მივიწყებული იდეალები

მივიწყებული იდეალები

„ამერიკის ეკონომიკა ძირითადად საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს ემსახურება და ეს ტენდენცია განუხრელად იზრდება. ამერიკის ეროვნულმა პოლიტიკამ პირდაპირი, ღია და გამჭვირვალე გზით ამის გამოსწორება ვერ შეძლო.ამერიკის ელიტის დიდი ნაწილი (უმდიდრესი ადამიანები,უმაღლესი აღმასრულებლები და ჩემი ბევრი კოლეგა აკადემიიდან) სოციალურ პასუხისმგებლობას თავს არიდებს. ისინი სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ, ხოლო საზოგადოების დარჩენილი ნაწილი სულ არ ადარდებთ”, – აცხადებს ეკონომისტი ჯეფრი საქსი წიგნში „ცივილიზაციის ფასი: ამერიკული დიდებისა და კეთილდღეობის გამოღვიძება”.

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადამ სმიტი კაპიტალიზმის თაყვანისმცემელი გახლდათ. ასევე მან დაწერა საკმაოდ კარგი წიგნი მორალის ფილოსოფიაზე და ამავდროულად იყო მორალის თეორიის პროფესორი.

სმიტის ერთ-ერთი ძირითადი იდეის მიხედვით, რომელიც დღეს რატომღაც დავიწყებულია, კაპიტალისტურმა სისტემამ ძირითადი ინსტინქტები პროდუქტიულ საზოგადოებრივ აქტივობად უნდა გარდაქმნას. უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ყოველთვის არსებობდა ადამიანთა მოდგმის ნაწილი, რომლის ერთადერთი მიზანი განდიდებისაკენ სწრაფვა და, როგორც ჯეფრი საქსი ამბობს, სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვებაა. გაიხსენეთ ჩინგიზ-ყაენი ან ნაპოლეონი, რომელიც რუსეთის სიმდიდრისა და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძოდა; ან, სულაც, თქვენი ადგილობრივი მაფიის ბოსი წარმოიდგინეთ.

ამავდროულად, რიგითი ადამიანების უმრავლესობას არასდროს გამოუმჟღავნებია სათანადო საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რათა გარკვეული პროტოკაპიტალისტური სისტემის გარეშე შეექმნა გამართული სოციალური სისტემა, თუ არ ჩავთვლით მცირერიცხოვან თემურ საზოგადოებებს. კოლექტივების, ახალმოსახლეთა თემების, ჰიპური კომუნების, მხატვართა კოლონიების, კიბუცების და თუნდაც კომუნისტური ჩინეთის ცხოვრების საფუძვლიანი შესწავლის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ მსგავსი სისტემები თითქმის ყოველთვის წარუმატებელია. უბრალოდ, ჩვენ არ ვართ სულიერად იმდენად განვითარებული, რომ ასე ვიცხოვროთ. ასეთები არასოდეს ვყოფილვართ და ალბათ არც არასდროს ვიქნებით, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე ათასწლეული მაინც.

სმიტმა დაინახა, რომ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისადმი დაუოკებელ ლტოლვას კაპიტალისტური სისტემა – მარტივად რომ ვთქვათ, კერძო ქონებისა და საერთო კანონის სისტემა – სხვებისათვის სასარგებლო საქმიანობის მიმართულებას აძლევდა. ძალაუფლებასა და სიმდიდრეს მოწყურებულ ადამიანებს გაუპატიურების, ძარცვის, დარბევისა და დამონების ნაცვლად – რაც წარსულში ჩვეული ამბავი იყო – ახლა რაიმე სახის სასარგებლო საქონელი ან მომსახურება უნდა შეეთავაზებინათ დანარჩენი საზოგადოებისათვის. ძალაუფლებისა და სიმდიდრის მსურველები აღმოაჩენდნენ, რომ მიზნის მიღწევას ყველაზე ადვილად საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანით შეძლებდნენ. კონკურენციის გამო,მიღებული მოგება ძალიან დიდი არასდროს ყოფილა. კორპორაციული მოგება საშუალოდ შეადგენს შემოსავლის 8,3%-ს, იმაზე გაცილებით დაბალს, რაც ადამიანთა უმრავლესობას წარმოუდგენია. ის საშემოსავლო გადასახადზე ნაკლებია.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს „ფულისა და ძალაუფლების” მქონეთა მიმართ მზარდი სიძულვილი შეინიშნება, იმ ადამიანებს, ვინც სიმდიდრესა და ძალაუფლებას საჭირო პროდუქტების თუ მომსახურების შექმნით მოიპოვებს – ვისაც, თავისდაუნებურად და, გარკვეულწილად, შემთხვევით საზოგადოებისათვის სარგებელი მოაქვს – ხალხი პატივს სცემს. მაგალითისთვის, დააკვირდით სტივ ჯობსით საყოველთაო აღტაცებას. სტივ ჯობსი წმინდანი არასდროს ყოფილა: ის გარეული იყო აქციების ოპციონების თარიღების გადაკეთების საქმეში (რაც ცალსახად ნიშნავს აქციონერებისათვის ფულის მოპარვას); გარდა ამისა, როგორც ცნობილია, Apple-ის კონტრაქტორ Foxconn-ში შექმნილი სამუშაო გარემო თანამშრომლის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა. ბევრი მუსიკოსი გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც iTunes მათ მიმართ ამჟღავნებდა. მიუხედავად ყველაფრისა,პლუსებმა მინუსები გადაწონა. რას იტყვით თუნდაც მილიონერ ოპრა უინფრიზე? ან ელიზაბეტ ტეილორზე, რომელიც მილიარდერი (გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა) ძირითადად სუნამოს გაყიდვით გახდა? გავიხსენოთ თუნდაც ტაი უარნერი, რომელიც მულტიმილიარდერად Beanie Babies-ის (რბილი სათამაშოები) გაყიდვით იქცა? მათ მიმართ კრიტიკა არავის გამოუთქვამს.

სოციალურად კონსტრუქციული საქმიანობის წახალისებისა და სოციალურად დესტრუქციული ქმედების აღკვეთის ეს იდეა მრავალი სხვადასხვა წესის შემოღების საფუძველი ხდება.ასე მაგალითად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სარგებლის მიღების კერძო ინტერესს საკმაოდ ხშირად თან სდევს გარემოს საკმაოდ სერიოზული დაზიანება. ასე რომ, შეიქმნა სხვადასხვა კანონი გარემოს დაბინძურების შესახებ, ამან კი მოტივაციის შეცვლა განაპირობა. მეწარმეს კვლავ შეუძლია მოგების მიღებაზე იმუშაოს, მხოლოდ ეს გარემოსათვის უვნებელი გზებით უნდა გააკეთოს. ჩვენ შემოვიღეთ რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო ადგილის უსაფრთხოებასთან, ბავშვთა შრომასთან, გაკოტრებასთან და ა.შ. ეს ყველაფერი კი გამიზნულია სოციალურად დესტრუქციული ქმედების შესაზღუდავად და კონსტრუქციული საქმიანობის ხელშესაწყობად.

შეერთებული შტატები არ გახლდათ მხოლოდ დემოკრატიის ექსპერიმენტი, რომელსაც რუსოს მსგავსი ფილოსოფოსები აკვირდებოდნენ, ადამ სმიტისათვის ის ამავდროულად კაპიტალიზმის ექსპერიმენტიც იყო. მისი ცნობილი წიგნი „ერთა სიმდიდრე” დამოუკიდებლობის გამოცხადების წელს, 1776-ში, დაიბეჭდა.

„კაპიტალიზმს” აქვს ელემენტები კოდური სახელწოდებით „თავისუფალი ბაზარი” ან „ჩაურევლობა”. ეს მახასიათებლები დაკავშირებულია კომპლექსურ, ძალიან რთულ იდეებთან, რომელთა სრულად აღწერისათვის ათიათასობით სიტყვა იქნებოდა საჭირო. მათი მნიშვნელობა არ უნდა იყოს გაგებული, როგორც „ყველაფერი ნებადართულია” ან „აკეთეთ, რაც გსურთ”. კაპიტალიზმი წესთა სისტემაა, რომელიც იმგვარადაა აწყობილი, რომ გარკვეული სასარგებლო შედეგი მივიღოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროცესის მონაწილეებს საზოგადოების მდგომარეობა არ აწუხებთ. თვითონ სისტემაა სარგებელი.

უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბევრმა გაიგო და მხარი დაუჭირა კაპიტალიზმის სასარგებლო პრინციპებს. მრავალ კორპორაციულ ლიდერს სურდა წესების მიხედვით ემოქმედა, რადგანაც ესმოდა, რომ ეს ყველას სარგებელს მოუტანდა. ისინი არ ცდილობდნენ თავიანთი საქმიანობა მიემართათ ამ სისტემის შესასუსტებლად, რომელმაც ამერიკის ყველა სოციალურ ფენას მისცა გამდიდრების შანსი.

თუმცა წესები ვინმემ უნდა შექმნას. ტექნიკურად ამას კონგრესი აკეთებს – ჯგუფი, რომელიც დღეს არც თავისი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობითაა გამორჩეული და არც კაპიტალისტური პრინციპების ცოდნით. თეორიულად კონგრესის სასარგებლო თვისებები და მაღალი იდეალები საარჩევნო პროცესს უნდა უზრუნველეყო. ამომრჩეველს ისინი უნდა აერჩია, ვისაც საზოგადოების ინტერესები ყველაზე მეტად ადარდებს. თუმცა სისტემა შესაძლოა კორუმპირებული იყოს და ცხადია, რომ დღეს ის არ მუშაობს.

ამერიკული სისტემის წყობა დემოკრატიასთან მხოლოდ მიახლოებულია და არ შეიცავს, მაგალითად, შვეიცარიის მსგავს პირდაპირი შეთავაზებისა და სარეფერენდუმო სისტემებს, სადაც ამომრჩეველს პირადად შეუძლია გადაწყვიტოს კანონპროექტის ბედი. ბოლოს როდის მიეცით ხმა ომის საკითხს? (ნუ ღელავთ – ეს კონგრესსაც არ გაუკეთებია). პოლიტიკოსებს დაპირებების მოცემა შეუძლიათ, ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ კი სულ სხვა რამეს აკეთებენ. ორივე პარტიისგან ყოველთვის ერთი და იგივე „ცვლილებისა” და „იმედის” რიტორიკა გვესმის, თუმცა არასდროს არაფერი იცვლება.

დღეს წარმოუდგენელი პრივილეგიებით სარგებლობენ ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებისათვის არაფერი გაუკეთებიათ და რომელთა საქმიანობაც, განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში, ნებისმიერი გონივრული საზომის მიხედვით, დამანგრეველი იყო. ეს განსაკუთრებით შეინიშნება ფინანსურ სისტემაში, რომელიც გადასახადების გადამხდელთა ფონდებიდან მილიარდობით დოლარს ხარჯავს (ამას ისინი „გადარჩენას” უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში ეს, უბრალოდ, ძარცვაა) მას მერეც კი, რაც უდიდესი როლი ითამაშა დღევანდელი ეკონომიკური პრობლემების წარმოქმნაში. ადრეული 1990-იანი წლების სადეპოზიტო და საკრედიტო კრიზისის დროს ორი ათასზე მეტი ბანკის აღმასრულებელი ციხეში მოხვდა. სოციალურად დესტრუქციული ქმედება დაისაჯა. დღევანდელი, გაცილებით დიდი და ფართო კრიზისის დროს კი არავინ ისჯება; ისინი კიდევ უფრო მეტ ფულს იღებენ.

MF Global-ის გენერალური აღმასრულებელი ჯონ კორზინიც კი, რომელმაც ცალსახად დაარღვია კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ, დღეს თავისუფლად დადის. 2005 წელს, როდესაც ფიუჩერს-ბროკერი Refco გაკოტრდა, მისი პრეზიდენტი ფილიპ ბენეტი ანალოგიური კანონდარღვევებისათვის გაასამართლეს. 2008 წელს ბენეტს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა (Refco მოგვიანებით MF Global-ის ბირთვად იქცა).

მიუხედავად იმისა, რომ MF Global ფიუჩერსული საბროკერო კომპანიაა, მისი საქმე, ნაცვლად გაკოტრების კანონის მე-7 თავის მე-4 ქვეპუნქტისა, რომელიც ფიუჩერს-ბროკერულ საქმიანობას მიესადაგება, განიხილება იმავე თავის მე-3 ქვეპუნქტით, რომელიც კაპიტალის ბროკერობას ეხება. რატომ? იმიტომ რომ ეს იმ მსხვილი და მნიშვნელოვანი ბანკების ინტერესებში შედის, რომლებსაც ასეთი რამის ყიდვა შეუძლიათ. დღესდღეობით კანონი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ძარცვა.

ეს თვალსაჩინო მაგალითია არა მხოლოდ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის, არამედ ყველა იმ სუბიექტისათვის, რომლებიც საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტში ცდილობენ სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვებას: შეგიძლიათ დაარღვიოთ არსებული წესები, მოიპაროთ და არავინ დაისჯება.

დღეს კაპიტალიზმის ტრადიციული პრინციპების დაცვა სიბრიყვესთან ასოცირდება. კაპიტალიზმი რთული თამაშია. წარუმატებლობის რისკი საკმაოდ მაღალია. მოგება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედარებით მცირეა. გასაკვირი არაა, რომ წარმატებულები დიდ პატივისცემას იმსახურებენ. American Airlines, General Motors და Kodak ათწლეულების განმავლობაში ფართომასშტაბიან სასარგებლო საქმიანობას ეწეოდნენ და ასიათასობით ადამიანს ასაქმებდნენ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ვერ აკმაყოფილებდნენ კაპიტალიზმის რთულ სტანდარტებს.

მოპარვა გაცილებით ადვილია. რისკი მცირეა, მოგება კი ძალიან დიდი. კონკურენცია საერთოდ არ არსებობს. თანამშრომლებიც კი არ გჭირდებათ, უბრალოდ მოისყიდით კონგრესმენს და ფულს ჯიბეში ჩაიდებთ.

ეს მხოლოდ საფინანსო სექტორს როდი ეხება. დღესდღეობით წარმატებული დაწესებულებები მთავრობის გარკვეული მფარველობით სარგებლობენ: თავდაცვის კონტრაქტორები და სამხედრო სფერო, განათლებისა და ჯანდაცვის კარტელები, მთავრობის წევრები და მათი აბსურდული საკომპენსაციო გეგმები… კონკურენცია დაბალია, მოგების მარჟა ძალიან დიდი. რატომ ვაგრძელებთ ნავთობით (ან ჰეროინით) მდიდარ ქვეყნებთან ომს? თქვენ ძალიან კარგად იცით, რატომაც.

ყურადღებიანი დამკვირვებელი კარგად ხედავს, რომ მოტივაცია შეიცვალა. სოციალურად დესტრუქციული ქმედებები უფრო მეტად ანაზღაურებადია, ვიდრე საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობა. მთავრობის მიერ ხელშეწყობილი კარტელური გარიგებები და გადასახადების გადამხდელთა ძარცვა უფრო სარფიანია, ვიდრე რთულ კაპიტალისტურ ბაზარზე პროდუქტებისა თუ მომსახურების გაყიდვა. საზოგადოება უახლოვდება სახიფათო გარდამტეხ მომენტს, როდესაც არსებული მოტივაციის კვალდაკვალ, ყველაზე ნიჭიერი და ენერგიული ადამიანების ძალისხმევა და ამბიციები სოციალურად დესტრუქციული ქმედებებისკენ იქნება მიმართული.

გაუპატიურება, ქურდობა, ძარცვა და დამონება დაბრუნდა! დღეს ეს შედარებით მსუბუქი ფორმებით ხდება, თუ თქვენ ნავთობის დიდ მარაგებზე მცხოვრები მუსლიმანი არ ხართ. მსხვერპლის მუდმივად მორჩილ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის ეს მსუბუქი ფორმები ხშირად გამოიყენება, რადგანაც ის ზუსტად ვერ აცნობიერებს, რასთან აქვს საქმე. თუმცა საბოლოო ჯამში ეს ერთი და იგივეა.

ნორმალური ბიზნესი სულ უფრო ნაკლებად სარფიანი ხდება. განსაკუთრებით მცირე ბიზნესმენები იჩაგრებიან. გადასახადები ძალიან მაღალია, რეგულაციები კი საკმაოდ მკაცრი. მთავრობის მფარველობით მოსარგებლე კარტელებისათვის კონკურენციის გაწევა რთულია, მონეტარული არასტაბილურობა კი ქრონიკული. ეკონომიკა უარესდება და მისი გამოსწორების იმედი ძალიან მცირეა.

სანამ სოციალურად დესტრუქციული ქმედება უფრო მოგებიანია, ვიდრე სოციალურად კონსტრუქციული საქმიანობა, სიტუაცია გაუარესდება. შესაძლოა ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. XVII საუკუნის ესპანეთში მთავრობამ საშუალო ფენის მეწარმეებისა და ვაჭრების ყოფა გაუსაძლისი გახადა, მაშინ, როცა არისტოკრატული, სამხედრო და სახელისუფლებო პარაზიტული კლასები იზრდებოდა და ვითარდებოდა. დაბალი რანგის არისტოკრატის სტატუსის მისაღებად ვაჭრები დიდ ფულს უხდიდნენ ხელისუფლებას, ეხმარებოდნენ სახელმწიფო ობლიგაციებს, სწავლობდნენ სამეფო კარის ეტიკეტს, რათა გზა გაეკვალათ მონარქის კალთისკენ და თავს არიდებდნენ ბიზნესის უსიამოვნებებს. მუშები სახელმწიფო სამსახურის „უსაფრთხო, სტაბილურ” ადგილებს აწყდებოდნენ. პარაზიტი ჭამს მასპინძელ სხეულს და იმპერიაც დაინგრა.

დაღმასვლა საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა, სანამ 1701 წელს სამეფო ტახტის გადაცემასთან დაკავშირებული უცნაური შემთხვევითობის წყალობით, საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის შვილიშვილი, რომელიც ესპანურად ვერც კი ლაპარაკობდა, ესპანეთის მეფედ არ აკურთხეს. მან თან წაიყვანა ფრანგი მრჩევლები, რომლებმაც კორუმპირებული მმართველი წრე მთლიანად გაწმინდეს, ადმინისტრაცია ფრანგული მოდელის მიხედვით გადააკეთეს და შედეგად, აღორძინებაც დაიწყო.
ერთ დროს ესპანელებს მსოფლიოს უდიდესი იმპერია ჰქონდათ. ის კალიფორნიიდან ფილიპინებამდე იყო გადაჭიმული. დღეს, ესპანეთის დიდებიდან ხუთი საუკუნის გასვლის შემდეგ, ეს ქვეყანა ბრიტანელი და გერმანელი ტურისტების დასასვენებელი ადგილია – თუ სწრაფად მზარდი უმუშევრობა და მოსალოდნელი სახელმწიფო დეფოლტი ქვეყანას ამ ფუნქციასაც არ დაუკარგავს.

ამჟამად ამერიკელი კონსერვატორები ცდილობენ შეინარჩუნონ არსებული სტატუს კვო, მიუხედავად მზარდი კორუფციისა და ხრწნისა. ლიბერალებს, როგორც ჩანს, იმის უნარიც არ შესწევთ, ლოგიკურად გადმოსცენ საქმის არსი და მიმართავენ ასი წლის წინანდელ ბანალურ მსჯელობას, რომელიც პოლიტიკური დიალოგის შარჟს უფრო წააგავს.

არსებობს მოსაზრება, რომ დღეს „კაპიტალიზმის კრიზისს” განვიცდით. მე ვამბობ, რომ ჩვენ განვიცდით იმას, რაც მოჰყვება კაპიტალიზმის არარსებობას იმ ეთიკური ფორმით, რასაც ადამ სმიტი გულისხმობდა. ჩვენ ქურდობის, ძარცვისა და პარაზიტობისაკენ გვაქვს გეზი აღებული, რაც შორს დგას კაპიტალიზმისაგან, რომელიც სასარგებლო პროდუქტებისა და მომსახურების შექმნას გულისხმობს. ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც ოდნავ მაინც დაფიქრებულა ამ საკითხზე, ცხადია, საით მივყავართ ამ გზას.

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *