სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” საჯაროდ გაიხსნა სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე მიწისქვეშა გაზსაცავის დაპროექტების, შესყიდვის, მონტაჟის და ექსპლუატაციაში მიღების (EPIC) სამუშაოების შესყიდვის ღია საერთაშორისო ტენდერის წინასაკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში წარმოდგენილი წინადადებები.
წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში სულ დარეგისტრირდა 55 კომპანია, რომელთაგან 14-მა წარმოადგინა შემოთავაზება. წარმოდგენილი წინადადებების შეფასების შედეგად შერჩეული იქნება კომპანიები, რომლებიც ტენდერის მეორე ეტაპზე, მომავალი წლის დასაწყისში, წარმოადგენენ დეტალურ ტექნიკურ წინადადებას და EPIC სამუშაოების ფასს.
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. მშენებლობის პირველ ეტაპზე გაბურღული იქნება ორი შემფასებელი ჭაბუღილი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიღებული იქნება დამატებითი გეოლოგიური ინფორმაცია და დაზუსტდება საცავის ტექნიკური პარამეტრები. სამგორის გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება. ამ დროისთვის შაჰ-დენიზის გაზსადენიდან საქართველოსთვის მოსაწოდებელი გაზის მოცულობები მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.
გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობა განხორციელდება თბილისთან ახლოს სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე. პროექტის ღირებულება, წინასაწარი შეფასებებით, 250 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.
„გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას და გარდა ამისა, მომწოდებელი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაზის მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ქვეყნის მომხმარებლების საცავიდან გაზის შეუფერხებლად მომარაგება“, – განმარტავენ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.
დატოვე კომენტარი