ხართ თუ არა დასაქმებული? – ეს არის კითხვა, რომელსაც დადებითად საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები სცემს პასუხს. ეს კი იმის მიუხედავად, რომ, ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა და 12.7%-ს შეადგენს.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სამუშაო ადგილები მთავარ ეროვნულ პრობლემას წარმოადგენს. სამუშაო ადგილებს ფასებისა და სიღარიბის პრობლემა მოჰყვება.
საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში განიხილება ინიციატივა, რომელიც ხელფასების პრობლემის მოგვარებას ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევით გეგმავს.
საუბარია მინიმალური ხელფასის ეროვნული კანონმდებლობის მიღებაზე, რაც ქვეყანაში მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს დასაქმებულთათ ვის კანონით დადგენილ მინიმალურ ხელფასზე ნაკლები ანაზღაურების გაცემას აუკრძალავს.
ისევე როგორც სხვა მომსახურებისა და პროდუქციის ფასი, შრომის ფასიც მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე დგება. თუ საქართველოს მთავრობა ამ ბაზარზე ფასწარმოქმნის პროცესში შეიჭრება, ამას მოსახლეობის ფართო ფენაზე ექნება გავლენა.
მთავრობები, ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ხშირად აწესებენ მინიმალურ სახელფასო რეგულაციებს. ერთი შეხედვით, თუ დამსაქმებლებს გაუჩნდებათ ვალდებულება, ყველა დასაქმებულს თვეში პირობითად 500 ლარზე მეტი გადაუხადონ, ეს ყველა დასაქმებულზე, განსაკუთრებით კი მათზე, ვისაც 500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს, დადებითად უნდა აისახოს, თუმცა ასე არ ხდება.
რატომ არის მინიმალური ხელფასის დაწესება კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და რატომ დააყენებს ის ათასობით სამუშაო ადგილს რისკის ქვეშ?
დღეს საქართველოს შრომის ბაზარი არაფორმალური დასაქმების (თვითდასაქმების) სახით უმძიმესი პრობლემის წინაშე დგას. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება 1.69 მილიონი ადამიანი. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით კი გასულ წელს ხელფასი 1.13 მილიონ ადამიანს ჰქონდა. შესაბამისად, ნახევარი მილიონი ადამიანი, ოფიციალურად დასაქმებულად რომ ითვლება, რეალურად ცხოვრობს ისე, რომ წლის განმავლობაში ოფიციალურად არც ერთი თეთრის შემოსავალი არა აქვს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყანაში არაფორმალური სექტორის მასშტაბები კვლავ დიდია.
ეკონომიკაში თვითდასაქმების ასეთი მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სისტემური გამოწვევაა.
თვითდასაქმებულებს შორის დაახლოებით 80% სოფლად მცხოვრები შრომისუნარიანი მოსახლეობაა, მათ სტატისტიკა დასაქმებულებად მხოლოდ იმიტომ აღრიცხავს, რომ ისინი საკუთარ ნაკვეთებში მოსავლის მიღების მიზნით მუშაობენ. მათ შესაძლოა ნატურის (მოყვანილი პროდუქციის) გარდა არანაირი ფინანსური შემოსავალი არ ჰქონდეთ, მაგრამ ისინი მაინც დასაქმებულებად ითვლებიან.
2018 წლის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1124 ლარია. თუმცა საშუალო ხელფასი რეალურად მოქალაქეთა ანაზღაურების საშუალო არითმეტიკულს წარმოადგენს და ის ხელფასების განაწილებას არ ასახავს.
რა მოხდება მაშინ, თუ ოფიციალურ მინიმალურ ხელფასად 200-300 ლარი დადგინდა?
იმის გამო, რომ მინიმალური ხელფასი, როგორც წესი, ყველაზე დაბალ საშემოსავლო ჯგუფებს ეხება, ეკონომიკურად ყველაზე დიდი გავლენა მას სწორედ სოციალურად მოწყვლად ფენებზე ექნება.
დღეს 300 ლარზე ნაკლები ანაზღაურება (წლიურად 3600 ლარზე ნაკლები შემოსავალი) 393,000 მოქალაქეს აქვს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10%-ზე მეტს შეადგენს.
შესაბამისად, მინიმალური ხელფასი მოქალაქეთა 10%-ზე პირდაპირ, დანარჩენ 90%-ზე კი ირიბ გავლენას მოახდენს.
დამსაქმებლების ნაწილი იძულებული გახდება, რომ საკუთარი სამუშაო ძალა შეამციროს, რაც უმუშევრობის პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.
მინიმალური ხელფასის კიდევ ერთი ეფექტი არაფორმალური სექტორის ზრდა იქნება. იმის გამო, რომ დამსაქმებელი ოფიციალურ კონტრაქტში 300 ლარზე ნაკლებ ხელფასს ვერ ჩაწერს, ამ კატეგორიის დასაქმებულების ნაწილი არაფორმალურ სექტორში გადაინაცვლებს, რის შედეგადაც 1) სახელმწიფო მათი საშემოსავლო გადასახადის საბიუჯეტო შემოსავალს დაკარგავს; 2) ოფიციალური კონტრაქტის არარსებობის პირობებში, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის ხარისხი გაუარესდება.
იმის გამო, რომ ათასობით ბიზნესს დასაქმებულთა ანაზღაურების საკანონმდებლო მოთხოვნებით დადგენილ ნორმასთან გათანაბრება დაევალება, ამას ამ ბიზნესების ხარჯების ზრდა მოჰყვება, რასაც კერძო კომპანიები საკუთარ სარეალიზაციო ფასებში ასახავენ, ეს კი ფასებსა და ინფლაციაზე აისახება, რაც ყველაზე მძიმე ტვირთად ისევ მოსახლეობის მოწყვლად ფენას დააწვება.
მინიმალური ხელფასის პირობებში კომპანიებმა საბაზრო კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მოტივით შესაძლოა გაფართოების გეგმები გადადონ, რაც არსებული უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას კიდევ უფრო გაართულებს.
არშექმნილი სამუშაო ადგილების პრობლემა
2015 წლის იანვრიდან გერმანიაში დამსაქმებლებს თანამშრომელთათვის საათში €8.50-ზე ნაკლები ანაზღაურების გადახდა აეკრძალათ. შემდგომში აღნიშნული მინიმუმი ჯერ €8.84-მდე, შემდგომ კი €9.19-მდე გაიზარდა. რეფორმის პირველადი ბენეფიციარები იყვნენ პირები, რომლებიც ამაზე ნაკლებ თანხას გამოიმუშავებდნენ. ამ ადამიანების რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში 900,000-ს შეადგენდა.
გერმანიის შრომის კვლევითი ინსტიტუტის (IAB) მიერ მინიმალური ხელფასების რეფორმის შესახებ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ცვლილებამ ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა შეაფერხა, უკვე არსებულთა ნაწილი კი გააქრო.
IAB-ის მიერ გამოკითხული კომპანიების 20%-ში აცხადებენ, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება მათ ბიზნესზე ნეგატიურად აისახა. ბიზნესმენთა თქმით, ცვლილებებმა მათ საკუთარი პროდუქციის ფასის გაძვირებისკენ უბიძგა. ასევე, ზოგიერთმა კომპანიამ იმისთვის, რომ დასაქმებულისთვის საათში €8.50 გადაეხადა, ამ დასაქმებულთა სამუშაო საათები შეამცირა, რამაც მათი წარმოების მოცულობის გარკვეული შემცირებაც გამოიწვია. ზოგიერთმა კომპანიამ კი თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი გაათავისუფლა.
ორგანიზაციის შეფასებით, მინიმალური ხელფასების გამო გაზრდილმა ხარჯებმა ბიზნესებს 60,000 სამუშაო ადგილის შექმნაზე ათქმევინა უარი.
იმ პირობებში, როდესაც საქართველოში მხოლოდ 1.13 მილიონი ადამიანი არის კონტრაქტით დასაქმებული, კომპანიების მხრიდან ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე უარის თქმა მომავალ წლებში ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის დაძლევაზე უარყოფითად იმოქმედებს.
სახელმწიფოს ჩარევის ფასი
საფასო კონტროლი და მთავრობის მიერ ბაზარზე უხეში ჩარევა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველო უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა.
დამოუკიდებლობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველომ საბჭოთა კავშირისგან “მავნე მემკვიდრეობის” სახით, თითქმის უცვლელად გადაიბარა “ფასების კონტროლის” პრაქტიკა. სახელმწიფო საფასო რეგულირების სფეროში დარჩა ძირითადი სამომხმარებლო საქონელი, რაც შემდგომში სურსათზე უმწვავესი დეფიციტის მიზეზად იქცა.
1993 წელს სახელმწიფომ მოქალაქეებზე ზრუნვის მოტივით, ფასების კონტროლის შესახებ საბჭოთა კანონმდებლობა ქართული კანონებით ჩაანაცვლა. პური, კვერცხი და კიდევ სხვა მრავალი დასახელების საქონელი სპეციალური სახელმწიფო კომისიის მიერ დადგენილ ფასად უნდა გაყიდულიყო, ეს ფასი კი ამ საქონლის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით რამდენჯერმე დაბალი იყო. პურის, კვერცხის, ხორცის, ფქვილის თუ ნავთის რიგები სწორედ ასეთი ანტისაბაზრო რეგულაციების შედეგი იყო, რაც, თავის მხრივ, ამ ბაზრებზე ჩრდილოვანი მოთამაშეებისა და კორუფციისთვის კატალიზატორის ფუნქციას ასრულებდა.
რა მოჰყვება საფასო კონტროლის დაწესებას სხვა ბაზრებზე:
საქართველოს მთავრობა დღესაც თუ დაადგენს, რომ მოქალაქეებს პურის შეძენა 50 თეთრად უნდა შეეძლოთ და ეკონომიკურ აგენტებს ამაზე მაღალი ფასის დაწესებას აუკრძალავს, ქვეყანაში ადრე თუ გვიან ამ საქონლის დეფიციტი დაიწყება. პურის მოთხოვნა-მიწოდების გრაფიკზე არსებული საბაზრო ფასის P1-ის, ანუ 1 ლარის ხელოვნური საფასო ჭერით, P2-ით (50 თეთრით) ჩანაცვლების დროს აშკარაა, რომ როდესაც პურის ფასი 50 თეთრია, ამ დროს მოსახლეობა მზადაა, 2,920,000 ერთეული პური შეიძინოს, თუმცა 50 თეთრის საფასო ჭერის პირობებში მწარმოებლები ბაზარს მხოლოდ 2,165,000 ერთეულ პურს მიაწვდიან.
სხვაობა მოთხოვნით არსებულსა და ბაზრის მიერ მიწოდებულ პურს შორის დეფიციტს წარმოადგენს და ის 755,000-ს შეადგენს. ასეთ პირობებში ყველაზე მეტად მოსახლეობის მოწყვლადი ფენა ზარალდება, რადგანაც დეფიციტის პირობებში მათთვის პურის შეძენა გართულდება. “თეთრ ბაზარზე” პური ეღირება 50 თეთრი, თუმცა მის შესაძენად მოსახლეობას რიგებში დგომა მოუწევს, თავის მხრივ, გაჩნდება “შავი”, ე.წ. “სპეკულაციური”ბაზარი, სადაც გადამყიდველები პურს სხვა ფასად გაყიდიან. თავის მხრივ, “შავი ბაზრის” წარმოშობა კორუფციის გაღვივებისთვის გააჩენს ნოყიერ ნიადაგს, კორუფციის ზრდა კი ასევე სხვა მიმართულებებით შექმნის ახალ პრობლემებს.
იმ პირობებში, როდესაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ღარიბ ქვეყნად რჩება, შრომის ბაზარზე ისეთი რეგულაციის მიღება, რომელიც ათიათასობით მოქალაქეს გაურთულებს სამუშაო ადგილის პოვნას, ქვეყნის განვითარების ტემპს კიდევ შეამცირებს.
დატოვე კომენტარი