მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნები მიზნად ისახავენ შეამცირონ გლობალური კორპორაციების მოტივაცია, ქვეყნის საზღვრებს მიღმა გაიტანონ ბიზნეს-ერთეულები და ამ გზით შეამცირონ გადასახადების მოცულობა.
აღნიშნული ტენდენცია დიდწილად გვხვდება ფარმაცევტულ და ტექნოლოგიურ გიგანტებში, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზიანტ ფირმებში. მათი ბიზნესსაქმიანობის ოფშორებში ან დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნებში გადატანით აღნიშნული ფირმები საშემოსავლო და მოგების გადასახადების მოცულობის შემცირებას ცდილობენ. ხშირ შემთხვევაში კი საკუთარ სერვისს ან პროდუქციას ამ ქვეყნებში ნაკლებად ყიდიან.
მინიმალური გლობალური გადასახადი სწორედ ამ ქცევის აღმოფხვრისკენ არის მიმართული – თუკი შეთანხმება შესრულდება, დიდი შვიდეულის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული გლობალური კორპორაციები ვალდებულები იქნებიან გადაიხადონ მინიმალური გლობალური გადასახადი, მიუხედავად იმისა, თუ სად არეგისტრირებენ ისინი შემოსავალს და მოგებას.
მაგალითისთვის, თუკი კომპანია Abc გლობალური კომპანიაა და რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი შემოსავლები რეგისტრირებულია უნგრეთში, სადაც საშუალო კორპორაციული გადასახადი 9%-ია, აშშ შეძლებს კომპანიას დააკისროს უფრო მეტი გადასახადის გადახდა, მინიმალური გლობალური გადასახადის ფარგლებში.
რაზე შეთანხმდნენ დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები?
„დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრებმა მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას, განახორციელონ გლობალური საგადასახადო სისტემის რეფორმა იმგვარად, რომ ის შესაბამისობაში იყოს გლობალურ ციფრულ ეპოქასთან“ – განაცხადა ორდღიანი შეხვედრების დასრულების შემდეგ ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა.
პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია – მინიმალური გლობალური კორპორაციული გადასახადი სულ მცირე 15% იქნება. ჯერჯერობით უცნობია ამ გადასახადის ზუსტი მოცულობა, როდიდან ამოქმედდება ის და ზუსტად რა სახის კორპორაციებს შეეხება. ბევრად მეტი დეტალი დაზუსტდება ივლისში, როდესაც დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოები შეიკრიბებიან.
გარდა ამ ისტორიული გადაწყვეტილებისა, დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ კომპანიებისთვის სავალდებულო გახადონ მათი გარემოზე ზემოქმედების დეკლარირება. მათი შეფასებით, ეს ინვესტორებს დაეხმარება გადაწყვიტონ, რომელ კომპანიებში სჯობს კაპიტალის ინვესტირება და ამასთან, უბიძგებს კომპანიებს, შეამცირონ მათი უარყოფითი გავლენა გარემოზე.
როგორი სურათია მსოფლიოში
დიდი შვიდეულის ახალი შეთანხმება თანხვედრაში მოდის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიზანთან, მსოფლიოს 140 ქვეყანა შეთანხმდეს გადასახადების რეგულირებაზე, მათ შორის, მინიმალური გლობალური კორპორაციული გადასახადის დაწესების მიმართულებით.
OECD-ის შეფასებით, აღნიშნული კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, კორპორაციების მიერ სახელმწიფოებისთვის გადასახდელი გადასახადების მოცულობა საშუალოდ $50-80 მილიარდით გაიზრდება.
თუკი OECD და დიდი ოცეული (G20) ამ მიმართულებით შეთანხმებას მიაღწევენ, მცირე ზომისა და დაბალი კორპორაციული გადასახადების მქონე ქვეყნებს გაუჭირდებათ შეთანხმების დაბლოკვა. ამის ნათელი მაგალითია ირლანდია – ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, პასკალ დონაჰიუ იმედს იტოვებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მცირე ზომის ქვეყნების ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული და ამ ნაბიჯით ისინი არ დაზარალდებიან. ცნობისთვის, ირლანდიაში კორპორაციული გადასახადის მოცულობა 12.5%-ს შეადგენს.
ყველაზე მაღალი კორპორაციული გადასახადის მქონე 5 ქვეყანა OECD-ში
- საფრანგეთი – 32%
- ავსტრალია – 30%
- მექსიკა – 30%
- პორტუგალია – 30%
- ახალი ზელანდია – 28%
ყველაზე დაბალი კორპორაციული გადასახადის მქონე 5 ქვეყანა OECD-ში
- შვეიცარია – 8.5%
- უნგრეთი – 9%
- ირლანდია – 12.5%
- კანადა – 15%
- ლიეტუვა – 15%
სტატისტიკური ინფორმაციის წყარო: OECD
დატოვე კომენტარი