კლიენტები, რომლებსაც სურთ Tracking Point-ის Precision Guided Firearm-ის (მაღალი სიზუსტის ცეცხლსასროლი იარაღი) გამოცდა მისი შეძენის მიზნით, ხშირად აკითხავენ ჩეიზ სატონის გარე პოლიგონს, ტეხასის ჰილ-ქანთრიში. წვერებიანი სატონი, რომელიც 300 ფუნტს იწონის, ველური ბუნების ბიოლოგი, საფარის (აფრიკაში) გიდი, ძვირად ღირებული იარაღის გამყიდველად გადაიქცა. სატონის მიერ მხოლოდ 20-წუთიანი ლექციისა და დემონსტრირების ჩატარების შემდეგ, ჩვეულებრივი Joes-ები (სათამაშო ჯარისკაცების ფიგურები) G.I. Joes-ად (პოპულარულ ექშენ-ფიგურები აშშ-ში – პლასტმასის ჯარისკაცები) გადაიქცევიან ხოლმე. გაიხედეთ ტელესკოპურ სამიზნეში და მოძებნეთ პატარა თეთრი წერტილი (გადაკვეთის წერტილი) ნარინჯისფერ დისკზე 1000 იარდის მოშორებით. შემდეგ თითი დააჭირეთ წითელ ღილაკს, იარაღის სამიზნე სისტემის ჩასაკეტად, მოსხლიტეთ ჩახმახი და… არაფერი. იარაღი ცოტათი გავანძრიე და დამიზნებული წერტილიდან გადავაადგილე.
კიდევ ერთი მცდელობა და შაშხანა თვითონ ისვრის გაფრთხილების გარეშე, ოღონდ ზუსტად იმ მომენტში, როდესაც იდეალურ დამიზნებას აღწევს. ლითონის მკვეთრი ჩხაკუნი დარტყმას აფიქსირებს. “როგორც კი ამ იარაღს ვინმეს ხელში ააღებინებ, – ამბობს სატონი ფართო ღიმილით, – ის თვითონ ყიდის თავის თავს”.
მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. პირველ წელს, როდესაც TrackingPoint-ი გაიხსნა, სერიოზულმა გაუგებრობამ მას დიდი დარტყმა მიაყენა, უკან დახია და აურზაური ატეხა კომპანიის ხელმძღვანელობაში. ტეხასის ქალაქ პფლუგერვილში მდებარე კომპანია აცხადებს, რომ ამჟამად ყველა პრობლემა მოგვარებულია. “ნდობა და სიზუსტე ის თვისებებია, რომლებიც ამ კომპანიას ახასიათებს”, – ამბობს გენერალური დირექტორის მოვალეობების შემსრულებელი, 50 წლის ჯონ ლუპერი, რომელიც ამ თანამდებობაზე ნოემბერში დანიშნეს. მას, როგორც ამ შაშხანის ერთ-ერთ შემქმნელს, ეს თამაშიც უნდა ეთამაშა და მოეგო… ან წაეგო.
კომპანიის დამფუძნებლის, ჯონ მაკჰეილისგან, მისი მეგობრებისა და კომპანია Austin Ventures-ისგან 35 მილიონი დოლარის დაფინანსებით ზურგგამაგრებულმა TrackingPoint-მა 2013 წელი წარმატებით დაიწყო. კომპანიამ იარაღის სამი ვერსია გამოიტანა გასაყიდად, რომელთა ფასი $22 500-სა და $27 500-ის ის ფარგლებში მერყეობდა. მათ შესახებ გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა მაშინვე პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტში. მნახველთა რიცხვმა მილიონს მიაღწია. ეს იყო ოთხი YouTube-ის კლიპი. პოპულარობის ასე სწრაფად მოპოვება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო იმ დახმარებით, რომელსაც ამ იარაღის გულშემატკივარი მდიდარი ბიჭები უწევდნენ კომპანიას. მათ ამ იარაღის შეძენის სურვილი ჰქონდათ (გუბერნატორი რიკ პერიც მისი დიდი ფანია); პოპულარობის ზრდას იარაღის მოწინააღმდეგე გაბრაზებული ბრბოს ემოციებმაც შეუწყო ხელი.
მაგრამ ამ საქმის დასაწყისი არცთუ ისე მშვიდი აღმოჩნდა. TrackingPoint-სთვის ძალზე რთული იყო გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებოდა მისი პროდუქციის მომხმარებელთა სამიზნე ჯგუფი – სამხედროები თუ მდიდარი ენთუზიასტები? ეს ყოყმანი და პროდუქტში არსებული ნაკლი აღმოჩნდა იმის მიზეზი, რომ გასულ წელს 7 მილიონი დოლარის შემოსავალზე კომპანიას ჰქონდა დანაკარგი, რომლის სიდიდე არ მჟღავნდება.
კომპანია TrackingPoint-ი შეიქმნა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის ნიადაგზე – ფაქტობრივად, მისი შექმნის ინიციატივა აცდენილი ნასროლით დაიწყო. 58 წლის მაკჰეილი დროს ნადირობაში ატარებდა, მას შემდეგ, რაც მან ოთხი მაღალსიჩქარიანი ქსელი და ინტერნეტკომპანიები ისეთ კომპანიებს მიჰყიდა, როგორიცაა Cisco და ძველი Compaq-ი. ხუთი წლის წინ, ტანზანიაში მოგზაურობისას, ის კვალში ჩაუდგა ტომსონის ქურციკს და 350 იარდზეც კი მიუახლოვდა მას. ტყვიის მოსახვედრად ეს საკმაოდ ახლო მანძილი იყო. “ჩემი ცენტრალური ნერვული სისტემა ხელს მიშლიდა, რომ იარაღი საკმარისად მყარად მჭეროდა ხელში”, – იხსენებს ის. ტყვია ააცილა და საფარიში არდადეგების დარჩენილი ნაწილი სულ ამაზე წუწუნში გაატარა. შინ დაბრუნებისთანავე ის იარაღის ტექნიკოსის სანახავად წავიდა ოსტინში.
ლუფერის ელექტრონული დიზაინის ფირმას შექმნილი ჰქონდა პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინი Siemens-ის საკაბელო ტელეფონების პირველი მოდელებისთვის და Motorola-ს DVR-ის (ციფრული ვიდეოჩამწერები) კოლოფისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მაკჰეილს ზეიარაღის შექმნა მხოლოდ იმ მიზნით სურდა, რომ თვითონ გამოეყენებინა, ლუფერმა შექმნა საპილოტე მოდელი (ლეპტოპთან მიერთებული Remington-ის სანადირო შაშხანა). მაგრამ იმდენად კარგი შედეგი მიიღეს, რომ ამ გამოგონებაში ორივემ ბიზნესის შესაძლებლობა დაინახა. ლუფერმა მიატოვა მაღაზია, 11 თანამშრომელი თან წაიყვანა და მაკჰეილთან ერთად ახალი ბიზნესი წამოიწყო იმ იმედით, რომ ყველა დანახარჯს აინაზღაურებდა, – “ჯონმა მილიარდ დოლარზე უფრო ძვირად ღირებული კომპანიები გაყიდა, რომლებიც მისი დაარსებული იყო”.
ამ იარაღის განმასხვავებელი ნიშნებია მისი სამიზნე და სასხლეტი მექანიზმები. TrackingPoint-ი არ აწარმოებს 300 Winchester Magnum-ის შაშხანას; ის აქ Surgeon Rifles of Prague-დან (ოკლაჰომა) ჩამოდის. სამიზნეს აქვს ლაზერული მანძილსაზომი, გიროსკოპები. აქსელერომეტრი ანუ ვიბრაციის ამსახველი და მაგნიტომეტრი ზომავენ იმას, თუ რამდენად ამოძრავებს მსროლელი იარაღს. გაიხედეთ გამადიდებელ 14,6-მეგაპიქსელიან კამერაში და როდესაც შეარჩევთ სამიზნეს, დააფიქსირეთ (მას აქვს როგორც სტაციონარული ფორმატი, ასევე მოძრავი ფორმატი) ან სხვა შემთხვევაში, ციფრული სიგნალის პროცესორი წამში 54-ჯერ ითვლის განტოლებას იმისათვის, რომ ცეცხლის გახსნისთვის საუკეთესო დრო იპოვოს. მასში ჩამონტაჟებული Linux-ზე დაფუძნებული Wi-Fi-ით კი შეგიძლიათ მიმდინარე ნადირობის პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია მოახდინოთ თქვენს iPad-ზე.
მაგრამ ისმის კითხვა: ვინ იყიდის ასეთ დახვეწილ და ძვირად ღირებულ სათამაშოს? “ჩვენ ზუსტად არ ვიცოდით, სად უნდა ყოფილიყო ამ ტექნოლოგიის ბაზარი”, – ამბობს ლუფერი. ფორტ ბენინგში განლაგებული ჯარისთვის ჩატარებულმა პრეზენტაციამ გარკვეული ინტერესი აღძრა. აშშ-ის არმიას აქვს არშესრულებული შეკვეთა რამდენიმე შაშხანაზე (სამხედროებმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე), მაგრამ რადგან პენტაგონმა უსასრულოდ გააჭიანურა მოფიქრების დრო, TrackingPoint-მა გადაწყვიტა, რომ მყიდველები ყველგან მოეძებნა, განსაკუთრებით კი მონადირეთა 13,7-მილიონიან კონტინგენტში.
ბევრმა ეს თოფი ვიდეოკლიპების, იარაღის შესახებ ბლოგებისა და წამყვანი მსოფლიო გამოცემების საშუალებით აღმოაჩინა. იარაღის ამ ხაზისთვის რეკლამის გასაკეთებლად TrackingPoint-ის სამმა გამყიდველმა სპეციალური საპრეზენტაციო ტური ჩაატარა იარაღისა და საფარის კლუბებში მთელი ტეხასის გარშემო (რომელშიც 10 მილიონი ოჯახიდან ნახევარი ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელია) და ლას-ვეგასში, რომლის დროსაც სასროლო შოუ მოაწყო. მათ ასევე მოაწყვეს ამ იარაღისთვის მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება Nascar-ის მაგნატის, რიჩარდ ჩილდრესის ვენახში. სხვა სახის სარეკლამო ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელი იყო, რადგან, მაგალითად, Google-ი არასოდეს დადებს ცეცხლსასროლი იარაღის რეკლამას მის AdWords-ის პროგრამაში.
დაინტერესებული მომხმარებელი იწყებს ინტერნეტში განთავსებული ანკეტის შევსებას. უკვე 2000 კაცმა შეიტანა განაცხადი, რაც აშშ-ის $4 მილიარდიანი კომერციული იარაღისა და საბრძოლო მასალის ინდუსტრიის უმცირესი ნაწილია. განმცხადებლების დაახლოებით ნახევარს განიხილავენ მას შემდეგ, რაც Google-სა და Trulia-ს თანამშრომლები იპოვიან ინფორმაციას მომავალი კლიენტების შესახებ და კვლადაკვალ მიჰყვებიან მათ საზოგადოებრივი ჩანაწერების მეშვეობით. “თუ ვინმეს აქვს 600 000-დოლარიანი სახლი და BMW, ისინი კარგი კანდიდატები არიან”, – ამბობს სატონი. ნაკლებად მდიდარ მყიდველებს მონაცემთა ბაზაში ათავსებენ უფრო მოგვიანებით განსახილველად, როდესაც TrackingPoint-ი შესთავაზებს უფრო იაფფასიან მოდელებს. მყიდველის მიერ საფასურის გადახდის შემდეგ კომპანია ახორციელებს ინფორმაციის შემოწმებას და იარაღს ლიცენზირებულ დილერთან გზავნის კლიენტისთვის მისაწოდებლად.
შარშან, შემოდგომაზე, იარაღთან დაკავშირებით პრობლემებმა იჩინეს თავი, როდესაც კლიენტებმა საკუთარი უკმაყოფილების ამსახველი ვიდეოები გამოუგზავნეს კომპანიას. უმეტესობა, უკიდურესად ცხელი და უკიდურესად ცივი რეგიონებიდან, სიზუსტესთან დაკავშირებულ მარცხს უჩიოდა. კომპანიის გენერალურ დირექტორად დანიშვნიდან მხოლოდ ექვსი თვის თავზე, იასონ შობლი, Remington-ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც მაკჰეილმა შეარჩია ამ თანამდებობისთვის, სამსახურიდან დაითხოვეს და ის ლუფერმა შეცვალა. მან განაახლა სუფთა ოთახი და ინსტრუქცია ჩაუტარა დიზაინერებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეესწორებინათ ოპტიკური სისტემა სხვადასხვა პრიზმის დამატებით, რომლებიც უფრო მაღალ ტემპერატურულ სტაბილურობას იძლეოდნენ შედეგად. ამით, როგორც ჩანს, გადაიჭრა ეს პრობლემა. ახლა, სანამ კლიენტს გაუგზავნიან, ყოველი 20 პროდუქტიდან ერთს ამოწმებენ, მაშინ, როდესაც ადრე ყოველი 100-დან მხოლოდ ერთი მოწმდებოდა.
მომავალში რა გეგმები აქვთ? ვან ჰესტი, რომელიც პროდუქტის შემუშავებას უწევს ზედამხედველობას, დებიუტირებას უკეთებს კომპიუტერული მართვის მქონე, შედარებით დაბალფასიან ნახევრად ავტომატურ შაშხანას. იდეალური მომხმარებელი: ირემსა და მცირე ზომის მღრღნელებზე მონადირეები. მაგრამ Amazon-ის უმაღლესი საიდუმლო პროექტების ლაბორატორიებიდან მოსულ ჰესტის კიდევ ერთი მომავლის კონცეფცია აქვს. მის ოფისში ინახება დისტანციურად მართვადი თვითმოძრავი ხელსაწყო, რაც შესაძლოა, საფრენი აპარატების ხელსაწყოს საფუძველი იყოს, რომელსაც შეუძლია თამაშის ვიდეოჩანაწერი ქვემოთ, დედამიწაზე მონადირის iPad-ზე გადასცეს.
მთელი ეს ფუტურისტული მასალა შესანიშნავია, მაგრამ პირველ რიგში, TrackingPoint-მა არაფრით არ უნდა დაუშვას, რომ იარაღმა უმტყუნოს.
დატოვე კომენტარი