საქართველოს შინამეურნეობების 37,9% ინტერნეტს არ იყენებს, – სტატისტიკის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტი გამოკითხული შინამეურნეობების 60,5%-მა გამოიყენა, ხოლო 3 თვეზე მეტი ხნის წინ კი 1,6%-მა.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტს კაცები უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე ქალები, – თუკი ბოლო სამ თვეში ინტერნეტი კაცების 62,1%-ს აქვს გამოყენებული, ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 59,1%-ია. ასევე ინტერნეტს გამოკითხული რესპოდენტი კაცების 36,2% არ იყენეებს, ხოლო ქლების 39,4%.
თუკი ქალაქში ინტერნეტს არასდროს მოსახლეობის 27,1% იყენებს, სოფლად ეს მაჩვენებელი 52,8%-ია. ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 15-29 წლის მოსახლეობაშია, ხოლო ყველაზე დაბალი კი 60 წელზე უფროს მოსახლეობაში.
კვლევის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობა, – 92,1% ინტერნეტს სოციალური ქსელებით სარგებლობისთვის იყენებს. ონლაინ ახალი ამბებისა და ჟურნალების საკითხავად ინტერნეტს გამოკითხული რესპოდენტების 53,8% იყენებს, ხოლო ელექტრონული ფოსტით სარგებლობისთვის კი 53,8%. ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზანს ინტერნეტ აუდიო/ვიდეო კავშირი რესპოდენტების 71,5%-სთვის წარმოადგენს, ხოლო ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება 50,3%-სთვის. სამუშაოს ძიება ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზანი რესპოდენტების 21,3%-სთვისაა. ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა კი ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზანი რესპოდენტების 23,7%-სთვისაა.
კვლევის მიხედვით, იმ მოსახლეობის წილი, ვინც საანგარიშო პერიოდში, შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი/მომსახურება ინტერნეტის მეშვეობით 17,1%-ია. არსანიშნავია, რომ გასული წლის კვლევაში ეს მაჩვენებელი 19% იყო.
გამოკითხული ოჯახების 44,7%, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, მიზეზად მიმდინარე ხარჯების სიდიდეს ასახელებს, 32% აღჭურვილობის სიძვირეს, ხოლო 34% ამბობს, რომ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება სხვაგან აქვთ.
საქართველოში კომპიუტერი სახლში ოჯახების 65,1%-ს აქვს. აქედან კომპიუტერი თბილისის ოჯახების 82,1%-ს აქვს; კახეთის 45,7%-ს, აჭარის 77,1%-ს, სამცხე-ჯავახეთის 68%-ს, შიდა ქართლის 57%-ს, ქვემო ქართლის 57,9%-ს, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის 55,7%-ს, მცხეთა-მთიანეთის 57,6%-ს, გურიის 43%-ს და სამეგრელო-ზემო სვანეთის 50,3%-ს. ამასთან 6 წელზე უფროსი გამოკითხული რესპოდენტების 38,8% ინტერნეტს არასდროს იყენებს.
საქართველოში მობილურ ტელეფონს 6 წელზე უფროსი გამოკითხული რესპოდენტების 80,5% ფლობს. მობილური გამოკითხული კაცების 83,1%-ს და ქალების 78,2%-ს აქვს.
დატოვე კომენტარი