ეროვნულ დღესთან დაკავშირებული მიმართვისას, ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ ქვეყნის გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინდოეთის მიზანი მომავალი 25 წლის განმავლობაში განვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა. როგორც თავად პრემიერი ამბობს, მიზნის მიღწევაში ინდოეთს ქვეყნის პოლიტიკა დაეხმარება, რომელიც შიდა წარმოების სიძლიერეს, თავდაცვისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს.
ბრიტანეთის კოლონიური მმართველობისგან დამოუკიდებლობის 75-ე წლისთავზე, მოდიმ ახალგაზრდებს „დიდი მიზნების“ განხორციელებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. „ჩვენ უნდა ვაქციოთ ინდოეთი განვითარებულ სახელმწიფოდ ჩვენსავე სიცოცხლეში, მომდევნო 25 წლის განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომლისთვისაც მთელი ძალისხმევით უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა პრემიერმა გამოსვლისას.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამჟამად, ინდოეთი დაბალი-საშუალო შემოსავლის ეკონომიკად კლასიფიცირდება. მსგავსი ტიპის ქვეყნებში მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე $1,086-დან $4,255-მდე მერყეობს. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი $13,205-ზე მეტია.
ინდოეთი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ეკონომიკაა, რომელიც, სავარაუდოდ, მიმდინარე ფისკალურ წელს 7%-ზე მეტით გაიზრდება. ცნობისთვის ფისკალური წელი 2023 წლის მარტში სრულდება. ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ინდოეთს 2050 წლისთვის მსოფლიოს მესამე ეკონომიკად გახდომის შესაძლებლობა აქვს. თუმცა, საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც ამ მონაცემებით დაახლოებით $2,100-ია, დიდი ალბათობით სხვა ქვეყნებთან შედარებით კვლავ დაბალი დარჩება.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ინდოეთი 1.4-მილიარდიანი მოსახლეობით, მომავალ წელს ჩინეთს გადაასწრებს და მსოფლიოში მოსახლეობის სიმრავლით უდიდესი სახელმწიფო გახდება.
დატოვე კომენტარი