ქალისთვის აქსესუარების, სამკაულებისა და ტანისამოსის მიმართ სიყვარულზე მეტი შეიძლება იყოს მხოლოდ სიყვარული სხვა ადამიანის მიმართ. ასეთი კონცეფციით და $45-ათასიანი ინვესტიციით შეიქმნა პირველი ქართული მოდური ინტერნეტმაღაზია, რომლის ბრუნვა დღეისთვის $2 მილიონს აღწევს.
ერთ წელზე ცოტა მეტ დროში 27 წლის ნინო ელიავასთვის More is Love იმაზე ბევრად მზარდი და წარმატებული ბიზნესი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი წლისა და რამდენიმე თვის წინ იფიქრებდა, როდესაც რუსეთიდან დაბრუნდა, რათა საკუთარი ბიზნესი საქართველოში წამოეწყო.
საქართველოში არასოდეს უცხოვრია. მოსკოვში გაიზარდა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (МГИМО) ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის მენეჯმენტის განხრით მოგვიანებით მოდის სტრატეგიული მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამით გააგრძელა London College of Fashion-ში, რომლის დასრულების შემდეგ ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და გაუჩნდა სურვილი სწორედ აქ და არა სხვაგან, შეექმნა რამე იმ სფეროში, რომელიც უყვარდა და აინტერესებდა – მოდის სამყაროში.
“მინდოდა ისეთი რამ გამეკეთებინა, რომ საქართველო საერთაშორისო დონეზეც გაპიარებულიყო. საბოლოოდ, ასეთი კონცეფცია ჩამოვაყალიბეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, რომ საერთაშორისო ონლაინმაღაზია უნდა გაგვეკეთებინა, რომლის მეშვეობითაც შევძლებდით ქართველი თუ უცხოელი ახალგაზრდა დიზაინერების გაპიარებას ისე, რომ საინტერესო ყოფილიყო არა მარტო კლიენტებისთვის, არამედ პრესისა და მოდის კრიტიკოსებისთვისაც”, – იხსენებს More is Love-ის შექმნის წინაპირობებს ნინო ელიავა.
ფიქრობს, რომ წინასწარ ვერასდროს გეცოდინება, რა და როგორ მოხდება შენს ცხოვრებაში და ამის მაგალითად საკუთარი თავი მოჰყავს.
“5-6 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, მე საქართველოში ვიცხოვრებდი და აქ ვიმუშავებდი, არ დავიჯერებდი, რადგან მოსკოვში თავს მყარად და კომფორტულად ვგრძნობდი, რაც აქ მაშინ შეუძლებელი იყო: გაურკვეველი იყო, რა მიმართულებით წავიდოდა ქვეყანა. არც დღეს არის გარკვეული, მაგრამ დღეს ჩემთვის აქ შესაძლებელია ცხოვრება, მაშინ არ იყო შესაძლებელი”, – ამბობს ნინო ელიავა.
11 იანვარს ორი წელი შესრულდება, რაც More is Love სასტარტო რეჟიმში გაეშვა. ამ ხნის განმავლობაში ნინო ელიავა და მისი პარტნიორები საიტთან ერთად იზრდებოდნენ. თუკი თავიდან მხოლოდ ბიჟუტერიითა და სამკაულით დაიწყეს, ახლა საიტზე უკვე ტანსაცმელიც ხელმისაწვდომია, ფეხსაცმელიც და ჩანთებიც, ხოლო 30 ბრენდის ნაცვლად 100-მდე ბრენდია წარმოდგენილი.
“სახელის თაობაზე დიდხანს ვბჭობდით. ვიცოდით, რომ აუცილებლად საერთაშორისო სახელი უნდა ყოფილიყო, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში ადვილად წარმოსათქმელი და ადვილად ასაკრეფი იქნებოდა. ერთ-ერთმა ჩვენმა პარტნიორმა მოგვაწოდა ეს იდეა და ძალიან მოგვეწონა: ამაზე მეტი არის მხოლოდ სიყვარული, ანუ ჩვენს საიტზე მეტი”, – განმარტავს ნინო ელიავა.
ნინო ელიავას პარტნიორებთან ერთად არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. მათ შორის ონლაინგადახდების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებისაც.
“ჩვენამდე საქართველოში არ არსებობდა საიტი, რომელიც გაატარებდა უცხოურ საბანკო ბარათებს და ქართულ ბანკებს ამის გამოცდილება არ ჰქონდათ. შესაბამისად, პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენს კლიენტებს თანხას ლარში ვაჭრიდით, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, რეზიდენტს არ შეუძლია სხვა ვალუტაში აწარმოოს ანგარიშსწორება. თუმცა მალევე სხვა სქემა შევიმუშავეთ და დღეს ჩვენი საიტი უკვე Bank of America-ს გადახდების სისტემაზეა მიბმული, ანუ ნებისმიერი ბარათის მიღება შეგვიძლია დაწყებული Visa, MasterCard-ით, დამთავრებული Discovery-თა თუ საერთოდაც, PayPal-ით. Bank of America-თან მოლაპარაკება საკმაოდ რთული იყო, მაგრამ შევძელით და დღეს ჩვენი კლიენტების თანხები “საქართველოს ბანკში” ირიცხება, თუმცა პროცესინგის სისტემა ამერიკულია”, – განმარტავს ნინო ელიავა.
ამბობს, რომ არანაკლები პრობლემა იყო ლოგისტიკური საკითხების მოგვარება და კლიენტებისათვის შეკვეთების მიწოდების სისტემის შექმნა.
“ყოველთვის რთულია შექმნა ის, რაც არ არსებობს; როცა პრეცედენტი არ არის და პირველი ხარ, რადგან გზა არ არის გაკვალული. ნებისმიერ ქვეყანაში რთულია”, – ამბობს ნინო ელიავა და დასძენს, რომ More is Love-ის შეკვეთები ლოგისტიკურად საქართველოს ფოსტაზეა მიბმული EMS საფოსტო გზავნილების მეშვეობით.
ნინო ელიავასა და მის კომპანიონებს არანაკლები შრომა და ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვისაც, რომ ქართველი დიზაინერებისთვის მათ ნამუშევრებზე ფასწარმოქმნის პრინციპები ესწავლებინათ.
“საქართველოში ეს სისტემა ახლა მუშავდება – აქამდე არ იყო დადგენილი, რომ პროდუქტს ჰქონდა სამი ფასი: თვითღირებულება, საბითუმო და გასაყიდი ფასი. აქამდე თვითღირებულებიდან პირდაპირ გასაყიდ ფასზე გადადიოდა ბრენდების უმრავლესობა. ახლა ვცდილობთ ავუხსნათ, როგორ მუშაობს ეს; ავუხსნათ, რომ არ შეიძლება, ისინი ყიდდნენ საბითუმო ფასში”, – ამბობს ნინო ელიავა. პარტნიორებთან ერთად იგი არა მარტო ქართველი ახალგაზრდა დიზაინერების გაპიარებითა და გაყიდვით არის დაკავებული, არამედ ცდილობს, მთელი მსოფლიოდან მოიზიდოს ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერები, რომლებსაც მომავალი აქვთ და ისინი “სწორ გზაზე გაუშვას”.
თუკი დიზაინერი More is Love-ზეა განთავსებული, მას არა მხოლოდ სწორ გზაზე დაყენება, არამედ სხვა ტიპის PR-იც გარანტირებული აქვს. მაგალითად – გადაღებები, ბლოგერების მოსაზრებები, პრესის გამოხმაურება, ვინაიდან საიტის ხელმძღვანელობა აქტიურად ეკონტაქტება მათ, ვინც მოდის ინდუსტრიაში ტრენდებს ადგენს.
“ვუგზავნით საჩუქრებს ჩვენი კომპანიიდან, რომ გატესტონ; ნახონ, როგორი პროდუქციაა, როგორი ხარისხია, რამდენად საინტერესოა მოდის თვალსაზრისით”, – განმარტავს ნინო ელიავა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ნიჭიერი და საინტერესოა დიზაინერი; რამდენად აქვს საკუთარი, გამორჩეული ხედვა. მთავარია, პროდუქტი იყოს ჩაცმადი, ხარისხიანი და საინტერესო მიმართულების, დღევანდელი ტენდენციების გათვალისწინებით. ყველაზე მეტად მივესალმებით, როცა დიზაინერს აქვს თავისი touch”, – ამბობს მოდის ახალგაზრდა ანტრეპრენიორი, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოში მოდის სფეროს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს: ამიტომაც შექმნა საკუთარი კომპანია სწორედ აქ.
“ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია ამ თვალსაზრისით, რაც მეზობელ ქვეყნებში არ შეინიშნება, თუ არ ჩავთვლით რუსეთს, სადაც ხალხის კონცენტრაცია და მასშტაბებიც დიდია”, – ამბობს ნინო ელიავა და დასძენს: ქართველი დიზაინერების უნიკალურობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ისინი მოკლე დროში ძალიან პოპულარულები გახდნენ. მაგალითად, იმავე რუსეთში, რომელიც More is Love-ის გაყიდვებში პირველ ადგილს იკავებს; დიდ ბრიტანეთში, რომელიც მესამე ადგილზეა; ამერიკაში – რომელიც მეოთხე ადგილს იკავებს და ასე შემდეგ. საქართველო ამ ჩამონათვალში მეორეა და ქართველი მომხმარებლები, რა თქმა უნდა, პრივილეგირებულნი არიან, ვინაიდან უფრო მალე იღებენ შეკვეთებს და შვიდი დღის ვადაში მათი დაბრუნების, ან გაცვლის საშუალებაც აქვთ.
თუმცა ქართველი იქნება მომხმარებელი თუ უცხოელი, ერთი რამ ცხადია, მათ More is Love–თან უფრო ახლო ურთიერთობა სურთ.
“ახლა ვაკეთებთ ახალ ოფისს, ე.წ. შოურუმს კლიენტებისთვის საბურთალოს ქუჩაზე, რადგან ძალიან ხშირად აქვთ სურვილი, მოვიდნენ და მოიზომონ. თვის ბოლოს შოურუმი უკვე მზად იქნება და გადავალთ. ახლა რემონტს ვამთავრებთ და ძალიან ჩავერთე ინტერიერის დიზაინში. დიზაინერი არც აგვიყვანია, ერთობლივი ძალებით გავაკეთეთ და, მგონი, საინტერესო გამოდის – ეკლექტიკური სტილია, რადგან ბევრი სტილი ერწყმის ერთმანეთს”, – ამბობს ნინო ელიავა.
ძველი ავეჯის გადაკეთება – მისი გატაცებაა. ამ გატაცების ფონზე გასაკვირი არცაა, რომ სამომავლოდ More is Love-ს ახალი მიმართულება More is Love Home დაემატება. თუმცა ეს მინიმუმ ერთი წლის შემდგომი პერსპექტივაა. მანამდე არსებული საიტის დახვეწა, გამართვა და კლიენტთა მზარდი რაოდენობისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზებაა საჭირო, რისთვისაც არც ნინო ელიავა და არც მისი პარტნიორები, ანა მოქია და გიორგი დალაქიშვილი, ძალ-ღონეს არ იშურებენ.
“მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი მოგებიანია, ჯერჯერობით არც ერთ პარტნიორს დივიდენდი არ აგვიღია, რადგან გვსურს კომპანია მუდმივად იზრდებოდეს და მთელ დივიდენდებს უკან, ბრუნვაში ვდებთ”, – განმარტავს ნინო ელიავა და ამბობს, რომ წარმატების მიღწევაში ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის იმასაც, როგორი ადამიანები შეგხვდება გზად.
60-მდე ადამიანისაგან შემდგარი გუნდით ამ ეტაპზე ძალიან კმაყოფილია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულმა მათგანმა თითქმის ნულიდან დაიწყო, ვინაიდან ასეთ ბიზნესში გამოცდილების დაგროვება შეუძლებელი იყო, ბაზარზე მისი არარსებობის გამო.
“შეიძლება ითქვას, ტენდენციებსაც ვქმნით საქართველოში, რადგან ბევრი საიტი გაიხსნა ან იხსნება. შესაბამისად, ონლაინვაჭრობაც ვითარდება, რაც კარგია. რთულია, როცა მარტო ხარ, კონკურენცია უფრო გავითარებს”, – აღნიშნავს ნინო ელიავა ინტერვიუს დასასრულს, სანამ მას ფოტოგრაფს დავუთმობ ფოტოების გადასაღებად.
“სულ ქართველი დიზაინერები”, – სიამაყით განგვიცხადა მას შემდეგ, რაც თეთრი, ლურჯორნამენტებიანი პალტოთი და ლურჯი ფეხსაცმლით “გადასაღებ მოედანზე” დაბრუნებულმა ჩვენში საერთო აღტაცება გამოიწვია.
საუბარს ფოტოსესიის განმავლობაშიც ვაგრძელებთ: მიყვება, როგორ ჩაიარა EY-ს “წლის მეწარმის” ჟიურისთან გასაუბრებამ, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა. ნინო ელიავა More is Love-ის შექმნიდან ორი წლის თავზე საქართველოს “წლის მეწარმის” ტიტულის ერთ-ერთი პრეტენდენტია.
(გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს ნოემბრის ნომერში. ფოტო: ხათუნა ხუციშვილი).