როგორ გიბიძგებთ საერთაშორისო მოგზაურობა ახლებური აზროვნებისაკენ.
საზღვარგარეთ მოგზაურობით ბევრი რამის შეძენა შეიძლება: ახალი მეგობრების, ახალი გამოცდილების, ახალი ისტორიების.
უცხო ქვეყანაში ცხოვრებას ასევე ნაკლებადთვალშისაცემი სარგებელიც მოაქვს: ზოგი მეცნიერის მტკიცებით, საზღვარგარეთ ცხოვრებამ შესაძლოა ასევე უფრო კრეატიული გაგხადოთ.
მწერლები და მოაზროვნეები დიდი ხანია, აღიარებენ საერთაშორისო მოგზაურობის კრეატიულ სარგებელს. მაგალითად, თავისი ნაწარმოებების უმეტესობის დაწერა ერნესტ ჰემინგუეის ესპანეთსა და საფრანგეთში გატარებულმა დრომ შთააგონა.. „მამაცი ახალი სამყაროს” ავტორი ოლდოს ჰაქსლი 40 წლის ასაკში დიდი ბრიტანეთიდან ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და სცენარების წერას მიჰყო ხელი. 1869 წელს მარკ ტვენმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გარშემო მოგზაურობის შემდეგ დაწერა თავისი სათავგადასავლო წიგნი „მიამიტები საზღვარგარეთ”. მწერალი ამტკიცებდა, რომ მოგზაურობა „ცრურწმენების, არატოლერანტურობისა და ვიწრო აზროვნების მომაკვდინებელი მტერია”.ბოლო წლებში ფსიქოლოგებმა და ნეირომეცნიერებმა დაიწყეს იმის სიღრმისეული შესწავლა, რაც აქამდე ყველამ მხოლოდ გადმოცემით იცოდა: შესაძლოა, საზღვარგარეთ გატარებულმა დრომ ფსიქოლოგიური ცვლილებები გამოიწვიოს. ზოგადად კრეატიულობა პირდაპირ უკავშირდებანეიროპლასტიკურობას, ანუ ტვინის უნარს,შეიცვალოს გამოცდილებისა და განცდის მიხედვით. გარემო და ჩვევა ასევე ახდენს გავლენას ნერვულ დაბოლოებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მიდრეკილი არიან ცვლილებისაკენ: ახალი ხმები, არომატი, ენა, გემო, შეგრძნებები და სანახაობები ტვინში ახალ სინაფსებს წარმოქმნიან და ტვინს გამოცოცხლებისაკენ უბიძგებენ. „უცხოეთში მიღებული გამოცდილება ზრდის როგორც კოგნიტურ მოქნილობას, ასევე ხელს უწყობს სიღრმისეულ და ინტეგრირებულ აზროვნებას, რაც გამოიხატება ტვინის უნარში, ერთმანეთს დაუკავშიროს სრულიად განსხვავებული ფორმები”, – ამბობს ადამ გალინსკი, კოლუმბიის ბიზნესსკოლის პროფესორი და არაერთი მეცნიერული ნაშრომის ავტორი, რომელიც ეძღვნება კრეატიულობასა და მოგზაურობას შორის კავშირის დადგენას. „კოგნიტური მოქნილობა არის ტვინის უნარი, გადახტეს ერთი იდეიდან მეორე სრულიად განსხვავებულზე და ასე შემდეგ. ეს კი კრეატიული აზროვნების მთავარი კომპონენტია. მაგრამ აქ გადამწყვეტი საზღვარგარეთ ყოფნა კი არ არის, ამბობს გალინსკი: „ყველაზე მთავარი პროცესი, რომელიც ამ დროს მიმდინარეობს, არის მულტიკულტურული ჩართულობა, ადაპტაცია. მათ, ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობენ და არ ცდილობენ ადგილობრივ კულტურასთან დაახლოებას, ნაკლებად ემუქრებათ შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავება, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობისას ცდილობენ ადგილობრივ გარემოსთან დაახლოებასა და ჩართულობას”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაზაფხულზე კანკუნზე გატარებული ერთკვირიანი შვებულება ნაკლებად აქცევს ადამიანს უფრო კრეატიულად, მაგრამ კანკუნში გამგზავრებამ და ადგილობრივ მეთევზეებთან ერთად ცხოვრებამ შესაძლოა, მართლაც უბიძგოს თქვენს ტვინს მეტი კრეატიულობისკენ.
გასულ თვეს Academy of Manage¬ment Journal-ში დაიბეჭდა გალინსკისა და კიდევ სამი მკვლევრის ერთობლივი ნაშრომი, სადაც აღწერილია 270 წამყვანი მოდის სახლის კრეატიულ დირექტორთა გამოცდილებები.გალინსკიმ და მისმა გუნდმა შეისწავლეს სხვადასხვა მოდის სახლში მათი მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება და შეეცადნენ, დაედგინათ კავშირი შემოქმედებითი დირექტორების საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილებასა და მათი მოდის სახლების მიერ შექმნილ „კრეატიულ ინოვაციებს”შორის. ასევე რამდენად ინოვაციური და გამოსადეგი იყომათ მიერ შექმნილი პროდუქცია და სერვისები გარე აუდიტორიის გადმოსახედიდან”. მოცემული პროდუქტის კრეატიულობის დონეს აფასებდნენ მოდის სფეროში მომუშავე ჟურნალისტები და რიგითი მომხმარებლები. მკვლევრებმა მართლაც აღმოაჩინეს აშკარა კავშირი უცხოეთში გატარებულ დროსა და კრეატიულ პროდუქციას შორის: ბრენდები, რომელთა სათავეში მდგომიშემოქმედებითი დირექტორები საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, უფრო მეტად აწარმოებენ კრეატიულ მოდურ ხაზებს, ვიდრე ის ბრენდები, რომელთა დირექტორებიც უცხოეთშიარ მოგზაურობდნენ.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო მეტს მოგზაურობდნენ აღნიშნული ბრენდების შემოქმედებითი დირექტორები, მით უფრო კრეატიული იყო მათ მიერ შექმნილი პროდუქცია – მაგრამ ესეც გარკვეულ მომენტამდე. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც სამზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობდა და მუშაობდა, უფრო მეტ კრეატიულობას ავლენენ, ვიდრე ისინი, ვისაც საერთოდ არ უცხოვრია საზღვარგარეთ. სამაგიეროდ, ასეთი ადამიანები მათზე ნაკლებკრეატიული არიან, ვინც სამზე ნაკლებ ქვეყანაში მუშაობდა. კვლევის ავტორები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ბევრ ქვეყანაში მცხოვრებ შემოქმედებით დირექტორებს არ ჰქონდათ საშუალება, სათანადოდ გაეთავისათ ამ ქვეყნების კულტურა, რადგან ხშირად ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გამგზავრება უწევდათ. „შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს იმ იდეას, რომ მოგზაურობასა და კრეატიულობას შორის კავშირი უფრო საგრძნობია, როდესაც მოგზაურობაში იგულისხმება ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებთან უფრო სიღრმისეული დაახლოება”, – ამბობს გალინსკი.
ასევე დიდ როლს ასრულებს ის გარემოება, თუ რამდენად განსხვავებულია საკუთარი ქვეყნის კულტურა იმ ქვეყნის კულტურისაგან, სადაც თქვენ მოგზაურობთ: რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გალინსკიმ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ სრულიად განსხვავებული კულტურის მქონე გარემოში ცხოვრება უფრო ნაკლებ კრეატიულობასთან ასოცირდება, ვიდრე უფრო ნაცნობ კულტურულ გარემოში ცხოვრება. მათი ვარაუდით, ეს მოვლენა შეიძლება აიხსნას იმით, რომ კარდინალურად განსხვავებული კულტურა უფრო დიდ შიშის ფაქტორს წარმოშობს, რაც ხელს უშლის ადამიანებს ამ კულტურასთან მეტად დაახლოებაში. ხოლო უცხო ქვეყნის კულტურასთან არდაახლოებაიმას ნიშნავს, რომ იქ ცხოვრების გამოცდილება არანაირ კოგნიტურ ცვლილებებს არ გამოიწვევს.
მოგზაურობა სხვა სახის გონებრივ სარგებლობასთანაც არის ასოცირებული. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის განათლებისა და ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი მერი ელენ იმორდინო-იანგი ამბობს, რომ სხვადასხვა კულტურასთან ზიარებისგამოცდილება შესაძლოა პიროვნებას საკუთარი იდენტობის გაძლიერებაში დაეხმაროს. „არაერთმა ფსიქოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა ბექგრაუნდის ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებისა და ასევე საკუთარი სოციალური კომფორტის ზონიდან გასვლის უნარი თქვენ გეხმარებათ საკუთარი მეობის შეგრძნების განმტკიცებაში, – ამბობს იგი. – ჩვენი უნარი,განვასხვაოთ საკუთარი რწმენა და ღირებულებები პირდაპირ კავშირშია ჩვენი კულტურული გამოცდილების მრავალფეროვნებასთან”.
კულტურათაშორისი გამოცდილების წყალობით ადამიანი ახერხებს საკუთარი კულტურის მიღმა უფრო იოლად დაამყაროს კავშირი განსხვავებული წარმომავლობისა და კულტურის ადამიანებთან. „ჩატარებული კვლევის შედეგად ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სხვა ქვეყნებში მოგზაურობის გამოცდილება ზრდის ადამიანის ზოგად ნდობას კაცობრიობის მიმართ, – ამბობს გალინსკი. – უცხო კულტურასთან ზიარების დროს ჩვენ ვიძენთ განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილებას და ვაცნობიერებთ, რომ ადამიანთა უმეტესობა გეპყრობათ ისევე, როგორც საკუთარი კულტურის წარმომადგენლები”.
ამგვარი ნდობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრეატიული ფუნქციის გაძლიერებაში. 2012 წელს ტელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევრებმააღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომელთაც სჯერათ, რომ სხვა რასობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს განსხვავებული ესენციალისტური შეხედულებები და რწმენა აქვთ, უფრო მწირი კრეატიული აზროვნება ახასიათებთ, ვიდრე იმ ადამიანებს, რომელთაც სჯერათ, რომ კულტურული და რასობრივი დაყოფა არის არბიტრალური.
„ასეთ კატეგორიულ აზროვნებას მივყავართ ტიპურ ვიწროაზროვნებამდე, რომელიც სოციალურ სივრცეში დომინირებს და კრეატიულობას აფერხებს”, – წერენ ჩატარებული კვლევის ავტორები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანებს, რომლებიც სხვებს „ყუთში ათავსებენ”, თავადაც უჭირთ ამ ყუთის გარეთ აზროვნება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალ ქვეყანაში გამგზავრება ყველაზე მარტივი გზაა „სოციალური კომფორტის ზონიდან” გასასვლელად, სულაც არ არის აუცილებელი, რომ კოგნიტურ ცვლილებებთან დაკავშირებული კულტურული ჩართულობასაზღვარგარეთ მოხდეს.თუკი ავიაბილეთის შეძენას ვერ ახერხებთ, სცადეთ მეტროთი ახალ უბანში გასეირნება. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგჯერ კრეატიული მუხტისთვის უბრალოდ ახალი კულტურული გარემოც საკმარისია.
დატოვე კომენტარი