ქართველმა ბრენდ-დეველოპერმა მირანდა ყიფშიძემ Broadway-ის თეატრში დაიწყო მუშაობა. ის თეატრის მენეჯმენტში 10-კაციან გუნდს უკვე რამდენიმე დღეა, ხელმძღვანელობს. უფრო კონკრეტულად, მან თეატრის პრეზიდენტის ასისტენტის პოზიცია დაიკავა, რომლის ფარგლებშიც მისი მოვალეობა მსახიობებთან, კომპოზიტორებთან, სცენარისტებთან მოლაპარაკებების წარმოება იქნება. სად იწყება და როგორი იყო მისი გზა Broadway-მდე, ამის შესახებ მირანდა Forbes Georgia-ს კითხვებს პასუხობს.
მირანდა, თქვენ უკვე შეუდექით Broadway-ში მუშაობას. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები?
დიახ, უკვე რამდენიმე დღეა ვმუშაობ. გავიცანი სრული გუნდი, საოცრად დამხვდნენ, ყველა ძალიან მეგობრულია. ცდილობენ, ადაპტაციის პერიოდი გამიმარტივონ, ვგრძნობ, რომ მათთვის ჩემი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს. 300-მდე ადამიანს ჰქონდა აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადი გაგზავნილი და გასაუბრებიდან 5 წუთში მე დამირეკეს. გახარებული და გაოგნებული ვიყავი, ამიტომ ახლა უფრო მოტივირებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათი გუნდის დამსახურებული წევრი ვიყო. Broadway-ის თეატრი, როგორც ყველამ ვიცით, ნიუ-იორკში თავისი ისტორიით ყველაზე ცნობილი თეატრია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ თეატრის მენეჯმენტში ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.
რა გზა გაიარეთ Broadway-მდე?
Broadway-მდე ძალიან დიდი გზა გავიარე. ამერიკა ჩემი მეოთხე ქვეყანაა, სადაც ვცხოვრობ და ვსწავლობ. საქართველოს შემდეგ ანკარაში, “ჰაჩეტეპეს” უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სადაც საბაკალავრო პროგრამა დავამთავრე, შემდეგ მაგისტრატურისთვის პარიზში ხუთი წელი ვიცხოვრე, მაქვს ორი MBA-ის დიპლომი Fashion- და Luxury-მენეჯმენტში, ასევე მაგისტრატურა International Luxury-მარკეტინგში, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა პარიზში, „დიორის“ პრესსამსახურში. იქ მუშაობისას პირდაპირი შეხება მქონდა Vogue-ის, Vanity Fair-ის ყველა გამომცემლობასთან მსოფლიო მასშტაბით. ამასთან, საოცარი გამოცდილება იყო ისეთ ვარსკვლავებთან მუშაობა, როგორებიც არიან, მაგალითად, ნიკოლ კიდმანი, მარიონ კოტიარი, მირანდა კერი, ელზა ზილბერშტეინი, ჟიზელი და სხვა. ეს კონტაქტები დღემდე ძალიან ბევრ საინტერესო საქმეში გამომიყენებია.
თქვენი ამერიკული კარიერა როდის დაიწყო?
კოვიდპანდემიის გამო ამერიკაში საცხოვრებლად გადმოსვლა გადავწყვიტე. დედაჩემი აქ ცხოვრობს და უკვე ერთი წელია, აქ ვარ. ჩამოსვლიდან ორ კვირაში დავიწყე მარკეტინგულ კომპანიაში მუშაობა, მაგრამ პარალელურად ისეთ საქმეს ვეძებდი, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა, Broadway-ის გასაუბრებების პარალელურად ინტერვიუები მქონდა NBA-ის და New York MoMA-ის მარკეტინგის გუნდთან, მაგრამ ჩემი მოხიბვლა მაინც Broadway-მ შეძლო. თეატრი და სცენა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ოთხი წლიდან სცენაზე ვიდექი – ვმღეროდი, ვცეკვავდი, ვუკრავდი ფორტეპიანოზე, მაგრამ მთავარი განმსაზღვრელი ალბათ ყოველთვის ის იყო, რომ სანამ არ მივაღწევ იმას, რაც მინდა, ღამეები არ მძინავს და თუ რაიმე არ გამომდის, ყოველთვის ახალ გზებს ვეძებ მიზნის მისაღწევად. თან სულ სწავლის პროცესში ვარ. ახლაც „ჰარვარდის“ ონლაინკურსებს გავდივარ მენეჯმენტისა და ბიზნესის მიმართულებით.
თქვენთვისაც ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა?
პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ფეხის მოკიდება არ არის მარტივი არც ერთ ახალ ქვეყანაში, სადაც უცხო კულტურა და მენტალიტეტია, მაგრამ ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა. ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ ყოველთვის ხედავენ და აფასებენ შესაძლებლობებს. თუ მიზანი გაქვს, მგონია, რომ აქ შეუძლებელი არაფერია.
დაბოლოს, უკავშირებთ თქვენს მომავალს საქართველოს?
საქართველო ძალიან მიყვარს, ვცადე, ერთი წელი მეცხოვრა და მემუშავა საქართველოში, სადაც ძალიან ნიჭიერი და კარგი ხალხი ცხოვრობს. აუცილებლად დავბრუნდები ერთ დღეს, თუ საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა მომეცემა.
დატოვე კომენტარი