თუ მსოფლიო What3Words-ის ჭკვიანურ სამისამართე სისტემას აითვისებს, კიდევ მილიარდობით ადამიანი შეძლებს, სახლში მიიღოს ფოსტა თუ სხვა გზავნილი.
ნიუ-დელის სწრაფად მზარდ გარეუბანში, ახალგაზრდა ქალები ვარდისფერ მოტოციკლეტ-ტაქსის უქნევენ ხელს. ამისათვის ისინი აპლიკაცია Bikxie-ს იყენებენ. იანვარში ჩაშვებულ Bikxie-ს ახალი ფუნქცია აქვს: ის ქალ მძღოლებს ქალ კლიენტებს უწყვილებს. მალე კიდევ ერთი ფუნქციაც დაემატება. გურუგრამში, სადაც სწრაფმა მშენებლობამ ადგილმდებარეობები სულ არივ-დარია, აპლიკაციის მომხმარებლებს ქუჩის მისამართის ცოდნა აღარ დასჭირდებათ. ნაცვლად ამისა, Bikxie-ს დამფუძნებელ დივიას კალიას თქმით, მძღოლები უბრალოდ სამ ჩვეულებრივ სიტყვას აკრეფენ და მოახდენენ მიწის იმ ცხრა კვადრატული მეტრის ალაგის იდენტიფიცირებას, სადაც უნდა მივიდნენ. ასე, მაგალითად, ნიუ-დელიში Bikxie-ის ოფისი ასე უნდა მოძებნოთ: artichoke.recruiter.sniff. ინდოეთის საზღვრებს მიღმა, FORBES-ის სათავო ოფისი ნიუ-ჯერსიში შემდეგნაირად იძებნება: gold.wink.flesh, ხოლო თეთრი სახლის შესასვლელი – lenght.grab.torch-ით.
ამ მონაცემებს Bikxie გაერთიანებული გლობალური სამისამართე სისტემიდან იღებს, ეს სისტემა კი რელევანტური სახელის მქონე კომპანიის, What3Words-ის მიერაა შემუშავებული. ლონდონში დაფუძნებულმა სტარტაპმა, რომელიც ყოფილმა მუსიკოსმა და ღონისძიებების ორგანიზატორმა, კრის შელდრიკმა 2013 წელს ჩაუშვა, მთელი პლანეტა 3-3-ზე მეტრ კვადრატად (რაც პატარა საძინებლის ზომას შეესატყვისება) დაყო და თითოეულს სამი სიტყვა მიანიჭა. მიზანი ისაა, რომ გამარტივდეს კაცობრიობის ნახევარზე მეტის სახლების პოვნა, რომელთა სამისამართე სისტემა ცუდადაა ორგანიზებული (როგორც, მაგალითად, უამრავ ურბანულ გეტოში) ან რომლებიც იმ 4 მილიარდი ადამიანის რიცხვში შედიან, ვისაც საერთოდ არა აქვს მისამართი. კოსტა-რიკაში, მაგალითად, დიდწილად არც ქუჩებს ჰქვიათ სახელები და არც სახლებია დანომრილი.
„ზოგიერთ ქვეყანაში საფოსტო გზავნილების ადგილზე მიტანა საერთოდ არ ხდება, – ამბობს შელდრიკი. – ხალხი მიჩვეულია ასე ლაპარაკს: ’ყვითელი ლამპიონის უკან ვცხოვრობ, ყავახანასთან ახლო’“.
რიო-დე-ჟანეიროს მივარდნილ გეტოებში, გზავნილების მიტანის ადგილობრივი კომპანია, Carteiro Amigo, სახლების მოსაძებნად უკვე მიმართავს What3Words-ს. გასულ მაისს მონღოლეთის საფოსტო სერვისმაც მოაწერა კონტრაქტს ხელი, რომ ეს სისტემა გამოიყენოს და ქვეყნის 3 მილიონ მოსახლეს ადგილზე მიუტანოს გზავნილები. What3Words-ის აპლიკაციას დიდ ბრიტანეთში Direct Today Couriers-ის მძღოლებიც იყენებენ და იანვრიდან მოყოლებული, ადგილზე მიტანის შეფერხებები 83%-ით შეუმცირდათ. What3Words-მა $14.5 მილიონი მოიზიდა ისეთი ინვესტორებისგან, როგორიც არიან Intel Capital-ი და Aramex-ი – FedEx-ის ეკვივალენტი ახლო აღმოსავლეთში, რომელმაც დიდ ადგილობრივ მოვაჭრეებს გადახდის ქვითრებზე What3Words-ის გრაფის დატანა სთხოვა. ჯამში, მსოფლიო მასშტაბით, What3Words-ს 250-ზე მეტი ბიზნესი იყენებს. მიუხედავად ამისა, კომპანია ჯერჯერობით არაა მოგებიანი.
35 წლის შელდრიკს სურს, What3Words-ი გლობალურ სტანდარტად აქციოს – ხარვეზიანი სამისამართე სისტემის საფუძვლიან მოგვარებად, სისტემისა, რომლის გამართვა რამდენიმე მთავრობამ (მაგალითად, განას მთავრობამ) ამაოდ სცადა. შელდრიკს ამ კომპანიის დაარსების იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა მისი მუსიკალური შოუები იტალიურ სოფლებში „იკარგებოდა“ და კონცერტები იშლებოდა. გრძედებისა და განედების კოორდინატებიც ვერ აგვარებდა პრობლემას. 18 ნომრიდან რომელიმე ერთი მაინც თუ შეგეშლებოდა, შეიძლება, დანიშნულების ადგილიდან 20 მილის მოშორებით აღმოჩენილიყავი.
2013 წლის იანვარში შელდრიკმა პრობლემაზე მსჯელობა ჯეკ უეილი-კოენთან დაიწყო – ძველ მეგობართან ელიტარული ბრიტანული სკოლა-პანსიონის, იტონის ჭადრაკის გუნდიდან. „GPS-ის კოორდინატები ვინმეს რომ გაემარტივებინა…” – ახსოვს, როგორ უთხრა მეგობარს თავის ლონდონის ბინაში, ჩაის სმისას. მათ, იდეალურ ვარიანტში, სამი სიტყვის ჯაჭვი სჭირდებოდათ, „რაღაც ისეთი, რის დამახსოვრებასაც ყველა შეძლებდა“.
სიტყვები თავის ჯადოსნურ საქმეს იზამდნენ. წყვილმა პლანეტა 57 ტრილიონ კვადრატად დაყო რის საიდენტიფიკაციოდ 40,000 სხვადასხვა სიტყვა იყო საჭირო. მოკლე სიტყვები მიწაზე მდებარე ადგილებს მიანიჭეს, უფრო გრძელი კი წყალზე მდებარეს.
ეს ჭკვიანური იდეა ბიზნესად რომ ექციათ, შელდრიკმა განზრახ თქვა უარი ყველასათვის ხელმისაწვდომ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელთაც სხვა, მსგავსი კომპანიები აქტიურად იყენებდნენ. სანაცვლოდ, მინიჭებული სიტყვებისა და ალგორითმების დაპატენტება გადაწყვიტა. მისმა გუნდმა ფორმულა 10 მბ სივრცეში მოაქცია და ამით ბიზნესებს გაუადვილა, სერვისის ინკორპორირება საკუთარი სერვერებიდან მართულ აპლიკაციებში მოეხდინათ და მომსახურება ისეთ ადგილებშიც ყოფილიყო ხელმისაწვდომი, სადაც მობილური არ იჭერს.
შელდრიკი ახლა რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. ერთ-ერთი ისაა, რომ ხალხი ადგილმდებარეობათა განსაზღვრის სრულიად ახლებურ საშუალებას უნდა მიეჩვიოს. რთული ამოცანაა, არა? „ქცევის შეცვლის უამრავი პლატფორმა არსებობს, – ამბობს შელდრიკი და აღნიშნავს, რომ Airbnb თავიდან საკმაოდ შემაშინებლად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა მოგზაურებისთვის მეორე ბუნებასავითაა. – რაც უფრო მეტ ბიზნესს გამოაყენებინებ, მით უფრო პრაქტიკული გახდება. ჩვენ ყველა მსხვილ საერთაშორისო ლოგისტიკურ ფირმას ველაპარაკებით“.
Aramex-ის მსგავს ბიზნესკლიენტებს გადამწყვეტი დახმარების გაწევა შეუძლიათ What3Words-ისთვის, რომ კომპანიები ამ სუსტად გამოყენებული სისტემით აქტიურად დაინტერესდნენ (შელდრიკი არ გვეუბნება, რამდენი ადამიანი იყენებს ამჟამად მის ტექნოლოგიას). მაგრამ ერთი მომხიბლავი სამომავლო პერსპექტივაც არსებობს: შელდრიკის სისტემას, გზავნილების ადგილზე მისატანად, რობოტები გამოიყენებენ. როცა Amazon-მა განაცხადა, დრონებით ვატარებთ ექსპერიმენტებსო, „უმალ გიჟივით დავიწყე ამაზე ფიქრი“, – ამბობს შელდრიკი.
მეორე გამოწვევა ფულის კეთებას უკავშირდება. შელდრიკი არ ამხელს, რამდენს ახდევინებს კლიენტებს ან რამდენია მისი მთლიანი შემოსავალი, მაგრამ FORBES-ის გათვლებით, სტარტაპმა პირველ სამ წელიწადში $1 მილიონზე ნაკლები მოიტანა. What3Words-ის ფორმულასთან წვდომისთვის ლიცენზიაა საჭირო, ეს ფორმულა კი GPS-ის კოორდინატებს სამსიტყვიან მისამართებად აქცევს. ზოგი უფრო მეტს იხდის პროგრამისთვის, რომელიც მათივე სისტემებზე აყენებს ფორმულას ისე, რომ, ვთქვათ, კარტოგრაფიული აპლიკაციის მომხმარებელს აღარ სჭირდება მისამართის ონლაინ მოძებნა.
ყველა როდი თვლის, რომ ეს სისტემა საჭიროა. ამასწინათ What3Words-ს ესტონური სტარტაპი, Starship Technologies-ი ელაპარაკა, რომელიც, გზავნილთა ადგილზე მიტანის მიზნით, განალაგებს და აკოორდინირებს თვითმავალ რობოტებს დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში. „რობოტებს ქუჩის მისამართები არ ესმით, – ამბობს Starship-ის ოპერაციების დირექტორი ალან მარტინსონი. – What3Words-ი, შესაძლოა, ამ მისამართის კომპონენტად გამოვიყენოთ, მაგრამ ის ფართო მოხმარებაში უნდა იყოს“, მარტინსონის თქმით, Starship-ის სენსორებით დატვირთული რობოტები ქალაქის ქუჩებში უკვე თავიანთ რუკებს ქმნიან, როგორც ამას Google-ის Street View-ს მანქანები აკეთებენ. Amazon-ის დრონებმაც, საბოლოოდ, შესაძლოა, იგივე გააკეთონ.
ასეა თუ ისე, სტარტაპი დამოუკიდებლად დიდ ხანს ალბათ ვეღარ იარსებებს. „საკონტროლო წილის შესყიდვაზე თუ მიდგა საქმე, ერთ-ორ წელიწადში, What3Words-ი იდეალური კანდიდატი იქნება, – ამბობს მარტინ დე ვევერი – Force Over-ის დამფუძნებელი, რომელმაც სტარტაპში კაპიტალი ამასწინათ დააბანდა. მისი აზრით, Google-ი, Apple-ი და Amazon-ი განსაკუთრებით დაინტერესდებიან. „შეუძლიათ, სრულად მოახდინონ მისი ინტეგრირება თავიანთ ამჟამინდელ კარტოგრაფიულ ტექნოლოგიაში“.
დატოვე კომენტარი