მისი მტერი წარმატება

მისი მტერი წარმატება

Betterfly DDB-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, 31 წლის დავით ჯაშმა ოთხი თანამშრომლითა და ერთი კლიენტით დაწყებული კომპანია 5 წელიწადში ქვეყნის სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად აქცია. როგორ მოახერხა ეს? – “კარგი საუკეთესოს მტერია”, – ამბობს იგი.

“მე მილიონობით მკითხველი მყავს. “ზაფხულის ხილი გნებავთ? მზის მოზრდილი ყლუპი – ყვითელი ატამი! გახლეჩთ და ფაქიზ, ხავერდოვან კანქვეშ წვნიან, ენაზე დასადნობად გამზადებულ რბილობს აღმოაჩენთ”. ჰო, ეს ჩემი სიტყვებია, “იოპლას” იოგურტის ქილაზე. თითქოს ვხედავ კიდეც თქვენს მრავლისმეტყველ ღიმილს. მილიონობით მკითხველი… ალბათ ფიქრობთ, რომ ქილას უმალ სანაგვე ყუთში მოისვრიან, ვიდრე ჩემს ნატიფ ფრაზებს წაიკითხავენ… არა, არ გეთანხმებით. პირველ რიგში, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ მათი რიცხვი, ვინც წიგნებს არ კითხულობს, გაცილებით აღემატება იმათსას, რომლებიც ქილებზე მიკრულ ეტიკეტებს არ კითხულობენ”, – ასე იწყებს ფილიპ დელერმი თავის სატირულ, ავტობიოგრაფიულ მოთხრობას, რომელიც სარეკლამო კომპანიაში კოპირაიტერად მუშაობის შემდეგ დაწერა, საკუთარ (ორივე) პროფესიაზე გულაყრილმა. დაახლოებით სამ წელიწადში, 2000 წელს, დაიბეჭდება მისი თანამემამულის, ფრედერიკ ბეგბედერის წიგნი “99 ფრანკი”, რომელიც აგრეთვე სარეკლამო ინდუსტრიას ეძღვნება, თუმცა ქართული პუბლიკის დიდი ნაწილი ამ ნაწარმოებს არა წიგნით, არამედ ფილმით მხოლოდ 2007 წელს, მისი ამავე სახელწოდების ეკრანიზაციის გამოსვლის შემდეგ ეზიარება.

ფრედერიკ ბეგბედერი, რომელიც, მისი სცენარით შექმნილი სარეკლამო ნაწარმით თუ ვიმსჯელებთ, უარესი კოპირაიტერია, ვიდრე მწერალი (ეს კი უკვე “ძალიან ცუდს” ნიშნავს), საქართველოს იმდენივე “რეკლამშჩიკს” აჩუქებს, რამდენი “ძველი ბიჭიც” აღზარდა მხატვრული ღირებულებით აშკარად აღმატებულმა ფილმმა “ნათლიმამამ”, თუმცა პირველებსაც იმდენი დააკლდებათ კრეატიულ დირექტორ ოქტავ პარანგომდე, რამდენიც მეორეებს – მიკელე კორლეონემდე.

მეორე გმირი რატომ არ არის მისაბაძი, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია. რაც შეეხება ოქტავ პარანგოს, არც აქ უჩანს საქმეს კარგი პირი: სწორედ ამ პერსონაჟმა დაამკვიდრა მითი, რომ სარეკლამო ინდუსტრიაში ჩართული პროფესიონალი არაპროფესიული თვისებების განსხეულება უნდა იყოს. და თუ იგი ნიჭიერია, მაშინ ხომ არაპუნქტუალობა და სიზარმაცე პირდაპირ მისი მორალური ვალდებულებაა. ვფიქრობ, სწორედ ფრედერიკ ბეგბედერის ბრალია, რომ საქართველოში ამ სფეროს მასობრივად და ერთდროულად, ერთი მხრივ, ხელმოცარული ლიტერატორები, მეორე მხრივ კი ბიზნესგანათლების მქონე ის ახალგაზრდები მიაწყდნენ, რომელთაც ბიზნესისთვის შეუფერებელი ბოჰემური თვისებებისთვის ალიბი სჭირდებოდათ.

დღეს ქვეყნის სარეკლამო ბაზარი გადაჯერებულია სხვადასხვა კომპანიით, რომელთაგანაც ხარისხიანი მარკეტინგული მომსახურების გაწევა მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია. ცოტაა კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, ვინც მარკეტინგს, ბიზნესის ამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს სათანადო პატივს მიაგებს; რომლებიც ცდილობენ, კრეატივი ინფანტილური ზრდასრულების ძვირფასი გასართობი კი არა, ბიზნესისა და, მაშასადამე, საზოგადოების განვითარების კატალიზატორი იყოს. მაგრამ მათგან ერთადერთია კომპანია, რომელიც, ამასთან ერთად, კლიენტი კომპანიისთვის საჭირო სერვისის ყველა ციკლს მთლიანად მოიცავს.

“ასეთი კომპანიები ძალიან იშვიათია, სეგმენტიზირება, ანუ ერთ მიმართულებაზე ორიენტირება, უფრო მიღებულია, მაგრამ ჩვენთან ბაზარი იმდენად პატარაა, რომ აუცილებელია სრულიად მოვიცვათ, როგორც მინიმუმ, რენტაბელური რომ იყოს. ამიტომ ჯაჭვის ყველა კომპონენტი, რომელიც სჭირდება კლიენტ კომპანიას, კეთდება ჩვენთან”, – ამბობს Betterfly-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დავით ჯაში.

Betterfly-ის ისტორია 2008 წელს იწყება, “ერთი მიზნით, რათა ქართული სარეკლამო ბაზარი ახალი იდეებითა და სერვისებით გაგვემდიდრებინა”, – მეუბნება დამფუძნებელი. – რომ დასაწყისიდანვე მძლავრი, მიზნობრივი და კომპლექსური გაყიდვების კამპანიები გაეშვა ქვეყნის უდიდესი კომპანიებისთვის. მოგვიანებით, კომპანიის ზრდასთან ერთად, სერვისებიც გაფართოვდა და ქართული ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების გრძელვადიანი კონსულტირებაც გაითავისა.

სადღეისოდ კომპანიას 40-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც ბრენდის პლატფორმის შექმნიდან ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების თითოეულ უწვრილეს მიმართულებამდე 30 მსხვილი კლიენტისთვის მომსახურებების სრულ ციკლს უზრუნველყოფენ. “თავიდან დაბალბარიერიანი სერვისების ათვისება დავიწყეთ: იყვნენ მედია-ბაიერები, ანუ მედიის შემსყიდველები, ტელევიზიაში განმთავსებლები და BTL მიმართულება, რაც უფრო მოუცველი იყო ბაზარზე. ნელ-ნელა გავფართოვდით. ახლა გვაქვს ჩვენი პრინტ-საწარმო, ჩვენით ვაწარმოებთ საბეჭდ მასალებს, გვაქვს კლიპების წარმოების სტუდიო, გვაქვს საკმაოდ დიდი დიზაინ-სტუდიო და მსგავსი სერვისები, რომლებიც მომსახურების მთელ ჯაჭვს ქმნის”, – ამბობს დავით ჯაში კომპანიაზე, რომელიც 5 წლის წინ მხოლოდ ოთხი თანამშრომლისა და ერთი კლიენტისაგან შედგებოდა. დამეთანმხებით, განსაცვიფრებელი პროგრესია.

წინსვლა შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა. “სარეკლამო კომპანიები სთავაზობენ კლიენტებს გარკვეულ სერვისს, მომსახურებას – კლიპის გადაღება, ფლაერების ბეჭდვა… სერვისების ძალიან დიდი ასორტიმენტი გვაქვს. მე ამ ყველაფერს მივუდექი უფრო როგორც მარკეტოლოგი და დავხატე მთელი ჯაჭვი იმ მოთხოვნილებებისა და მარკეტინგული ამოცანების – ბრენდ-პლატფორმის შექმნიდან თითოეული ფლაერის ბეჭდვამდე, განთავსებამდე და მსგავს საკითხებამდე და მთელ ამ ჯაჭვს ნელ-ნელა შევეჭიდეთ”, – მეუბნება რესპონდენტი.

2 წელიწადში ხელშესახები შედეგი იყო. Betterfly-მა ჩაატარა BeerFest-ი, რომელიც რეკორდული, 30-ათასიანი დასწრებით გამოირჩეოდა. კიდევ ერთ წელიწადში კი მიიღეს სტრატეგიული გადაწყვეტილება. დარწმუნებული იმაში, რომ ციფრული მედია არის მარკეტინგული საშუალებების მომავალი, 2012 წელს Betterfly სწორედ სოციალურ და ციფრულ მედიაზე ორიენტირდა. “მარკეტინგი ნელ-ნელა ხდება პერსონალიზებული, მასმედიის საშუალებები მიდის ერთი-ერთზე ურთიერთობისკენ ყველანაირი საშუალებით. მე თუ შემიძლია ადამიანს მივწვდე მის მობილურზე და არა ტელევიზიით, რომელიც ყველას ეხება, უფრო პერსონალიზებულ ინფორმაციას მივაწვდი – პერსონალიზებულს მისი დემოგრაფიიდან, მისი ჩვევებიდან, მისი ქცევიდან გამომდინარე, ამიტომ მას უკეთ შევთავაზებ სერვისებს, პროდუქტებს, ვიდრე მასობრივი საკომუნიკაციო არხებით”, – ამბობს დავით ჯაში. ვამჩნევ, მარკეტინგზე, როგორც მეცნიერებაზე, საუბარი მას უსასრულოდ შეუძლია, თუმცა ხალხმრავალი ოფისის ერთ პატარა, სადად მოწყობილ ოთახში მოკალათებული 31 წლის ახალგაზრდა აბსოლუტურად დაცლილია იმ ოქტავპარანგოსეული “სარეკლამო რომანტიზმისგან”, რომელსაც ასე ხშირად შევხვედრივარ ქართული კომპანიების საშუალო და უმაღლესი რგოლის მენეჯერებში. მისთვის მარკეტინგი და რეკლამა ხელოვნებაა, მაგრამ ხელოვნება, რომელიც აუცილებლად კლიენტის სამსახურში უნდა იდგეს.

“კრეატივის მიმართულებას ხანდახან გვეშლება ის, რომ ვიგონებთ კრეატივს კრეატივისთვის. ჩვენ უნდა ამოვიდეთ კლიენტის მოთხოვნილებებიდან. მას პროდუქციის გაყიდვა უნდა და არა მხოლოდ ლამაზი და კრეატიული კამპანია. შეიძლება ძალიან კრეატიული კამპანია არ ყიდდეს პროდუქციას. ვთქვათ, კრეატიული კამპანია მედიკამენტზე არ მოიტანს არაფერს. პირიქით, პირდაპირი, რაც შეიძლება დამარცვლული კომუნიკაციაა საჭირო. ეს მომხმარებელმა უფრო იცის, ვიდრე კომუნიკაციის კომპანიამ. ამიტომ აუცილებელია მუშაობა კლიენტთან, რომ ერთობლივად უკეთესი ღირებულება შევქმნათ”, – მეუბნება დავით ჯაში.

მის ამ აკადემიურად დისტანცირებულ და კლიენტზე ორიენტირებულ თეორიულ წიაღსვლებს, გარდა სწრაფი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ეჭვისგან დაცლილი საუბრისა, ძალიან კონკრეტული და გამოთვლადი წარმატება მეტ დამაჯერებლობას მატებს, თუმცა “წარმატება” მოკრძალებული სიტყვაა, როდესაც რეკორდულ მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ. აი, მაგალითად: გადაწყვიტეს სოციალური მედიის ხაზი გაეძლიერებინათ? – შექმნეს “ლიკანის” კამპანია – ყველაზე დიდი ვირუსული ვიდეო საქართველოში, რომელსაც სულ რაღაც 7 საათში 110 ათასჯერ უყურეს და რომელმაც საბოლოოდ, დაახლოებით ნახევარი მილიონი უნიკალური მნახველი მიიზიდა. გაგახსენებთ კრეატიულობითა და ეფექტურობით გამორჩეულ სამსუნგის კამპანიასაც, რომელმაც iPhone-ის სექტის ყველაზე ორთოდოქს წევრებშიც “ერესი”დათესა.

“თავიდან იყო სწორი მიდგომა. სწორი მიდგომა იმას გულისხმობს, რომ ჩვენ პროექტებს ვუყურებთ, როგორც ბრენდის განვითარებას და არა უბრალოდ კლიპის გადაღებას. ანუ უფრო მარკეტოლოგები ვართ, ვიდრე “რეკლამშჩიკები”. – მიხსნის ჯაში, – უმეტესი ექაუნთ- თუ კლიენტ-სერვისის მენეჯერი განათლებით არის მარკეტოლოგი, ან BBA და არა უბრალოდ კრეატივზე ორიენტირებული ადამიანი. ჩვენთვის მთავარია ბრენდის მისია და მერე იწყება სხვა კომუნიკაციის სახეები. მე ვთვლი, რომ ეს ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობაა”.

დავით ჯაშმა, ჩანს, ადრიდანვე მიიღო გადაწყვეტილება, რისი კეთება უნდოდა ცხოვრებაში. მან 2000 წელს, ESM-ში მარკეტინგის შესწავლა დაიწყო. მეორე კურსიდან უკვე მუშაობდა. ბაკალავრიატის დამთავრებიდან სამ წელიწადში კი ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში, ბუდაპეშტში გაემგზავრა, რათა მარკეტინგის MBA მოეპოვებინა. შუალედში მან მოასწრო ემუშავა კომპანია IPM-ში მედიაკოორდინატორად, ACT Consultants-ში მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერად და GPC-ში, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. ამრიგად, 2007 წელს ბუდაპეშტში გამგზავრებამდე, 24 წლის ასაკში, მას უკვე მოსწრებული ჰქონდა ორი გამორჩეული პროდუქტის – “ზღარბი ბარათისა”, და “წითელი ა”-ს კამპანიის ინიციირება.

2008 წელს უნგრეთის “ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტიდან” საქართველოში დაბრუნების დრო ემთხვევა Betterfly-ის დაფუძნებას.

რატომ მოგინდათ გაგეწიათ რისკი და დაგეწყოთ სტარტაპი, როდესაც უკვე წარმატებულ კომპანიებში შეგეძლოთ დაგეკავებინათ უმაღლესი რანგის სამენეჯერო პოზიცია? – შევეკითხე რესპონდენტს.

მისი თქმით, გარკვეული წლების შემდეგ შეიძლება ეს გადაწყვეტილება ენანა კიდეც, რადგან სტარტაპი ძალიან დიდ ენერგიასა და რესურსს მოითხოვს. თუმცა დავით ჯაშს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ჰქონდა და კიდევ ის, რაც ასე აკლიათ ამ სფეროს ახალგაზრდა, აროგანტ, “ოქტავპარანგო” მენეჯერებს – კლიენტის პერსპექტივა: “აქამდე ამ ბაზარს ვუყურებდი როგორც კლიენტი, დამკვეთი და ასე თუ ისე, მქონდა წარმოდგენა, რა მიწოდება იყო ბაზარზე. მქონდა ამბიცია და საკუთარი თავის რწმენა, რომ შემეძლო უკეთ მემართა მიწოდების, სერვისის მხარე, – ამბობს იგი. – ძალიან დიდი სირთულეები ახლავს შენი საქმის ქონას და ხანდახან ფიქრობ, რომ ჯობია, დაქირავებული იყო, ვიდრე შენი ბიზნესი გქონდეს. რისკი იყო თავისთავად, მაგრამ, საბოლოოდ, გაამართლა”.

ჩემდა გასაკვირად, მენეჯერი, რომელიც საკმაოდ ადრე დაღვინებულ და გრძელვადიან პერსპექტივაში მოაზროვნე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, გარისკვას ახალგაზრდულ თავქარიანობას აბრალებს: “ახალი ჩამოსული ვიყავი და ამბიცია მქონდა მეტი, ვიდრე შეიძლებოდა მქონოდა. ეს იდეა, ზოგადად, ყველას აქვს თავში – ჰქონდეს თავისი ბიზნესი, თავისი საქმე. ალბათ არსებობს რაღაც ასაკობრივი ჭრილი, სადაც გარისკვა წარმატებულიც შეიძლება იყოს. ადრე დაწყება არის სარისკო, რადგან გარემოს შეფასება ვერ ხდება სათანადოდ და გვიან უკვე ვეღარ იწყებ, რადგან ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული შენზე, იქნება ეს ოჯახი თუ სხვა ფაქტორები. ზოგადად ასეა – ძალიან ჭკვიანი ხალხი თავის ბიზნესს ვერ იწყებს, იმიტომ რომ ვერ რისკავს, მეტ საშიშროებას ხედავს. ცოტა “ავარდნილი ჭკუაც” გინდა ალბათ, რომ რაღაც დაიწყო“, – ასკვნის დავით ჯაში.

პირველი ორი წელი მისთვის რთული იყო. რესპონდენტის თქმით, სტარტაპობა ის ეტაპია კომპანიის ცხოვრებაში, როდესაც არაცნობადი ხარ, არაფერს წარმოადგენ და რაც უნდა კარგი იყოს სერვისის მიწოდება – ვერ ყიდი, თუნდაც პორტფოლიოს უქონლობის გამო. ამიტომ Betterfly-ის ათჯერ მეტი შრომა უწევდა, რათა დაემტკიცებინა, რომ “რაღაცის გაკეთება შეეძლო”. მიუხედავად წარმატებული სტარტისა, ახალგაზრდა მენეჯერს კომპანიის დაფუძნებიდან მხოლოდ ოთხ წელიწადში, 2012 წელს შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რომ კომპანია შედგა.

დღეს კი, მისი აზრით, Betterfly ქართულ ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებთან შედარებით “შეუდარებლად სტაბილურია”.

კომპანიის ბიზნესმოდელში სტაბილურობის შეგრძნებას დავით ჯაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს ეხება როგორც მის თანამშრომლებს, ისე კლიენტებს, რომლებთანაც ურთიერთობს. “მუშაობას ვიწყებთ ათ საათზე და ვცდილობთ, სამუშაო შვიდამდე მოვიმთავროთ. მე არ ვარ იმ მოდელის მოყვარული, სადაც მუშაობენ გვიანობიდან – გვიანობამდე. ჩვენ კომპანიაში მომუშავე ადამიანებს სხვა ცხოვრებაც აქვთ, ისინი არ ცხოვრობენ კომპანიაში. კომპანიაში შეიძლება მეგობრობენ, მაგრამ აქვთ მრავალი სხვა ცხოვრება”, – ამბობს იგი. ხოლო რაც შეეხება კლიენტისთვის სტაბილურობის შეთავაზებას, დავით ჯაშის აზრით, სწორედ კომპანიის მდგრადი ხასიათი და ხარისხის ერთიანი სტანდარტი არის ის, რამაც Betterfly-ის საშუალება მისცა, ქვეყნის უდიდესი კომპანიები საკუთარ კლიენტთა ნუსხაში დაეგულებინა. ამასთანავე, იგი ზრდის გზაზე შეძენილ ადამიანურ რესურსსაც გამოყოფს: “ჩვენ არ ვართ ქარხანა და საწარმო, ვართ სერვისკომპანია და ჩვენი ყველაზე დიდი აქტივი კომპანიაში არის ადამიანური რესურსი. ის, ვინც გვყავს კომპანიაში, არის ძალიან დიდი შენაძენი კომპანიისთვის”.

Betterfly-ის აქცენტი ჯერ აუთვისებელ ციფრულ მედიაზე კარგად ცხადყოფს მის მომავალზე ორიენტირებულობას. კომპანიის ამ თვისებას უნებლიეთ ხაზს უსვამს დავით ჯაში, როდესაც 2012 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვეკითხები – გამხდარიყო DDB-ის ასოციირებული წევრი.

“რეალურად, მე და ყველა ამ კომპანიაში, ვცდილობთ, რაც შეიძლება წინ გავიხედოთ, თუ რა ტიპის მოთხოვნები იარსებებს ბაზარზე, რა ტენდენციები იქნება, როგორი ხვალინდელი დღე იქნება საქართველოში. აქედან გამომდინარე, გვაქვს ის ამბიცია, რომ შეგვიძლია ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ სხვა კომპანიებთან შედარებით კლიენტთან ურთიერთობის მხრივ, – განმარტავს იგი. – ერთ-ერთი ფაქტორი, რაც დავინახეთ, არის აუცილებლობა, ვიყოთ ინტეგრირებული მსოფლიო სარეკლამო ქსელში”.

დღეს Betterfly-ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საკომუნიკაციო ქსელის წარმომადგენლობა აქვს. DDB მარკეტინგული კომუნიკაციების ქსელია, რომელიც მთელ მსოფლიოში ოპერირებს. წინა საუკუნის შუა წლებში დაარსებული ეს კომპანია ახლა Omnicom Group Inc.-ის საკუთრებაა, რომელიც, თავის მხრივ, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სარეკლამო ჰოლდინგია. DDB გამოირჩევა როგორც სიძლიერით, ასევე ემოციური ბექგრაუნდით. დაფუძნების წელსვე მან სფეროს გადატრიალება მოახდინა იმ დროისთვის შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაში, მარკეტინგში, ახალი მიდგომების დამკვიდრებით, რომლებიც დაფუძნებული იყო კრეატიულობაზე, ადამიანის ბუნების სწორ აღქმასა და მომხმარებლის პატივისცემაზე.

დღეისთვის კომპანიას გააჩნია “ყველაზე ხშირად დაჯილდოებული ქსელის” სტატუსი და რეკორდსმენია კანში მოპოვებული ჯილდოებით, თუმცა, მიუხედავად ამ მრისხანე პროფილისა, დავით ჯაშმა მაინც საგულდაგულოდ აწონ-დაწონა, რამდენად უღირდა ასოციირება: “ცუდი მხარეები აქვს ხოლმე ქსელური კომპანიის შემოსვლას. მე ვთვლი, რომ ჩვენი ღირებულება ლოკალურ კომპანიაშია, Betterfly-შია, ვიდრე საერთაშორისოში. ჩვენი სიძლიერე არის ხალხი, რომელიც წარმოადგენს Betterfly-ს”. თუმცა თავად Betterfly წარმოადგენს DDB-ის საერთაშორისო კლიენტებისთვის. “ის, რომ ჩვენი არსებული სიძლიერე გადაფაროს ქსელურმა სიძლიერემ შეუძლებელია და არც მოხდება, მე არ დავუშვებ ამას, – აქ რესპონდენტის საუბარში კატეგორიულობა გამოსჭვივის. – ზოგი კომპანია ირქმევს სახელს და ხდება ამ კომპანიის სახელი. ეს შენი თავის დაუფასებლობაა, რადგან ამდენი საკუთარი შრომა და ღვაწლი ჩაყარე წყალში სხვისი ბიზნესის განსავითარებლად”. მაგრამ ახალგაზრდა აღმასრულებელი ასოციირების დადებით მახასიათებლებსაც გამოყოფს. პირველ რიგში საერთაშორისო გამოცდილებას, რაც ტექნოლოგიური თუ მარკეტინგული დინამიკის ეპიცენტრში ყოფნას გულისხმობს. “ყოველთვის იცი, რა ხდება მსოფლიოში, რა ტენდენცია თუ ტრენდია. არსებობს ძალიან ხშირი შეხვედრები, გასვლები, ქეის-სთადები, ურთიერთობები სხვადასხვა ქსელურ კომპანიასთან. ჩვენ დიდი ოჯახის წევრი ვართ, წარმოვადგენთ საკუთარ თავს და ამავდროულად ვეხმარებით და ვიხმართ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს საქმიანობაში”, – აღნიშნავს იგი.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მისი და მთელი გუნდის დაუღალავი შრომის ნაყოფს აღარაფერი ემუქრებოდა, დავით ჯაშმა ოჯახის შექმნისთვისაც მოიცალა. “ძალიან ძნელია ბიზნესის წამოწყება, როცა ოჯახი გყავს. 25-ის ვიყავი, Betterfly როცა დავაფუძნე. თავისუფალი ვიყავი, საზრუნავი ნაკლები მქონდა და ვფიქრობდი – თუ ეს არ გამოვა, წავალ და საკრედიტო ოფიცრად ვიმუშავებ ბანკში, იმიტომ რომ ის სფეროც ვიცი და ფინანსები მარკეტინგზე არანაკლებ მეხერხება. ამიტომ გავწიე ეს რისკი”, – მეუბნება იგი, თუმცა ჩვენი საუბარის განმავლობაში ოთახში შემოსული თანამშრომლებისა და ზარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს “მოცლილობა” მისთვის აბსოლუტურად შეფარდებითი კატეგორიაა, რაც კარგად გამოჩნდა ფრაზაში, რომელიც მან საუბრის ბოლოს მითხრა: “წარმატება ჩემი მტერია. ყველას მტერია – კარგი საუკეთესოს მტერია. რაც უფრო მიგაჩნია, რომ წარმატებული ხარ, მით უფრო შეაფერხებს ეს შენს წინსვლას. მე და ჩემი კომპანიაც საკმაოდ თვითრეალიზებულები ვართ, თუმცა საკმარისი არასდროს არაფერია”.

***

“99 ფრანკის” დასაწყისშივე ირკვევა, რომ ოქტავ პარანგო დიდხანს ცდილობდა გაეგო, ვის შეეძლო საზოგადოების შეცვლა, სანამ არ მიხვდა, რომ ვისაც ეძებდა, შესაძლოა თავადვე ყოფილიყო.

DDB-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბილ ბერნბახიც ფიქრობდა, რომ ისინი, ვინც პროფესიონალურად არიან ჩართულები ადამიანთა გრძნობების დაპყრობის ინდუსტრიაში – საზოგადოებას ცვლიან. თუმცა ბერნბახისთვის უბრალოდ გავლენის მოხდენა თვითმიზანი არასდროს ყოფილა. იგი ამბობდა: “ჩვენ შეგვიძლია ამ საზოგადოების ვულგარიზება, ბრუტალიზება, ან ახალ დონეზე ამაღლებაც”.

სარეკლამო ინდუსტრიაში დამკვიდრების სურვილით შეპყრობილმა ახალგაზრდა პროფესიონალებმა დროა, გააკეთონ არჩევანი ოქტავ პარანგოსა და ბილ ბერნბახს შორის. Betterfly DDB-ის დამფუძნებლითა და მისი კომპანიით თუ ვიმსჯელებთ, ბიზნესმა ეს არჩევანი უკვე გააკეთა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *