მოდის ინდუსტრიის გიგანტები

მოდის ინდუსტრიის გიგანტები

დღეს მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია საფრანგეთში დაფუძნებული Louis Vuitton Moët Hennessy-ია, რომლის კაპიტალიზაცია $418 მილიარდს აჭარბებს. ამ მაჩვენებლით LVMH მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ჩამონათვალში 19-ე ადგილს იკავებს. ინდუსტრიის უმსხვილესი კონგლომერატის შემადგენლობაში ისეთი ცნობილი ბრენდები შედის, როგორებიცაა Louis Vuitton-ი, Dior-ი, Sephora, Moët & Chandon-ი, Hennessy, Tiffany & Co., Fendi, Bulgari, Givenchy და სხვა.

LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრანგი ბერნარ არნოა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქონების ღირებულებით ილონ მასკს გადაასწრო და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მოცემული დროისთვის არნო 209 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.

მოდის ინდუსტრიის მეორე მსხვილი წარმომადგენელი სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ამერიკული მწარმოებელი Nike-ია. ბოლო მონაცემებით, კომპანიის კაპიტალიზაცია თითქმის $154 მილიარდს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ჩამონათვალში 78-ე პოზიციაზე ათავსებს.

Nike-ი 1964 წელს ფილ ნაიტმა და ბილ ბაუერმანმა დააფუძნეს. კომპანიას 1971 წლამდე Blue Ribbon Sports-ი ერქვა, ამის შემდეგ კი ბერძნული ქალღმერთის სახელი დაერქვა. Nike-ი ფლობს ბრენდებს, Air Jordan-სა და Converse-ს.

მოდის ინდუსტრიის გიგანტებს შორის საბაზრო კაპიტალიზაციით მესამე ადგილს LVMH-ში შემავალი ფრანგული კომპანია Dior-ი იკავებს, $145 მილიარდით. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ჩამონათვალში 87-ე პოზიციაზეა.

Dior-ი ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა, კრისტიან დიორმა 1946 წელს დააფუძნა. 2023 წელს კომპანიის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ბერნარ არნოს შვილმა, დელფინ არნომ დაიკავა.

ინდუსტრიაში მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია ესპანეთში დაფუძნებული Inditex-ია, რომელიც ზოგად რეიტინგში 97-ე ადგილს იკავებს. მისი კაპიტალიზაცია მოცემული დროისთვის $134 მილიარდს მცირედით აჭარბებს. Inditex-ი ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა Zara, Massimo Dutti, Pull&Bear-ი, Bershka, Stradivarius-ი და სხვა.

Inditex-ი ამანისიო ორტეგამა და როსალია მერამ 1985 წელს დააფუძნეს. 2021 წლიდან კომპანიის გენერალური დირექტორი ოსკარ გარსია მასეირასია.

მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ხუთეულს ამერიკული TJX Companies-ი ასრულებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც ამჟამად $108 მილიარდს აღემატება. ამ მაჩვენებლით ის ზოგად რეიტინგში 133-ე პოზიციაზეა. TJX Companies-ის ქვეშ ოპერირებს მაღაზიათა ქსელები TJ Maxx-ი (ამერიკის შეერთებულ შტატებში) და TK Maxx-ი (ავსტრალიასა და ევროპაში), ასევე Marshalls-ი, HomeGoods-ი, HomeSense-ი და Sierra.

TJX Companies-ი ჩამოყალიბდა როგორც Zayre Corp.-ის შვილობილი კომპანია 1987 წელს. 1989 წელს, კომპანიის რეორგანიზაციის შემდეგ ის Zayre Corp.-ის მემკვიდრე გახდა.

აღსანიშნავია, რომ მოდის ინდუსტრიაში 100 მილიარდ აშშ დოლარს სხვა არცერთი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია არ აჭარბებს.